"გაფუჭებული" ქურდები და ჩასაფრებული პოლიცია - კვირის პალიტრა

"გაფუჭებული" ქურდები და ჩასაფრებული პოლიცია

- მახსოვს, კანონიერი ქურდი "ბოიოვა", იგივე ომარ ხაჩატუროვი, მაგარი ქურდი იყო. გარეგნობითაც წარმოსადეგი - მაღალი, მხარბეჭიანი. ერთხელაც შემატყობინეს, რომ ტუბდისპანსერში ვიღაც ქურდი წევს, თავქვეშ იარაღი უდევს, საავადმყოფოში მეფესავით არის, ბუზს ვერავინ აუფრენს. ავადმყოფებიც და მედპერსონალიც ლამის ფეხებს ულოკავენო.

ეს ამბავი განყოფილებაში მივიტანე, მაგრამ "ბოიოვა" რომ  ვახსენე, მითხრეს, კარგი ერთი, თავი დაანებეო. მილიციაში ახალი მისული ვიყავი და რას ვიზამდი, გავჩერდი. ამასობაში კურსებზე გამგზავნეს, სროლაში ვვარჯიშობდი, რომ იარაღის ტარების უფლება მოეცათ. ერთხელაც მივედი პოლიციაში და ვხედავ,  "ბოიოვას" ასაყვანად ოპერაციის ჩატარებას აპირებენ. თურმე ქურდი ისე გათავხედდა, 26 კომისრის რაიონის მილიციის  უფროსი მესხი დუელში გამოიწვია, თუ კაცი ხარ, შემხვდი და დედას გიტირებო.

ოპერაცია ავლაბარში უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ბევრმა უარი თქვა მონაწილეობაზე. არც იარაღი მქონდა და არც ოპერაციაზე წასვლის უფლება, მაგრამ ვითხოვე, წამოვალ-მეთქი. უფროსმაც, ზეიკიძე მძღოლად წაიყვანეთო. "მოსკვიჩის" საჭეს მივუჯექი და წავედით.  ავლაბარში რომ ავედით, ჯგუფის უფროსმა მითხრა, ჯანიანი ბიჭი ხარ, შენ პოლიციელებს გაჰყევი, მანქანაში მე დავრჩებიო. იცოდა, "ბოიოვა" დაუნდობელი იყო და ეშინოდა. ის დალოცვილი თავის ნაცვლად რომ მიშვებდა, იარაღი მაინც მოეცა.

მილიციელები  ორი მანქანით ვიყავით, სულ 6-7 კაცი. "ბოიოვას" "რაზვედკა" "ატარებდა" და გვაცნობეს, ბირჟაზე დგას 4-5 კაცთან ერთადო. სამოქალაქო ტანსაცმელში ვიყავით. ნელ-ნელა მივუახლოვდით "ბოიოვას", ალყაში გვინდოდა მოგვექცია, მაგრამ ვიღაცამ  ჩვენი თანამშრომელი იცნო და იყვირა, ძაღლებიო! 2-3 მეტრიღა გვაშორებდა "ბოიოვას". შემოდგომა იყო,  ქურდს ლაბადა ეცვა. იარაღი არ ამოუღია, ჯიბიდანვე გაისროლა და ორი მილიციელი იქვე დააგდო. მათ შორის კი მე ვიდექი უიარაღოდ.

ვხედავ, "ბოიოვა" ხელს აქნევს და ვერ ისვრის. თურმე პისტოლეტს ლაბადის ჯიბის ქსოვილი წამოედო, რამაც გასროლის საშუალება არ მისცა. ამით ისარგებლა  ვაჟა ასათიანმა და ქურდი ფეხში დაჭრა. რადგან "ბოიოვა" დაეცა, ჩვენც გული მოგვეცა, ვეცით და დავაკავეთ. დაჭრილი მილიციელები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბოიოვა" ის იყო შევიპყარით, რომ  მისი  ძმაკაცი გადმოგვიხტა და სროლა აგვიტეხა. საბედნიეროდ, უკვე ბნელდებოდა და ვერაფერი დაგვაკლო.

"ბოიოვას" სასამართლო სუკ-ის შენობაში გაიმართა, პროცესი დახურული იყო. ორი მილიციელის მკვლელს დახვრეტა მიუსაჯეს. დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ გადავურჩი სიკვდილს.

