"თუ უკანა კარიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმული და არ დაარტყა ჩაქუჩი მოსამართლის ნაცვლად, მაშინ..." - კვირის პალიტრა

"თუ უკანა კარიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმული და არ დაარტყა ჩაქუჩი მოსამართლის ნაცვლად, მაშინ..."

არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს იმისათვის, რომ მოსამართლემ დათო კირკიტაძე დატოვოს წინასწარ პატიმრობაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

"ამავე მოსამართლემ, რომელიც დღეს განიხილავს საკითხს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2თვის წინ დათო კირკიტაძეს და რითი იხელმძღვანელა? მან თქვა, რომ გირაოს შეფარდება კი მინდა, მაგრამ სხვა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს კირკიტაძის მიმართ და შესაბამისად, იქ უკვე გამოყენებულია გირაო და მეორედ გირაოს ვეღარ გამოვიყენებო. ამიტომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით უნდა შევუფარდოო და შეუფარდა კიდეც. იმ წინა, სხვა საქმეზე კირკიტაძე გამართლდა და ამას ვგულისხმობ - არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, თუ უკანა კარებიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმული და მან არ დაარტყა ჩაქუჩი ამ მოსამართლის ნაცვლად, ისე მართლა არ არსებობს შანსიც კი, რომ კირკიტაძე დღეს ამ შენობიდან ვერ გამოვიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"