"საოჯახო დანით ბავშვს სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"საოჯახო დანით ბავშვს სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?

რუსთავის საქალაქო სასამართლო 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრება ბრალდებული ვალერი ირემაძე.

როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს დღეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართავს.

„ამ ეტაპზე ბრალდებულის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია. დღეს სასამართლო იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხზე, ასევე შუამდგმლობაზე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზე. ზოგადად, ბრალდებული თავის თავში ჩაკეტილია და იყენებს დუმილის უფლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურატურას, სახელმწიფო ბრალდებას ირემაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

"დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით არასრულწლოვანს სხეულზე 20- მდე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

პროკურატურის პოზიციაა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაინიშნა სტაციონარულ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში.

ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა", განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა. ვალერი ირემაძე 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული.

"ინტერპრესნიუსი"