საზარელი დანაშაულის ქრონიკა - კვირის პალიტრა

საზარელი დანაშაულის ქრონიკა

23 სექტემბერს, ნაშუადღევს, საგანგებო სიტუაციათა სამსახურს მარჯანიშვილის ქ. #83-ში მცხოვრებმა მოქალაქემ შეატყობინა, რომ მისი მეზობლის, თამარ ჯოგლიძის ბინიდან   კვამლი გამოდიოდა.

მეხანძრეებს სახლი დაკეტილი დახვდათ, რის გამოც მეხანძრეებს  ფანჯრიდან გადასვლა მოუხდათ და თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალათ, - იატაკზე ორი ნახევრად დამწვარი ადამიანის გვამი ეგდო. იმის გამო, რომ ცეცხლის კერა ბინაში ორ სხვადასხვა ადგილას იყო და გარდაცვლილებს ძალადობის კვალიც ეტყობოდათ, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არა უბედური შემთხვევა, არამედ საზარელი დანაშაული იყო. გარდაცვლილები აღმოჩნდნენ 33 წლის თამარ ჯოგლიძე და 18 წლის ინგა თუშიშვილი.

თამარ ჯოგლიძეს დანით გულმკერდისა და სახის არეში ცხრა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თავდაპირვლად სამართალდამცველებმა თამარ ჯოგლიძის მეუღლე და დედამთილი  დაჰკითხეს. საღამოს 10 საათისთვის კი საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით ოფიციალურად აღიძრა. მოგვიანებით პოლიციამ სახლის მახლობლად ტოტალიზატორის სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა დაათვალიერა, სადაც ჩანს  მამაკაცი, რომელიც სახლიდან კვამლის გაჩენის შემდეგ გამოვიდა. ვიდეოფირზე აღბეჭდილ უცნობ მამაკაცს გარდაცვლილის მეუღლის ტანსაცმელი ეცვა.

24 სექტებერს, დილით, სამართალდამცავებმა  მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1974 წელს დაბადებული გია თორაძე დააკავეს. ის ოჯახის ნათესავი აღმოჩნდა. როგორც გამოძიებამ გაარკვია, თორაძემ მკვლელობის შემდეგ კარი და ფანჯრები შიგნიდან ჩაკეტა და მესამე სართულის აივნიდან გადმოხტა. ეს კი სახლთან ახლოს მდებარე ტოტალიზატორზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როგორც გაირკვა, თორაძეს დიდი თანხა ჰქონია წაგებული, სოფელში მევალეები აკითხავდნენ და ფულს სთხოვდნენ, რის გამოც შეძლებული ნათესავის ბინის გაძარცვა განიზრახა.

ბინაში მისულს 33 წლის თამარ ჯოგლიძე და 18 წლის ინგა თუშიშვილი დახვდნენ. ეჭვმიტანილმა ორივე მათგანს დანით ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბინაში ხანძრის რამდენიმე კერა გააჩინა. კვალის ასარევად მოკლული თამარ ჯოგლიძის მეუღლის ტანსაცმელი ჩაიცვა.

თორაძეს სამართალდამცავებმა ის სამკაულები ჩამოართვეს, რომელიც ჯოგლიძის ბინიდან წაიღო.

თორაძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გია თორაძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "23 სექტემბერს აღმაშენებლის #83-ში მდებარე ნათესავების ბინაში მივედი. დავაკაკუნე, კარი თამარ ჯოგლიძემ გამიღო და შემიპატიჟა. სტუმარი ჰყავდა, სამზარეულოში იყვნენ და საუზმობდნენ. მეც სამზარეულოში შევედი. ცოტა ხნის შემდეგ სტუმარი საძინებელში გავიდა და ტელევიზორს უყურებდა, თამუნა კი სააბაზანოში შევიდა. მე საძინებელში შევედი და ინგას დავარტყი.

გონება არ დაუკარგავს, ყვირილი დაიწყო, ამიტომ სამზარეულოში შევედი, ხისტარიანი პურის საჭრელი დანა ავიღე და ვურტყამდი, რომ გამეჩუმებინა. ამასობაში თამუნა სააბაზანოდან გამოვარდა და მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, რას აკეთებო. ვუთხარი, ფული მინდა-მეთქი.

თამუნამაც ყვირილი და წინააღმდეგობის გაწევა რომ დაიწყო, დანა მასაც დავარტყი, რომ გამეჩუმებინა. კვალის დაფარვის მიზნით მათ ნავთი გადავასხი და დავწვი. მერე გიას (მოკლულის მეუღლის. - ავტ.) ტანსაცმელი ჩავიცვი, სისხლიანი ნივთები ზურგჩანთაში ჩავალაგე, ძირს გადავყარე და ქვემოთ აივნით ჩავედი".

გიორგი თორაძეს უვადო პატიმრობა ელოდება.