"მეუღლე ეხვეწებოდა, არ გამოუშვათ, მძინარეს თავზე დანით მედგა წუხელო" - ვინ არის დამნაშავე ტრაგედიებში, რომელსაც არასრულწლოვნები ემსხვერპლნენ? - კვირის პალიტრა

"მეუღლე ეხვეწებოდა, არ გამოუშვათ, მძინარეს თავზე დანით მედგა წუხელო" - ვინ არის დამნაშავე ტრაგედიებში, რომელსაც არასრულწლოვნები ემსხვერპლნენ?

გასულ კვირას უმძიმესი ფაქტი რუსთავში მოხდა. ვალერი ირემაძემ, ფაქტობრივად, თავის გაზრდილ 13 წლის ძმისშვილს, გოგიტა ირემაძეს დანით უამრავი ჭრილობა მიაყენა. ახლობლები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროდ, მისი და პატარა გოგიტას დაცვა, ვერავინ შეძლო.

მომხდარის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა ამ ამბავს კიდევ ერთხელ დაწვრილებით მოვყვებით და ვეცდებით  წარმოვაჩინოთ ის დიდი ხარვეზები, რაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობის სისტემაშია.

რა მოხდა რუსთავში?

იმ საბედისწერო დღეს, დილის 10 საათზე ატეხა განგაში ვალერის მამამ, სწორედ მასთან მოუხდა კონფლიქტი შვილს, მამამ გარეთ გამოსვლა მოახერხა, საშველად მეზობლებს უხმო, ამასობაში ვალერიმ ბინის კარი ჩაკეტა. მაშინვე 112-ში დარეკეს. შიგნით მძინარე გოგიტა იყო დარჩენილი... პოლიციაც მოვიდა, მაგრამ როგორც მეზობლები ამბობენ, 20-25 წუთი პოლიცია შორიდან უყურებდა ყველაფერს და ბინაში შესვლა არც უცდია. ბინაში ფანჯრიდან შეღწევა მეზობელმა გარისკა, მაგრამ წამებში უკან გამობრუნდა, რადგან მან დასისხლიანებული მამაკაცი დანით ხელში ნახა, რომელმაც მისკენაც გაიწია...

მას შემდეგ რაც მოძალადე დააკავეს, პირველი ვინც დაჩეხილი ბავშვი ნახა, ვალერი იმედაძის უახლოესი მეგობარი დავით ქებულაძე იყო: "სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას, რა საშინელებაც იქ ვნახე. სასტიკად დასახიჩრებული ბავშვი სისხლში ცურავდა. კარი შიგნიდან გავხსენით, ვითხოვდით შველას. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო".

გოგიტა ირემაძე რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. მისი მშობლები დაშორებულები არიან. ბავშვი ბაბუასთან და ბიძასთან იზრდებოდა. მამა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული. "ბიძამისს ძალიან უყვარდა და სულ ზრუნავდა მასზე. სკოლაში დაყავდა, უვლიდა, ის ავად იყო და ეს საშინელება ამიტომ დატრიალდა. ბავშვის მამა უცხოეთში იყო სამუშაოდ, დედაც, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა და ზაფხულობით მიყავდა ხოლმე შვილი დასასვენებლად. პაპას და ბიძის ხელში გაიზარდა", - ამბობს დავით ქებულაძე. მისი თქმით, უმძიმესი იყო წინა დღეებში ვალერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამიტომ წაიყვანეს კლინიკაში.

რა მოხდა ტრაგედიის წინა დღეს?!

