"მე ვინ დამიცავს?!" - კვირის პალიტრა

"მე ვინ დამიცავს?!"

რას ჰყვება სოციალური მუშაკი, რომელსაც მოკვლით დაემუქრნენ

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში სოციალური მუშაკების პროტესტის შესახებ ვწერდით, თუ როგორ მძიმე პირობებში უწევთ მათ მუშაობა. ამის გამო მათ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ღია წერილითაც მიმართეს. წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა - ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს ნანი მახათაძეს მეტროსადგურში 21 წლის ნინო კობაიძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

წელიწადია სოციალური მუშაკები ნინო კობაიძის ოჯახში დადიან: ყველა პროგრამაში ჩართეს, უნდოდათ ბავშვს ნორმალურ გარემოში ბიოლოგიურ დედასთან ეცხოვრა. თუმცა ნინომ ამ მწირ დახმარებას უფრო იოლი გზა არჩია, ბავშვით ხელში ვაგონიდან ვაგონში დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. დედასთან ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, სოციალურმა მუშაკებმა, ქსენია ნაჭყებიამ და ნანი მახათაძემ, ბავშვის მინდობით ოჯახში გადაყვანა გადაწყვიტეს.

ნანი მახათაძე, სოციალური მუშაკი: - ნინო კობაიძე არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ბავშვი სამათხოვროდ არ გაეყვანა, მაგრამ ამ გზით სოლიდურ თანხას შოულობდა და ქმრის და მშობლების ოჯახებს არჩენდა. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. საღამო იყო, მე და ჩემი კოლეგა რომ მივედით მათ სახლში. ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რისთვისაც მივედით, ქალი აკივლდა და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ისიც გამოგვენთო, ჭიშკრის აქეთ არ გადმოხვიდეთო. პატრული რომ გამოვიძახეთ, შინ ბავშვის ბაბუაც დაბრუნდა. ჯერ ჩვენ დაგვემუქრა მოკვლით, მერე იმუქრებოდა, თავს მოვიკლავ, ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, შესაშინებლად ჩემს კოლეგას, ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, მერე კისერზე მიიდო, ყელს გამოვიჭრიო და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო დანა. "სასწრაფო" გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია. პატრულის თანამშრომელი და გამომძიებელი შეწუხდნენ, ამან თავი რომ მოიკლას, ჩვენ დაგვბრალდებაო. შეშინდნენ, მაგრამ იქ ბავშვის დატოვება არ შეიძლებოდა. ღამის 4 საათზე მოიყვანა ბავშვის დედა პოლიციამ. დილის 7 საათამდე იქ ვიყავით, რომ პატარა მალულად არსად გაეყვანათ. ამ ხნის განმავლობაში ლანძღვა-გინება არ დაგვკლებია.

"სასწრაფოს" ექიმები რომ მოვიდნენ, ბავშვი გასინჯეს, რადგან ძალიან ახველებდა. სიცხეც ჰქონდა, 38,5. ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. როგორ უნდა დაგვეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში?

დედა აკივლდა, ბავშვს არ გაგატანთო და მიწაზე გაგორდა. მანქანაში რომ ჩავსხედით, მანქანას მუშტებს და ფეხებს ურტყამდნენ. ექიმმა ბავშვს სიცხის დამწევი დაალევინა და გადავიყვანეთ მიმღებ ოჯახში. პატარა სულ ტილიანი იყო და თავი სასწრაფოდ გადახოტრეს. გადახოტრილი თავიც სავსე ჰქონდა ტილებით, კანში იყო ჩამჯდარი და პატარას სისხლს სწოვდნენ.

