„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან..." - კვირის პალიტრა

„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან..."

ტრაგედია დატრიალდა რუსთავში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. როგორ მოგვიანებით გაირკვა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის, თუმცა ოჯახის ახლობლების თქმით, ეს ტყუილია და მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის. მათივე თქმით, გარდაცვლილი ბიჭუნა ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და ბიძას ბავშვი უზომოდ უყვარდა.

„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

"მამაკაცი, რომელიც ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას)ზემოქმედების ქვეშ შემოიყვანეს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ვ.ი. კლინიკაში გუშინ თანმხლებმა პირებმა დაახლოებით 21:45 საათზე, მიიყვანეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების დროს ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა, კლინიკაში მიყვანის დროს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, უარყოფს ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთავაზება არ გაკერთბულა, ვინაიდან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა.

"პაციენტმა თანმხლებ პირებთან ერთად ჩვენს კლინიკას დაახლოებით 21:45 საათზე მომართა. ახლობლების გადმოცემით, ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების, სავარაუდოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ის პერიოდულად ხდებოდა აგრესიული და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს. შემოყვანის მომენტში მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე. ვინაიდან ნარკოლოგიური სერვისი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას, ჩვენ არანაირი ინსტრუმენტი არ გვქონდა მკურნალობისა და დიაგნოზის დადგენის, რადგან პაციენტმა უარი განაცხადა.

იხილეთ ასევე: "ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო"