შეიძლებოდა თუ არა რუსთავში მომხდარი შემზარავი მკვლელობის თავიდან აცილება - კვირის პალიტრა

შეიძლებოდა თუ არა რუსთავში მომხდარი შემზარავი მკვლელობის თავიდან აცილება

10 თებერვალს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 29 წლის ბიძამ 13 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

გოგიტა ირემაძე რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც ამბობენ, ის ნარკომომხმარებელიც იყო, რასაც ოჯახის ახლობლები უარყოფენ. მათი თქმით, ვალერი ირემაძეს ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

13 წლის ბიჭი ბაბუასა და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა.

"გოგიტა ჩემი ნათლული იყო. ბავშვის მშობლები გაშორებული არიან. დედა ცალკე ცხოვრობს, მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული.

ვალერი ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს, მაგრამ იქ არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3 000 ლარი მოსთხოვეს. ადგნენ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა", - ამბობს გოგიტა ირემაძის ნათლია ამირან ჯანჯღავა.

ნარკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე კი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულს მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა არ აღენიშნებოდა და მან სტაციონარში მოთავსებაზე უარი განაცხადა:

"მამაკაცი, რომელიც ძმისშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, მკვლელობის წინადღეს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ, მარიხუანას) ზემოქმედებით შემოიყვანეს. თანმხლები პირები ამბობდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო და აგრესიული, არაადეკვატური ქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა კლინიკაში მოყვანისას მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე.

ვინაიდან კანონმდებლობით ნარკოლოგიური სერვისი არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას, ჩვენ მკურნალობისა და დიაგნოზის დადგენის საშუალება არ გვქონდა".

ლაშა კილაძე უარყოფს ახლობლების გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3 000 ლარი მოსთხოვეს. ის ამბობს, რომ თანხაზე ლაპარაკი არ ყოფილა, რადგან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა.

კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ამ პირის მონაცემები ბაზაში არ არის და ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე არ არის.