"მეუბნებოდა, მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო" - კვირის პალიტრა

"მეუბნებოდა, მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო"

"ბოლო დროს ძალიან არეული იყო. ვიღაცების მოკვლა უნდოდა, ამბობდა, არ მასვენებენ, მითვალთვალებენო..."

რუსთავში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილს, გოგიტა ირემაძეს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა. იმ საბედისწერო დღეს, დილის 10 საათზე, განგაში ატეხა ვალერის მამამ, სწორედ მასთან მოუხდა კონფლიქტი შვილს. მამამ გარეთ გამოსვლა მოახერხა და საშველად მეზობლებს უხმო, ამასობაში ვალერიმ ბინის კარი ჩაკეტა. შიგნით მძინარე გოგიტა იყო... პოლიცია მოვიდა, მაგრამ როგორც მეზობლები ამბობენ, 20-25 წუთი შორიდან უყურებდნენ ყველაფერს და ბინაში შესვლა არც უცდიათ. ბინაში ფანჯრიდან შეღწევა მეზობელმა, გიორგი დიასამიძემ გარისკა, მაგრამ წამებში უკან გამობრუნდა, რადგან დასისხლიანებულმა მამაკაცმა დანით ხელში მისკენაც გაიწია...

"პოლიციას მოსვლისთანავე რომ შეემტვრია კარი, იქნებ ეშველათ ბავშვისთვის"

გიორგი დიასამიძე, მეზობელი: "ვალერის მამა პირველად ჩვენთან ამოვიდა, შველას გვთხოვდა. მაშინვე ჩავედით პირველ სართულზე, ვალერი კარს არ აღებდა. მეზობელმა პატრული გამოიძახა, მოვიდნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც გააკეთეს, ფანჯარა გააღეს. ვეძახდით გარედან, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. როდემდე უნდა გვეყურებინა შორიდან, ცალი ხელი მოტეხილი მაქვს, მაგრამ ფანჯრიდან მაინც შევედი ბინაში. როგორც კი სამზარეულოს გავცდი, დავინახე ვალერი, შეშლილი სახე ჰქონდა, თვალები გადიდებული, არანორმალური გამომეტყველებით. დანით ჩემკენ გამოიწია და ისევ გარეთ გადმოვხტი. ბავშვი არ მინახავს, იქამდე ვერ მივედი. მერე ვალერი ფანჯარას მოადგა, სულ სისხლიანი იყო, რაღაცებს ყვიროდა, ღრიალებდა... პოლიციას ვთხოვდით შიგნით შესულიყო, მაგრამ გვპასუხობდნენ, ამის უფლება არ გვაქვსო. ვალერის ქვემოდან ვეძახდი, ვცდილობდი, ტელეფონი მიმეწოდებინა, რომ ამასობაში ფანჯრიდან გადმომეთრია, მაგრამ ყვიროდა და არ გვისმენდა... კარზე ბრახუნი რომ გაისმა, ამის შემდეგ გადმოხტა ფანჯრიდან და პოლიციელებმა მაშინ დააკავეს. მოსვლისთანავე რომ შეემტვრიათ მათ კარი, იქნებ ეშველათ ბავშვისთვის... მხეცი იყო მასში გაღვიძებული"...

რა მოხდა ტრაგედიის წინადღეს

დაჩეხილი ბავშვი პირველად ვალერი ირემაძის მეგობარმა, დავით ქებულაძემ ნახა: "სასტიკად დასახიჩრებული სისხლში ცურავდა. აბაზანაში ჩაეწვინა... წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო...

გოგიტას მშობლები დაშორებული არიან. ბავშვი ბაბუასა და ბიძასთან იზრდებოდა. მამა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული. ბიძამისს ძალიან უყვარდა და სულ ზრუნავდა მასზე. სკოლაში დაჰყავდა, უვლიდა. ის ავად იყო და ეს საშინელება ამიტომ დატრიალდა... ძალიან არეული იყო. მეუბნებოდა, მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო. ვიღაცების მოკვლა უნდოდა, არ მასვენებენ, მითვალთვალებენო. 10 ღამე არ უძინია. რომ მივხვდით, ფსიქიკურად არ იყო კარგად, მეგობრებმა რუსთავში, აზოტის კლინიკაში ჩავიყვანეთ. დამამშვიდებლები გაუკეთეს, მაგრამ ექიმმა გვითხრა, გადასაყვანია ფსიქიატრიულში და აუცილებლად წაიყვანეთ, თუ თქვენ არ წაიყვანთ, პატრულს გამოვიძახებთ და ისინი წაიყვანენო... თბილისში ჯერ ნარკოლოგიურში მივედით, იქ გვითხრეს, ფსიქიატრიულში გადაიყვანეთო. ეს კლინიკები გვერდიგვერ არის და ახლა უტიფრად აცხადებენ, თითქოს მათთვის არ მიგვიმართავს. რუსთავიდან 5 კაცი მოვყვებოდით და საავადმყოფოში არ შევიყვანდით? იქ ყველგან კამერებია, ამოიღონ ჩანაწერები.