"ძალიან არეული იყო. მეუბნებოდა რომ მოჩვენებები ჰქონდა. სულები ელაპარაკებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ. ამბობდა, სქემა მაქვსო, თავის მოკვლა უნდოდა, ვიღაცეების მოკვლა უნდოდა, არ მასვენებენ, მითვალთვალებენო, ადამიანი ავად იყო, თურმე 10 ღამე არ ეძინა. რომ მივხდით ფსიქიკურად არ იყო კარგად, მეგობრებმა რუსთავში, აზოტის კლინიკაში ჩავიყვანეთ. იქ დამამშვიდებლები გაუკეთეს, დამშვიდდა, მაგრამ ექიმმა გვითხრა, ეს ადამიანი გადასაყვანია ფსიქიატრიულში და აუცილებლად წაიყვანეთო. თუ თქვენ არ წაიყვანთ, პატრულს გამოვიძახებთ და ისინი წაიყვანენ ბორკილებითო. წავიყვანეთ თბილისში, ჯერ ნარკოლოგიურში ვიყავით, იქ გვითხრეს ფსიქიატრიულში გადაიყვანეთო და მივედით ფსიქიატრიულში. ერთმანეთის გვერდიგვერთ არის ეს კლინიკები, 15-20 მეტრში. ვალერი ირემაძე სასამართლო სხდომაზე ახლა კლინიკაში უტიფრად აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ მათთვის არ მიგვიმართავს, ეს ტყუილია. რას ჰქვია არ მიგვიმართავს, რუსთავიდან 5 კაცი მოვყვებოდით და საავადმყოფოში არ შევიყვანდით? ამას როგორ ამბობენ. კამერები არ აქვთ? იქ ყველგან კამერებია და ამოიღონ ჩანაწერები, ყველაფერი იქნება აღბეჭდილი. გვითხრეს, რომ ადგილები არ ჰქონდათ ფსიქიატრიულში და ვერ მიიღებდნენ. რატომღაც ჩათვალეს რომ ადამიანი, რომელიც იმ მომენტში წამლით დაწყნარებული იყო და აგრესიას არ გამოხატავდა, არ იყო მძიმე პაციენტი. არადა, ვუხსნიდით, რომ რუსთავის კლინიკაში ნემსი ჰქონდა გაკეთებული. მისი მეუღლე ეხვეწებოდა, არ გამოუშვათ, რამე გვიშველეთო, მძინარეს თავზე დანით მედგა წუხელო, მაგრამ არ მიგვიღეს და ახლა ამდენ ტყუილს ამბობენ... ეს არ უნდა შერჩეთ, ადეკვატურად რომ ემოქმედათ, ეს მკვლელობა არ მოხდებოდა. წამლის მოქმედება გაუვიდა და ეს საშინელება დაატრიალა. მითხარით, ვინ არის ახლა ამაზე პასუხისმგებელი?

რატომ არ უნდა აგონ პასუხი? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ექიმებმა ვერ გაბედონ ასეთი ავადმყოფების სახლში გაშვება. ამბობენ, პაციენტი დარჩენაზე უარს ამბობდაო, ესეც ტყუილია, შველას გვთხოვდა. ველაპარაკეთ მეგობრები და იმ აზრამდე მივიყვანეთ, რომ ემკურნალა. გზაში მას შემდეგ, რაც რუსთავში წამალი გაუკეთეს და ცოტა აზრზე მოვიდა, ხუმრობდა კიდეც ფსიქიატრიულში მიგყავართო...

გასაგებია ნარკოლოგიურს აქვს თავისი წესი და კანონები და არ მიიღეს, მაგრამ ფსიქიატრიულ კლინიკაში როცა მივიყვანეთ ასეთი უმძიმესი პაციენტი, რატომ გამოგვაყოლეს უკან?" - ამბობს დავით ქებულაძე.

იგივეს აცხადებს კიდევ ერთი მეგობარი ლაშა ჟორჟოლიანი და პასუხისმგებლობას მომხდარზე ექიმებს აკისრებს: "ნარკოლოგიურში რომ დაეწვინათ, 3000 ლარი მოგვთხოვეს, ვუთხარით, არსად გამქცევები არ ვართ, ხვალ დილით ფულს მოგცემთ, ოღონდ ამას უშველეთო - ვეხვეწებოდით, მაგრამ არც იქ არავინ მოგვისმინა. ჯერ ფული გადაიხადეთ და მერე დავაწვენთო. ორშაბათს უნდა წაგვეყვანა, ფული გადაგვეხადა და კვირას ეს მოხდა. კამერები შეამოწმონ და ნახავენ, რომ მიყვანილი გვყავდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ექიმებმა არ მოგვხედეს".

