"ფული რომ ვერ მივეცი, სკამზე დამაბეს და მოკვლას მიპირებდნენ" - რა შეემთხვა ბათუმში 84 წლის მოხუცს - კვირის პალიტრა

"ფული რომ ვერ მივეცი, სკამზე დამაბეს და მოკვლას მიპირებდნენ" - რა შეემთხვა ბათუმში 84 წლის მოხუცს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 84 წლის ქალბატონი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ორი მამაკაცი გაზის ინკასატორებად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია.

მოხუცის თქმით, მძარცველებმა იგი სკამზე დააბეს, შემდეგ კი ოქრო და ძვირფასეულობა წაიღეს. „სახლში მარტო ვიყავი, როდესაც ორი მამაკაცი მოვიდა და მითხრა, რომ გაზის ქვითარი მოიტანეს. ისინი სახლში შემოვიპატიჟე და ყავა შევთავაზე. როდესაც მეორე ოთახში გავედი, ერთ-ერთმა მამაკაცმა კარი ჩაკეტა. ფულს მთხოვდნენ. ფული რომ ვერ მივეცი, სკამზე დამაბეს და მოკვლას მიპირებდნენ. ამ დროს ოქროს და ძვირფასეულობას მთხოვდნენ, მათ ყველაფერი იპოვეს და წაიღეს. რამდენიმე წუთში შევძელი მეზობლებისთვის დამეძახა და სამართალდამცველები გამოვიძახეთ“, - განაცხადა დაზარალებულმა ხუტა ბელქანიამ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"