ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა - რას აცხადებენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა - რას აცხადებენ შსს-ში?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ "საჯარო აუდიტის ინსტიტუტის" თანამშრომელი იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, "იქამდე კი შვებულება აიღო".

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, "კურიერის" ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

"ინტერპრესნიუსი"