მეგობრები არც იმას უარყოფენ, რომ ვალერი ირემაძეს 10 დღით ადრე მარიხუანა ჰქონდა მოწეული, შესაბამისად, მისი მდგომარეობის გამწვავებას ამასაც უკავშირებდნენ, მათი თქმით, ეს ერთი შემთხვევა იყო და ის ნარკოტიკის მომხმარებელი არ არის.

ექიმებს ირემაძის ახლობლები ტყუილში ამხელენ და უპირისპირდებიან.

რას ამბობენ კლინიკაში?

ნარკოლოგიურ კლინიკაში კი ამბობენ, რომ პაციენტს ფსიქოზის ნიშნები არ ჰქონდა და ნარკოლოგიურში მკურნალობაზე უარს აცხადებდა. "ამბობდა, რომ მას სამკურნალო არაფერი არ სჭირდა, რომ მოიხმარდა მარიხუანას, ამ შემთხვევაში აღზნებული, გაღიზიანებული იყო, თუმცა ფსიქოზის ნიშნები იმ მომენტისთვის არ აღენიშნებოდა",- ამბობს ნარკოლოგიური კლინიკის ექიმი. ლაშა კილაძე

იგივე თქვა კლინიკის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემაც: "პაციენტის ახლობლების გადმოცემით, ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების, სავარაუდოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ის პერიოდულად ხდებოდა აგრესიული და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს. შემოყვანის მომენტში მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე. ვინაიდან ნარკოლოგიური სერვისი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას, ჩვენ არანაირი ინსტრუმენტი არ გვქონდა მკურნალობისა და დიაგნოზის დადგენის, რადგან პაციენტმა უარი განაცხადა... აღნიშნული მოქალაქე საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფსიქიატრიული კლინიკის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მათ არ მიუმართავთ".

ექიმები უარყოფენ ახლობლების გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს.

"სად უნდა წაგვეყვანა ადამიანი, რომელსაც 5 პოლიციელი აკავებდა?"

მართალია ფსიქიატრიული კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომ იმ დღეს ყველა პაციენტი მიიღეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ადრეც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პაციენტის ახლობლებს ადგილის უქონლობის გამო უარი უთხრეს.

აი, რა გვიამბო ერთ-ერთმა მოქალაქემ. მის ვინაობას მხოლოდ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ:

