"კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს? - კვირის პალიტრა

"კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს?

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

ერთ-ერთმა ტელევიზიამ "ფეისბუკში" buba lomtatidze-დ დარეგისტრირებულ პირთან ინტერვიუ აჩვენა, თუმცა სიუჟეტში, რესპონდენტის ნამდვილი გვარ-სახელი არ უხსენებიათ. ჩვენ ვცადეთ, მეტი გაგვეგო მასზე და ვინაობაც დავადგინეთ. გაირკვა, რომ პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან - სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

სომხური პრესის ინფორმაციით, შარშან, 31 მაისს სომხეთში 26 წლის ტაქსის მძღოლის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. დანაშაული ოპერატიულად გაიხსნა და 2018 წლის 4 ივნისს სომხეთის სასამართლომ მიიღო ურეკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების - 32 წლის დიმიტრი ანდრეევისა და მისი მეუღლის, 34 წლის სოფია თურმანიძის დაპატიმრების გადაწყვეტილება. ისინი ეჭვმიტანილი არიან ქალაქ გიუმრის მცხოვრები 26 წლის ტაქსის მძღოლის, ჟორა მარტიროსიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში.

მგზავრებმა ჟორა მარტიროსიანი ქვებით ჩაქოლეს. ცხედარი ისე იყო დასახიჩრებული, მისი ამოცნობა ახლობლებსაც გაუჭირდათ.

ირკვევა, რომ დიმიტრი ანდრეევი საქართველოში არაერთხელ ყოფილა ნასამართლევი. გაზეთმა "კვირის პალიტრა" ურეკში მიაგნო დიმიტრის ძმას, რომა ანდრეევს რომლის თქმითაც მისი ძმის უკან ვიღაცები დგანან და ის მხოლოდ გამხმოვანებელია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

რომა ანდრეევი: - ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი. ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ ჩემი ძმის ვინაობა დამალეს. ის დიმიტრი ანდრეევია. ჩემზე მეტად მასზე არავის შესტკივა გული, მაგრამ დამნაშავეს ხელს ვერ დავაფარებ. ტელევიზიით რომ ლაპარაკობდა, გაოგნებული დავრჩი. როგორ შეიძლება, კაცმა ასეთი რამ მოიგონო? ის ფანტაზიორია, ტყუილების გუდა. ჯერ მთელ ოჯახს ვალები დაადო და გააუბედურა. ჩაძირა და ახლა ისევ ტყუილებით აგრძელებს ცხოვრებას.

რომა ანდრეევი

ვის დაემსგავსა, არ ვიცი. დიმიტრი ჩემზე პატარაა. ერთად გავიზარდეთ ძალიან კარგ ოჯახში.

18 წლის იყო, პირველად ციხეში რომ მოხვდა ქურდობისთვის. მაშინ ოთხი წელი იჯდა. მერე გამოძალვისა და ქურდობისთვისაც დაიჭირეს. ახლა სომხეთში ცოლ-ქმარი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ოთხი წელია, რაც სოფია თურმანიძე ცოლად შეირთო. დიმიტრი ჩემი ღვიძლი ძმაა; კიდევ გვყავს და-ძმა დედას მეორე ქორწინებიდან. სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ დიმიტრი არასერიოზული კაცია, საკუთარ კანში რომ ვერ ეტევიან, ისეთი. ბევრი პრობლემა შეუქმნა ოჯახს. 34 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, მის გამო ოჯახს სულ პრობლემები ჰქონდა. დედას სახლი, რომელშიც გავიზარდეთ, ლომბარდში დააგირავებინა. ატყუებდა, ფულს ვიხდიო და ვალი 8 000 დოლარამდე რომ ავიდა, სახლი დავკარგეთ. მეორე სახლი, სადაც ახლა დედა ცხოვრობს, ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ის მეორე ნაწილიც დააკარგვინა. ჩემგან დაუკითხავად სწრაფი სესხები ჩემს სახელზე აიღო და 20 000 ლარზე მეტი დამადო ვალად. წარმოიდგინეთ, მანქანაც დამიყადაღეს - პოლიციამ გამაჩერა და მისი ვალების გამო ქუჩაში ჩამომართვეს. მის გამო ნაკვეთიც კი დავკარგე. ოჯახს რა უქნა და სხვას რას უზამს, წარმოგიდგენიათ?!

კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად