"34 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, მის გამო ოჯახს სულ პრობლემები ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"34 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, მის გამო ოჯახს სულ პრობლემები ჰქონდა"

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba Lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

3 თებერვალს სოციალურ ქსელში buba Lomtatidze-მ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც განაცხადა, რომ მან ატვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ამ საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა. მან ასევე ახსენა ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი ემზარ ივანიშვილი და

დაწერა, რომ არ აპატიებს, რაც მან იკადრა...

ვინ არის buba lomtaTTiZe?

ერთ-ერთმა ტელევიზიამ "ფეისბუკში" buba Lomtatidze-დ დარეგისტრირებულ პირთან ინტერვიუ აჩვენა, თუმცა სიუჟეტში, რესპონდენტის ნამდვილი გვარ-სახელი არ უხსენებიათ. ჩვენ ვცადეთ, მეტი გაგვეგო მასზე და ვინაობაც დავადგინეთ. გაირკვა, რომ პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან - სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დიმიტრის ძმა, რომა ანდრეევი დარწმუნებულია, რომ მისი ძმის უკან ვიღაცები დგანან და ის მხოლოდ გამხმოვანებელია:

- 18 წლის იყო, პირველად ციხეში რომ მოხვდა ქურდობისთვის. მაშინ ოთხი წელი იჯდა. მერე გამოძალვისა და ქურდობისთვისაც დაიჭირეს. ახლა სომხეთში ცოლ-ქმარი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ოთხი წელია, რაც სოფია თურმანიძე ცოლად შეირთო. დიმიტრი ჩემი ღვიძლი ძმაა; კიდევ გვყავს და-ძმა დედას მეორე ქორწინებიდან. სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ დიმიტრი არასერიოზული კაცია, საკუთარ კანში რომ ვერ ეტევიან, ისეთი. ბევრი პრობლემა შეუქმნა ოჯახს. 34 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, მის გამო ოჯახს სულ პრობლემები ჰქონდა. დედას სახლი, რომელშიც გავიზარდეთ, ლომბარდში დააგირავებინა. ატყუებდა, ფულს ვიხდიო და ვალი 8 000 დოლარამდე რომ ავიდა, სახლი დავკარგეთ. მეორე სახლი, სადაც ახლა დედა ცხოვრობს, ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ის მეორე ნაწილიც დააკარგვინა. ჩემგან დაუკითხავად სწრაფი სესხები ჩემს სახელზე აიღო და 20 000 ლარზე მეტი დამადო ვალად. წარმოიდგინეთ, მანქანაც დამიყადაღეს - პოლიციამ გამაჩერა და მისი ვალების გამო ქუჩაში ჩამომართვეს. მის გამო ნაკვეთიც კი დავკარგე. ოჯახს რა უქნა და სხვას რას უზამს, წარმოგიდგენიათ?!...

...მისგან ყველაფერს ველოდი - ხომ გითხარით, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს - არა.

დიმიტრი ანდრეევი და მისი მეუღლე სოფია თურმანიძე

კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა (დიმიტრი ანდრეევი "ფეისბუკშიI" სწორედ ამიტომაც არის დარეგისტრირებული ლომთათიძის გვარით. რაც შეეხება სახელს, როგორც მისი ძმა ამბობს, ბავშვობიდან ბუბას ეძახდნენ. - ავტ.), ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან, ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბუბას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა... ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ!.. იხილეთ სრულად