- გასულ წელს, ჩემი უახლოესი ნათესავი რაიონიდან პოლიციის თანხლებით ჩამოიყვანეს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. მოტყუებით მოიყვანა პოლიციამ, გზაში 4 პოლიციელი ძლივს აკავებდა და მივედით ქავთარაძეზე, ფსიქიატრიულში. ადმინისტრაციას ვეხვეწებოდით მიეღო. იმდენად მძიმე პაციენტი იყო, არ შეიძლებოდა მისი გარეთ დატოვება. უარი გვითხრეს, ადგილები არ გვაქვსო. მათთან ვერაფერს რომ ვერ გავხდი, დავიწყე ახლობლების შეწუხება სხვადასხვა უწყებაში. ჩემი სანაცნობოს გამოყენება, ყველას ვურეკავდი დახმარებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროშიც დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. ვუხსნიდი, რომ რაიონიდან ჩამოყვანილ პაციენტს უკან ვერ წავიყვანდით. ექიმებიც ხედავდნენ ეზოში როგორ გვყავდა გაკავებული. შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მისი მდგომარეობა ენახათ. ძალიან რომ გავიგიჟე თავი და ყველა შევაწუხე, მითხრეს, დღეს თბილისში გააჩერეთ ვინმესთან და მერე რამეს მოგიხერხებთო. სად უნდა წაგვეყვანა ადამიანი, რომელსაც 5 პოლიციელი აკავებდა? წავიდეთო პოლიციელებმა მითხრეს, ხვალ მოვიყვანოთო, მაშინ პოლიციელებს მოვთხოვე ხელწერილი დაეწერათ, რომ ისინი იქნებოდნენ პასუხისმგებელი თუ რამე მოხდებოდა, მაგრამ ამაზე ხელი არავინ მომიწერა. რომ არ ვეშვებოდი, მომცეს თბილისში არსებული სხვა ფასიანი კლინიკების ნომრები, ჯერ იქ გადაიყვანეთ და რომ გათავისუფლდება ადგილი, აქეთ წამოვიყვანთო. ყველგან დავრეკე, მაგრამ გადავსებული იყო, ყველამ უარი გვითხრა. ცალკე პრობლემაა, რომ ფასიანი კლინიკები ძალიან ძვირადღირებულია, მაგრამ როცა გიჭირს, ფულს გადაიხდი, საშველი მაინც არ იყო. უფრო მწვავდებოდა პაციენტის მდგომარეობა. ისიც კი ვუთხარი, ოღონდ დახმარება გაუწიეთ, სკამზე დასვით და ღამეს ასე გავატარებთ-მეთქი. ბოლოს ვთქვი არსად არ მიმყავს, აგერ ვართ ეზოში, რაც მოხდება მოხდება, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი-მეთქი, მიხვდნენ რომ მართლა არ ვიყავით წამსვლელები და რამდენიმე საათიანი ლოდინის მერე მითხრეს, იქნებ რამე მოვახერხოთ, ნარკოლოგიურიდან დანგრეული საწოლი გადმოვიტანოთ და იმაზე დავაწვინოთ ერთი ღამე, მერე განთავისუფლდება ადგილი და პალატაში გადავიყვანთო. ამდენი ბრძოლის შემდეგ მივაღწიე ამას, არადა, ხედავდნენ პაციენტი რა მდგომარეობაში იყო. ძლივს ამოიყვანეს პოლიციელებმა სტაციონარში, ნემსი რომ გაეკეთებინათ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რადგან წინააღმდეგობას უწევდა, ახლა რუსთავის ტრაგედიის თაობაზე მოყოლილ ამბავს რომ ვუსმენ, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა. ამდენი რომ არ მებრძოლა და ახლობლები არ შემეწუხებინა, არ მიგვიღებდნენ... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შევძარი ყველა და ლამის ვერაფერს გავხდი, წარმოიდგინეთ ვისაც არ ჰყავს სანაცნობო წრე, ისინი რა დღეში არიან... ეჭვი არ მეპარება ამ ხალხის სიტყვებში, ყველაფერი ნამდვილად ეგრე იქნებოდა..."

"ჩვენი ტრაგედია არც პირველი იყო და სამწუხაროდ, არც ბოლო აღმოჩნდა..."

სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი ფსიქიკური პრობლემების ახლობელმა გაიმეტა სასიკვდილოდ. 2014 წლის 15 ივნისს, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ჟორჟოლიანების სახლში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 4 წლის ნინო ჩიჟუკი ფსიქიკური პრობლემების მქონე 28 წლის ბიძამ შანდლის თავში ჩარტყმით მოკლა. პატარა ნინო ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედიის დროს გოგონას დედა, თამუნა ჟორჟოლიანი მეორე ოთახში იყო, ოთახში ხამურზე შებრუნდა და შოკისმომგვრელი სურათი ნახა. თამუნამ პირველად ძირს დაგდებული ძმა დაინახა, თამაზს ორივე ხელზე ვენები და არტერია გადაეჭრა. სისხლისგან იცლებოდა, დამ მაშინვე სისხლდენის შეჩერება სცადა, ჭრილობის ადგილი ძმას გადაუნასკვა, ამ დროს დაინახა, რომ იქვე, იატაკზე მისი პატარა გოგონა ეგდო. გამწარებული დედა ახლა შვილს მივარდა, თან კიოდა და შველას ითხოვდა. პატარა ნინიკოს თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა, თავის ქალისა და სახის ძვლები მოტეხილობა აღენიშნებოდა.