- თქვენ როგორ დაგესხათ თავს ბავშვის დედა? - ავლაბარში შემოვიდა მეტროს ვაგონში და მოწყალებას ითხოვდა, რომ დავინახე, ჩემკენ მოდიოდა, თავი ჩავღუნე, არ მინდოდა მასთან ახალი კონფლიქტი. მომვარდა, სად წაიყვანე ჩემი შვილი, რომელ ბავშვთა სახლში გყავსო, საშინელი სიტყვებით მლანძღავდა, მერე ჩემ გვერდით მჯდომს მიაჩეჩა ბატიბუტის პარკი და ყელში მწვდა, მახრჩობდა. გაოგნებული ვარ, ამდენი ხალხი მიყურებდა და არავინ დამიცვა. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გამომესარჩლა, წამოხტა და დაიჭირა, მერე მეც შევძელი წამოდგომა. ახლა წიხლი მომიქნია და თმაში მწვდა. წარმოიდგინეთ, იმის ნაცვლად, მოძალადისგან დავეცავი, ერთმა მამაკაცმა მითხრა, რატომ წაართვი შვილი, უარესის ღირსი ხარო. ის გოგო იმ კაცის სიტყვებმა უფრო წაახალისა და გადმოვიდა შეტევაზე. ასე მივედით ისნის მეტრომდე. როგორღაც შევძელი და ვაგონიდან გამოვიყვანე, მერე კი მეტროს პოლიცია გამოვიძახე. სასამართლოში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით მისი დაჯარიმება ითხოვა, მე კი - შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მოსამართლე მხოლოდ გაფრთხილებას დასჯერდა და დარბაზიდან გაუშვა. ფიზიკურ ძალადობაზე საქმე კი აღიძრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას პოლიცია ვეღარ იპოვის. შემაკავებელი ორდერი მაინც გამოეცათ, ახლა მე ვინ დამიცავს?..

P.S. კობაიძეებს შიდა ქართლში ოროთახიანი ბინა დაკეტილი აქვთ. ამბობენ, რომ იქ საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, თუმცა იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ, გაუსაძლისი პირობებია.

სოციალური მუშაკები რომ დაუცველები არიან და ამ სისტემაში პრობლემებია, ეს ამ ფაქტითაც ცხადია. იმედია, სისტემური ცვლილებები არ დაიგვიანებს, დახმარების პროგრამებიც გაიზრდება და სოციალური მუშაკების უსაფრთხოებაზეც იზრუნებენ.

"კვირის პალიტრის" არქივიდან

ნინო კობაიძეს პირველად შარშან შევხვდი. მაშინ მისი პატარა თვეების იყო და მშობლებთან ცხოვრობდა. ამბობდა, ქმარი მოძალადე მყავს და ამიტომ მისი სახლიდან წამოვედიო. თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ შევიტყვე, რომ ისინი შერიგდნენ.

აი, რა მიამბო მან შარშან: "12 წლის ვიყავი, სოფლიდან თბილისში რომ ჩამოვედით. ჯერ დედაჩემი წამოვიდა, ვაგზალზე ხაჭაპურებს ყიდდა და იმ ფულით საჭმელი ჩამოჰქონდა. მე მამასა და ბებოსთან ვიზრდებოდი. სკოლაში პირველი კლასის მერე არ მივლია, არ მინდოდა და იმიტომ. ხელის მოწერა ვიცი და ფულის დათვლა.

თბილისში ჩამოსულმა ერთი გოგო გავიცანი. გადავწყვიტეთ მათხოვრობა დაგვეწყო. იმ დღეს 10 ლარი მოვაგროვეთ და მას მერე ხშირად დავდიოდით. 14 წლის ვიყავი, ქუჩაში რომ დამიჭირა ერთმა გოგომ, დღის ცენტრში მიგიყვან, იქ დაგბანენ, საჭმელს გაჭმევენო. "კარიტასი" ერქვა, რომ შევედი, მომეწონა. 6 საათამდე იქ ვიყავი, კარგად მაჭმევდნენ, სითბოც იყო და სათამაშოებიც, მერე მოვდიოდი სახლში. იქიდან რომ გამოვიდოდი, ცოტა ხნით ან მეტროში ჩავიდოდი, ან ქუჩაში ვიდექი, რომ ცოტა ფული მომეგროვებინა და მშობლებთან მიმეტანა. მათაც ხომ უნდოდათ საჭმელი.

17 წლის ვიყავი, თავშესაფრიდან რომ წამოვედი და ისევ მათხოვრობა დავიწყე.

ჩემი ქმარი ციგანია. მას პირველი ცოლისგან 8 წლის ბავშვი ჰყავს, ისიც მათხოვრობს, ჩემი ქმრის პატარა ძმები, და, დისშვილები, ყველანი მათხოვრობენ. ჩემი ქმარი სულ სახლში იყო და მე მთხოვდა ფულს. ორსულს მცემდა. ერთხელ პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ შემეცოდა ციხისთვის და არ დავაჭერინე. ორსული რომ ვიყავი, დღეში 30-40-50 ლარს ვშოულობდი. ქმრისთვის ყველაფერს ვყიდულობდი, ტელეფონიც ვუყიდე..."