ფსიქიატრიულში გვითხრეს, ადგილები არ გვაქვს და ვერ მივიღებთო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ადამიანი, რომელიც იმ მომენტში წამლით დაწყნარებული იყო და აგრესიას არ გამოხატავდა, არ იყო მძიმე პაციენტი. არადა, ვუხსნიდით, რომ რუსთავის კლინიკაში ნემსი ჰქონდა გაკეთებული.

მისი მეუღლე ეხვეწებოდა, არ გამოუშვათ, მძინარეს თავზე დანით მედგა წუხელო, მაგრამ არ მიგვიღეს და ახლა ამდენ ტყუილს ამბობენ... ადეკვატურად რომ ემოქმედათ, ეს მკვლელობა არ მოხდებოდა. წამლის მოქმედება გაუვიდა და ეს საშინელება დაატრიალა. ვინ არის ახლა ამაზე პასუხისმგებელი? ამბობენ, პაციენტი დარჩენაზე უარს ამბობდაო, ესეც ტყუილია, პირიქით, შველას გვთხოვდა. ველაპარაკეთ მეგობრები და იმ აზრამდე მივიყვანეთ, რომ ემკურნალა. გზაში ცოტა აზრზე მოვიდა, ხუმრობდა კიდეც, ფსიქიატრიულში მიგყავართო. გასაგებია, ნარკოლოგიურს თავისი კანონები აქვს და არ მიიღეს, მაგრამ ფსიქიატრიულიდან რატომ გამოგვატანეს ასეთი უმძიმესი პაციენტი?"

ვალერი ირემაძის კიდევ ერთი მეგობარი, ლაშა ჟორჟოლიანიც პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს: "ნარკოლოგიურში 3.000 ლარი მოგვთხოვეს. ვუთხარით, არსად გამქცევები არა ვართ, ხვალ დილით ფულს მოვიტანთ, ოღონდ უშველეთ-მეთქი, მაგრამ არც იქ არავინ მოგვისმინა. ჯერ ფული გადაიხადეთ და მერე დავაწვენთო. ორშაბათს უნდა წაგვეყვანა, ფული გადაგვეხადა და კვირას ეს უბედურება მოხდა...".

მეგობრების თქმით, ვალერი ირემაძეს 10 დღით ადრე მარიხუანა მოუწევია, თუმცა, ის ნარკოტიკის მომხმარებელი არ ყოფილა. მეგობრები მისი მდგომარეობის გამწვავებას მარიხუანასაც უკავშირებენ...

"იმ დღეს მამაკაცთა განყოფილება შევსებული იყო..."

ირინე ობოლაძე, სახალხო დამცველის შშმ პირთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი:

- ჩვენ მოვინახულეთ ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრები. ფსიქიატრიულ სტაციონარში სულ 85 საწოლია, აქედან 45 მამაკაცთა, ხოლო 40 შერეულ განყოფილებაში. იმ დღეს მამაკაცთა განყოფილება შევსებული იყო..

- იკვეთება თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი?

- ამ საკითხის დადგენა სახალხო დამცველის კომპეტენციას სცდება.

- ოჯახის წევრები ხშირად ჩივიან, რომ პაციენტებს არ იღებენ ადგილის უქონლობის გამო, ეს პრობლემა მწვავედ დგას? - სახალხო დამცველი ხშირად საუბრობს ფსიქიატრიული დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემაზე. ამასთან, პაციენტთა დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, მაგრამ მწვავე პრობლემა არა აქვთ, წლობით ცხოვრობენ იქ, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად მწვავე მდგომარეობის მქონე პირები ფსიქიატრიული დახმარების გარეშე რჩებიან.