ახლობლები იმჟამადაც ფსიქიატრიული პაციენტების მკურნალობაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებდნენ, ამბობდნენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ავადმყოფებს ცოტა ხნით ათავსებენ სტაციონარში და ხშირად ოჯახის წევრები იძულებულები ხდებიან ისინი შინ რისკის ფასად წაიყვანონ. "იცის მშობელმა რომ საშიშია, მაგრამ რა უნდა ქნას? სტაციონარში არ აჩერებენ. სამწუხაროდ, ჩვენი ტრაგედია არც პირველი იყო და არც ბოლო აღმოჩნდა...  სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთ ოჯახებზე და უნდა დაიცვას ისინი", - გვითხრა ჟორჟოლიანების ახლობელმა...

რას ამბობს ფსიქოლოგი?

თამარ ბუჩუკური, სამედიცინო ფსიქოლოგი: "რუსთავის ტრაგდიაზე ექიმის განცხადება მოვისმინე, პაციენტი მკურნალობაზე უარს ამბობდაო და ამის გამო გავუშვითო. ეს ძალიან სუსტი არგუმენტია. ზოგადად ასეთ პაციენტებს თვითკრიტიკა აქვთ დაკარგული. შესაბამისად, ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას. წინააღმდეგობას უწევენ მედიკოსებს, ვალდებულია ფსიქიატრიული დაწესებულება ასეთ დროს გამოიძახოს სახალხო დამცველის აპარატიდან ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელთან ერთადაც შედგება კონსილიუმი ექიმების ჩართულობით, ექიმები სიმპტომატიკაზე საუბრობენ და იქვე დგება ოქმი რომ იძულებითი მკურნალობა არის საჭირო და ეს არ არის პაციენტის უფლებათა შელახვა. სწორედ ეს უნდა მომხდარიყო, თუ უარზე იყო. ასეთ პაციენტებს ახასიათებთ საოცარი არტისტიზმი და ამიტომ არის აუცილებელი მესამე პირის გამოკითხვა, რომელთანაც ცხოვრობს პაციენტი, ანამნეზი ისმევა მესამე პირის მიერ და არა კითხვა პასუხის რეჟიმში. რაც მოხდა არის ცალსახად გულგრილი დამოკიდებულების შედეგი. 95 პროცენტი უარს ამბობს მკურნალობაზე. სამწუხაროდ საზოგადოებაში არის ინფორმაციის ვაკუუმი. არ იციან კანონი, არ იცნობენ სიპტომატიკას, არ იციან როგორ უნდა იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, ჩვენ ხომ ჩვენი უფლებების დასაცავად ბრძოლა გვიწევს. შიშველი ხელებით უწევს ოჯახის წევრებს ბრძოლა ამ დაავადებასთან და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება".

აქ მოთხრობილი მძიმე შემთხვევებიც საკმარისია იმის დასტურად, რომ ამ სფეროში ისეთი სისტემური პრობლემებია, რაც ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ორი აზრი არ არსებობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ფსიქიკური პრობლემების ადამიანები და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო.

რუსთავის შემთხვევამ აჩვენა, რომ რიგითმა ადამიანებმა თითქმის ყველაფერი იღონეს რაც კი ხელეწიფებოდათ, თუმცა ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.

ისმის კითხვა, ამ სულისშემძვრელ ტრაგედიაში ვინ არის დამნაშავე?! და თუ არ შეიცვალა ამ პრობლემისადმი მიდგომა, კიდევ რამდენი უბედურების მომსწრენი გავხდებით?!

(სპეციალურად საიტისთვის)