"მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წავიდა" - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილის სიმამრი, რომლის ვაჟიც ნორვეგიაში დააკავეს - კვირის პალიტრა

"მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წავიდა" - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილის სიმამრი, რომლის ვაჟიც ნორვეგიაში დააკავეს

ბრალი არ უმტკიცდება, მას სახაზინო ადვოკატი ჰყავს და მისი ადვოკატის ინფორმაციას გაწვდით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, ანზორ აბრალავამ განუცხადა.

როგორც აბრალავა განმარტავს, მისმა შვილმა, გრიგოლ აბრალავამ, რომელიც ნორვეგიაში დააკავეს, აუდიტის სამსახურში უფასო შვებულება დაწერა და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა.

"როცა ცუდ საქმეზე მიდიან, არავის არც პასპორტი აქვს, არც ტელეფონი. გარეთ ქუჩაში იყვნენ, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ. ჩემმა შვილმა პასპორტი და ტელეფონი აჩვენა, პოლიციელები ჯერ წავიდნენ, თუმცა შემდეგ დააკავეს. ამ დღეებში ჩამოვა, დამთავრდება რაც მათი კანონმდებლობით პროცედურულადაა გათვალისწინებული და კითხვებს გასცემს პასუხს.

მე მითხრა, რომ გერმანიასა და პოლონეთში წავიდნენ მეგობრები, ვიზალიბერალიზაციით ისარგებლეს. ჩემი შვილი უფასო შვებულებაში გავიდა და ისე წავიდა. შეეძლო ეს დასვენება მივლინებისთვის მიება, მაგრამ ეს არ უნდოდა.

სხვა სფეროში გადასვლა უნდოდა - აუდიტის სამსახურში მუშაობს. თქვა, რომ ცოტა ხანი დაისვენებდა ამ სტრესული, დაძაბული სიტუაციიდან.

ვანო ზარდიაშვილის პროტექციას უკავშირებენ ჩემი შვილის მუშაობას. სანამ ვანო ზარდიაშვილი აუდიტის სამსახურში მივიდოდა, ჩემი შვილი მანამდე მუშაობდა. ერთი შვილი ლონდონში მუშაობს, იქ დაოჯახდა, წარმატებული სპეციალისტია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ესენიც წასულები იყვნენ და ძალით ჩამოვიყვანე, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბრალდებაა ყველაფერი, რატომ დავიბადეთ, რატომ ვიცნობთ ვინმეს, რატომ ვსუნთქავთ და ა.შ. "რუსთავი2", -ის იდეოლოგიით ვცხოვრობთ", - განაცხადა აბრალავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ "საჯარო აუდიტის ინსტიტუტის" თანამშრომელი იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, "იქამდე კი შვებულება აიღო".

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, "კურიერის" ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

იხილეთ ასევე: "მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წავიდა" - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილის სიმამრი, რომლის ვაჟიც ნორვეგიაში დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"