- რა რეკომენდაციები ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატს? - საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დაუყოვნებლივ შემუშავება და სერვისების დანერგვა, მათ შორის, თავშესაფრის, დღის ცენტრებისა და საცხოვრისების მოწყობა.

"5 პოლიციელი ძლივს აკავებდა"

როგორც ირკვევა, ადრეც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პაციენტის ახლობლებს ადგილის უქონლობის გამო უარი უთხრეს. აი, რა გვიამბო ერთ-ერთმა მოქალაქემ (ვინაობას პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ):

"გასულ წელს ჩემი ნათესავი რაიონიდან პოლიციის თანხლებით ჩამოიყვანეს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გზაში 5 პოლიციელი ძლივს აკავებდა. მივედით ქავთარაძეზე, ფსიქიატრიულში, მაგრამ გვითხრეს, ადგილი არა გვაქვსო. მათთან ვერაფერს რომ ვერ გავხდი, სხვადასხვა უწყებაში ახლობლების შეწუხება გადავწყვიტე. ჯანდაცვის სამინისტროშიც დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. ექიმებიც ხედავდნენ, ეზოში როგორ გვყავდა გაკავებული. მერე მითხრეს, დღეს თბილისში გააჩერეთ ვინმესთან და რამეს მოგიხერხებთო. პოლიციელებმაც, ხვალ მოვიყვანოთო... მაშინ მათ მოვთხოვე ხელწერილი, თუ რამე მოხდებოდა, პასუხისმგებელი იქნებოდნენ. რომ არ შევეშვი, ფასიანი კლინიკების ტელეფონის ნომრები მომცეს. დავრეკე, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა. არადა, უფრო მწვავდებოდა პაციენტის მდგომარეობა. ბოლოს ვთქვი, არსად არ მიმყავს, აგერ ვართ ეზოში, რაც მოხდება, მოხდება, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი-მეთქი. მიხვდნენ, არ ვიყავით წამსვლელები და რამდენიმესაათიანი ლოდინის მერე მითხრეს, იქნებ რამე მოვახერხოთ, ნარკოლოგიურიდან დანგრეული საწოლი გადმოვიტანოთ და იმაზე დავაწვინოთ ერთი ღამე, მერე გათავისუფლდება ადგილი და პალატაში გადავიყვანთო. ძლივს აიყვანეს პოლიციელებმა სტაციონარში, ნემსი რომ გაეკეთებინათ. ამდენი რომ არ მებრძოლა, არ მიგვიღებდნენ".

"ჩვენი ტრაგედია არც პირველი იყო და არც ბოლო აღმოჩნდა"

2014 წლის 15 ივნისს თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, 4 წლის ნინო ჩიჟუკს ფსიქიკურად დაავადებულმა 28 წლის ბიძამ თავში შანდალი ჩაარტყა და მოკლა. ამ დროს გოგონას დედა, თამუნა ჟორჟოლიანი, მეორე ოთახში იყო, ხმაურზე გავიდა და შოკის მომგვრელი სურათი დახვდა... პირველად ძირს დაგდებული ძმა დაინახა - მას ორივე ხელზე ვენები და არტერია გადაეჭრა. დამ სისხლდენის შეჩერება სცადა და სწორედ ამ დროს შენიშნა, რომ იატაკზე მისი გოგონაც ეგდო. გამწარებული დედა ახლა შვილს მივარდა, პატარა ნინიკოს თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა, აღენიშნებოდა თავის ქალისა და სახის ძვლების მოტეხილობა.

ახლობლები მაშინაც ამბობდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფის სტაციონარში მოთავსების მხრივ პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი ტრაგედია არც პირველი იყო და არც ბოლო აღმოჩნდა", - გვითხრა ჟორჟოლიანების ახლობელმა.

რატომ არ დაიტოვეს საშიში პაციენტი ფსიქიატრიულში?!