ერთხელ მორიგემ შეგვატყობინა, ჭავჭავაძის პროსპექტზე ლუდმილა სალაყაია გაძარცვესო. სალაყაია  ცნობილი კაცის სიდედრი იყო და სამმართველოს უფროსმა გვთხოვა, საქმეს გულით მოეკიდეთო. დაზარალებული  ნახევრად ბრმა იყო, ყაჩაღების აღწერა და ამოცნობა არ შეეძლო. რა მექნა, არ ვიცოდი. არც ერთი სამხილი არ მქონდა. ისეთ გუნებაზე დავდექი, ვიფიქრე, მილიციიდან წასვლაზე განცხადებას დავწერ-მეთქი, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადამაფიქრებინა.

გამომელაპარაკა ერთი ახალგაზრდა, რომელსაც  ყაჩაღები ბინიდან გასვლისას დაუნახავს, საეჭვოდ მიუჩნევია, თვალი გაუყოლებია და დაუნახავს, როგორ ჩასხდნენ თეთრ უნომრო "გაზ-24"-ში. ქურდ იმედას რჩევით ვორონცოვზე შედგენილი კარტოთეკა  ხელის კანკალით გამოვიღე სეიფიდან და თვალებს არ დავუჯერე, - გარეგნული აღწერილობით თეთრი "გაზ-24" ჯემალ დიასამიძის უნდა ყოფილიყო. ოპერატიული ჯგუფით მის სახლთან მივედი. ერთ  თანამშრომელს მანქანის სიგნალიზაციის ამუშავება დავავალე. სიგნალიზაცია მეოთხედ რომ ჩაირთო, კარის გასაღები გაჩხაკუნდა.

კარს მხარი ვკარი და დაკავების ჯგუფთან ერთად ბინაში შევვარდი. დამხვდურებმა განძრევაც ვერ მოასწრეს. ოთხივე ახალგაზრდა (ერთი მძღოლი იყო, სამი - ყაჩაღი) ჩაცმულობით და აღწერილობით ძალიან ჰგავდა სალაყაიას ბინის მძარცველებს,  მაგრამ ნივთმტკიცებები არსად იყო. ამასობაში დიასახლისი აყვირდა, ვინ ხართ და რა გინდათო. ჯემალ დიასამიძემ ცოლს უთხრა, სამზარეულოში გადიო და მე მომიბრუნდა:

- უფროსო, არაფერი დამიშავებია და ნუ გვაშინებ. რაღაც გაუგებრობაა.

- თუ გაუგებრობაა, გამოჩნდება. მეზობლებს ჩხრეკაზე დაუძახეთ.

დიასამიძე უცებ მოლბა:

-  რა საჭიროა ბინის ჩხრეკა. მეზობლები რას იტყვიან. სირცხვილია. მოდი, მოვილაპარაკოთ, უფროსო.

- რა მაქვს, ბიჭო, შენთან მოსალაპარაკებელი?

- წაიღეთ, რაც გაგვაჩნია. მთელი ცხოვრება გეყოფათ.

- ბიჭო, ყაჩაღობა რომ მინდოდეს, შენ დაგელოდები?

- უფროსო, ჰალსტუხიან ფაშისტს (არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკს) მოჭარბებულ ქონებას თუ წავართმევ, უნამუსობაა?

სალაყაიას სიდედრის ბინიდან წამოღებული ნივთები ნაღდად სახლში ჰქონდა, თორემ ჯემალ დიასამიძე გარიგებას არ შემომთავაზებდა.

მართლაც, ბინის ჩხრეკისას დიდძალი ფული და ძვირფასეულობა ამოვიღეთ. ფულის დათვლას 4 საათი მოვანდომეთ. ამოვიღეთ ორი ფაიფურის ძაღლის ფიგურა და ღვთისმშობლის ხატი. დიასამიძის "ვოლგის" საბარგულში სალაყაიას ბინის ძარცვაში გამოყენებული ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღიც ვიპოვეთ.

რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტე, დიასამიძის ჯგუფის სუსტ რგოლზე,  მის მეუღლეზე გადამეტანა ყურადღება. ციცო ცივაძე ისეთ მდგომარეობაში იყო, შეგეცოდებოდათ. ჯემალ დიასამიძეს 16 წლისა მშობლების დაუკითხავად გაჰყოლია, მაგრამ ჯემალი "ბლატნოი" და ყომარბაზი აღმოჩნდა. დედისერთა განებივრებულ გოგოს მშობლების სახლში დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდა... ციცო ცივაძე ჯემალ დიასამიძის მეგობრებს, თამაზ ალასანიასა და გიორგი სიმონიშვილს, მეტსახელად ,,ჭიჭყინას" ადანაშაულებდა.

ჯემალი "ჭიჭყინას" ვერაფრით მოვაშორე, მათ გაუუკუღმართეს ცხოვრებაო. ჯემალი დავალებულია "ჭიჭყინასგან", რომელიც ჩხუბის დროს ჯემალისთვის მოქნეულ დანას გადაუდგა და მძიმედ დაიჭრაო. ციცომ ისიც მითხრა, მე და ჯემალი მუსლიმანები ვართო.  სახლში ღვთისმშობლის ხატი რატომღა გქონდათ-მეთქი. "ჭიჭყინამ" და თამაზ ალასანიამ გვაჩუქეს დაბადების დღეზე.

რა ხატი იყო, არ ვიცოდი, გუშინ გავიგე გამომძიებლისგანო.

ჩემს ნაცნობ ანტიკვარების გამყიდველ ვაგ არშაკოვიჩთან წავედი და ჯემალ დიასამიძის ბინიდან ამოღებული ღვთისმშობლის ხატი და ორი ფაიფურის ძაღლი დავუდე წინ. არშაკოვიჩმა კარგად დაათვალიერა ნივთები და მითხრა, დათოჯან, ეს ნივთები კაპიკი არ ღირსო.

- აბა, ამდენ ხანს რატომ ათვალიერებდი?

- რა ხართ ეს ჩეკისტები. კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ, - თქვა არშაკოვიჩმა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა, ვიღაცას ელაპარაკა. რამდენიმე წუთში უცნობი არშაკოვიჩის ოთახში იყო და ნივთებს ათვალიერებდა.

- არშაკოვიჩ, ნამდვილად ის ნივთებია, შენ რომ მაჩუქე?

- ავთო, ასე რომ არ ყოფილიყო, ტყუილად შეგაწუხებდი?

ავთო მაღრაძე წვენების დამამზადებელი ქარხნის დირექტორი აღმოჩნდა, მდიდარი კომბინატორი. რამდენიმე თვის წინ მისი სახლი გაუძარცვავთ. არშაკოვიჩისაგან ნაყიდი ძვირფასეულობა და ანტიკვარული ნივთები გაუტაციათ. მისი მეუღლე მძარცველებს სასტიკად უწამებიათ, გავარვარებული უთო უსვეს თურმე, მაგრამ მაღრაძეს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან ქურდების დახმარებით აპირებდა ნაქურდლის დაბრუნებას...

დილიდან "ჭიჭყინას" სახლს ვუთვალთვალებდით. ალასანიამ "ჟიგულით" მიაკითხა და ვაჟა-ფშაველას გამზირისკენ დაიძრნენ. გავყევით და უცებ მძღოლმა მითხრა, კუდს ამოწმებენ, გზა გადავუკეტოთ და დავაკავოთო. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ "ჟიგული" გაჩერდა და მასში მსხდომნი აქეთ-იქით გაიქცნენ.

ალასანია იოლად დავაკავეთ, "ჭიჭყინამ" კი პისტოლეტიდან ცეცხლი გაგვიხსნა, სადარბაზოში შევარდა და მეოთხე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა ქალი ჩვილთან ერთად მძევლად აიყვანა. მოლაპარაკებამ ნაყოფი რომ არ გამოიღო, ბინაში შესასვლელი ხის კარი შევამტვრიე  და იარაღმომარჯვებული ფრთხილი ნაბიჯით წავედი წინ.

დავინახე, მძევალი სამზარეულოში იჯდა და უაზროდ მიშტერებოდა კედელს. მივხვდი, "ჭიჭყინა" სააბაზანოში იყო და სარკმლიდან აკონტროლებდა მძევალს. "ჭიჭყინასთან"  მოლაპარაკება გავაგრძელე და მძევლები გავათავისუფლე, მაგრამ ოპერაცია ფინალამდე იყო მისაყვანი. გამწარებულმა ვუყვირე:

- "ჭიჭყინა" ღმერთი არ გაგიწყრეს, უიარაღო ვარ, მილიციელის მკვლელობას არავინ შეგარჩენს.

"ჭიჭყინამ" აკანკალებული ხელით დამიმიზნა პისტოლეტი.

- ბიჭო, იარაღი დაუშვი და კაცურად მოვილაპარაკოთ.

- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

- თუ სალაპარაკო არა გაქვს, მიდი და მომკალი, რაღას უყურებ? - ნაბიჯი გადავდგი და შუბლი მისი პისტოლეტის ლულას მივაბჯინე. "ჭიჭყინა" წახდა, კარგად იცოდა, იარაღს თუ გამოიყენებდა, სიკვდილი არ ასცდებოდა.

ორივე ყაჩაღი "აკვარიუმში" მივაბრძანე.

მესამე დღეს თამაზ ალასანია ამოვაყვანინე. სახე აღარ ჰქონდა. ბიჭებმა მითხრეს, "ლომკაშია", აგვიკლო, წამალს თხოულობსო.

თემურა-მურთხასთან (რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი იყო) დავრეკე და ისიც ნარკოტიკებით სავსე ჩანთით ოციოდე წუთში ჩემთან იყო. ჩანთიდან საგულდაგულოდ შეხვეული შეკვრა ამოიღო და ნელ-ნელა გახსნა. ალასანიამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ხელი წაატანა ნარკოტიკს, მაგრამ თემურმა წამლის აღების უფლება არ მისცა.

- მომეცი წამალი, მეტი აღარ შემიძლია, - აყვირდა ალასანია.

- ჯერ საქმე, მერე წამალი.

- რა საქმე, არაფერი ვიცი. ნუ მტანჯავთ, ხელში შემოგაკვდებით.

- ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ავთო მაღრაძის მეუღლეს რომ აუთოებდით.

- ვინ მაღრაძე? არ ვიცი.

- არც ჯემალ დიასამიძეს იცნობ?

- არა.

- შენ და "ჭიჭყინამ" ჯემალ დიასამიძეს რომ ხატი და ორი ფაიფურის ძაღლი აჩუქეთ, მფლობელმა, მაღრაძემ ამოიცნო.

- გცოდნიათ და რაღა გინდათ?

თემურმა ნარკოტიკების ჩალაგება დაიწყო.

- რას შვრები, გინდა მოკვდე?

- ამოშაქრე და მოვილაპარაკოთ.

თამაზ ალასანიამ "ლომკას" ვეღარ გაუძლო და გაფუჭდა.

ახლა "ჭიჭყინას" რიგი იყო. აგენტმა "ჭიჭყინას" შეყვარებულის ვინაობა მაცნობა. შინ მივაკითხე. ჩემს დანახვისთანავე გოგომ ბეჭედი  მალულად მოიხსნა და ჯიბეში დამალა.

დანიშვნა ხომ არ გეხამუშება-მეთქი და ბეჭედი გამოვართვი. იცრუა, ეს ბეჭედი ბებიამ სკოლის დამთავრების დღეს მაჩუქაო. არადა, მაღრაძის ბინიდან იყო წამოღებული. მაღრაძის მეუღლემ ბეჭედი ამოიცნო, ეს ბეჭედი მძარცველმა თითიდან წამაძრო და ჯიბეში ჩაიდოო. ცხადია, "ჭიჭყინამ" ბეჭედი მეგობრებს მოუტეხა.

"ჭიჭყინა" კაბინეტში ამოვაყვანინე. გვარიანად გასაწყლებულიყო, მაგრამ არ იმჩნევდა.  დაუკითხავად დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

- ყარამან ყანთელივით რომ გაიშხლართე, თავი ვერის ბაღში ხომ არ გგონია?

- უფროსო, პირველკლასელივით ნუ მტუქსავ, გამოუცდელი არა ვარ.

- ხვეწნას დამიწყებ, თანამზრახველები შენს ღორობას რომ გაიგებენ.

- ძმებთან გასარკვევი არაფერი მაქვს. ძაღლების სიტყვას ფასი არა აქვს, შენს ბოდვას არავინ დაუჯერებს.

"ჭიჭყინას" შეყვარებულის დაბადების დღეზე გადაღებული სურათი ვაჩვენე, როგორ ჩუქნიდა გოგოს ნაყაჩაღარ ბეჭედს.

- "ჭიჭყინა", ეს ბეჭედი მარტო ნაყაჩაღარი  არ არის, მაღრაძის გაძარცვისას მოტეხე. ძმებმა რომ ეს გაიგონ, "კრისობას" რაც მოჰყვება, ჩემზე კარგად იცი. მინიმუმ, ფერის შეცვლა მოგიწევს, მაქსიმუმ - კოლონიაში შეიძლება შემთხვევით ბლოკი დაგეცეს და გაგჭყლიტოს. "ჭიჭყინა" გატყდა. დანაშაული აღიარა, იმდენი ინფორმაცია ჩამოწერა, კალამი ვეღარ გავაგდებინე. აი, ასე გაფუჭდა, "ჭიჭყინაც".

P.S. დავით ზეიკიძე დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენთან ისევ გაიხსენებს საინტერესო ისტორიებს. ეს ამბები შევა მის წიგნში, რომელზეც ამჟამად მუშაობს.

მარი ზანდუკელი