ლაშა კილაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი:

- ირემაძის ოჯახი ამბობს, რომ ექიმებს ეხვეწებოდნენ, პაციენტი მიეღოთ კლინიკაში, ისიც კი უთხრეს, რომ მძინარე ცოლს თავზე დანით ედგა და ემუქრებოდა. რატომ ვერ მოხერხდა მისი კლინიკაში მოთავსება? - ვიდეოკამერებით დადასტურებულია, რომ პირველი ვიზიტი ნარკოლოგიურში ჰქონდათ... მათთან შესახვედრად ჩავიდა მორიგე ექიმი და 20-30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაცია. ექიმისთვის არავის უთქვამს, რომ პაციენტს დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული. როცა პაციენტი ექიმს ესაუბრებოდა, გარეთ სიცილ-ხარხარი იყო. პაციენტმა თქვა კიდეც, მე ვარ სამკურნალო თუ ესენიო. მისი მეუღლის განმარტებით, ის პერიოდულად არაადეკვატურად იქცეოდა, ამიტომ ექიმმა ნებაყოფლობითი მკურნალობა შესთავაზა, თუმცა პაციენტმა უარი განაცხადა. თუ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რატომ მიიყვანეს ნარკოლოგიურში და არა პირდაპირ ფსიქიატრიულში? ან რატომ წამოიყვანეს თბილისში, როცა რუსთავში ძალიან კარგი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებაა?

- მისი ახლობლები ამბობენ, რომ 10 დღით ადრე მან მარიხუანა მოსწია და ამის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა, ალბათ, ამიტომაც მიმართეს ნარკოლოგიურს.

- ექიმსაც უთხრეს, რომ მარიხუანა ჰქონდა მოწეული, მაგრამ, ვიმეორებ, პაციენტმა კატეგორიული უარი თქვა ნარკოლოგიურში მკურნალობაზე, კანონმდებლობით კი ნარკოლოგიის სტაციონარში იძულებითი მკურნალობა დაშვებული არ არის.

- მერე ფსიქიატრიულშიც მივიდნენ, იქ ხომ შეიძლებოდა იძულებითი მკურნალობა? - ფსიქიატრიულში არანებაყოფლობით მკურნალობას პროცედურები სჭირდება: სტაციონარი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობაზე და 48 საათის განმავლობაში ვალდებულია მიმართოს სასამართლოს. შემდეგ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელება-შეწყვეტის თაობაზე.

როგორც მორიგე ექიმი ამბობს, სტაციონირების მოთხოვნით მათ არ მიუმართავთ. ვიდეოკამერაში ჩანს, ორი მამაკაცი და ერთი ქალი მიდიან მორიგე ექიმთან და ეკითხებიან, თქვენთან სტაციონირება როგორ ხდებაო. ექიმმა განუმარტა და ისიც უთხრა, რომ მამაკაცების განყოფილებაში ადგილების დეფიციტი იყო, ამიტომ ურჩია, სხვა კლინიკისთვის მიემართათ. ჩვენ გარდა, კიდევ 4 კლინიკაა თბილისში. პაციენტის მდგომარეობის დეტალები რომ მოეყოლათ, ექიმი აუცილებლად გამონახავდა ადგილს და დააწვენდა. ამას ადასტურებს ვიდეოჩანაწერიც, ჩანს, რომ წუთი და 10 წამი რჩებიან ისინი ფსიქიატრთან და მერე გარეთ გადიან.

- როგორც ამბობენ, მეორე დღეს 3.000 ლარით უნდა მისულიყვნენ ნარკოლოგიურში. - 3.000 ლარზე ლაპარაკი ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენთან 3.000 ლარი არც ერთი სერვისი არ ღირს, ფსიქიატრია კი აბსოლუტურად უფასოა. როგორც ჩანს, დამამშვიდებელმა რეალური სურათი წაშალა, ირემაძისთვის რუსთავშიც გაუკეთებიათ გადასხმა, ამიტომ ვიზუალურად ფსიქოზი არ ეტყობოდა. ცუდად არის და გასინჯეთო, ისიც არ უთქვამთ ფსიქიატრისთვის, უბრალოდ იკითხეს, როგორ ხდება სტაციონირებაო. ამის შემდეგ ნარკოლოგიურში ბრუნდებიან, მისაღებში განიხილავენ რაღაცას და დაცვას ეკითხებიან, ხვალ რომ მოვიყვანოთ, დააწვენთო? დადებით პასუხს იღებენ და მიდიან.

- ჩვენი ინფორმაციით, ის ადრეც სვამდა ფსიქოტროპულ წამლებს, თუმცა მიუტოვებია.

- როგორც კი ასეთი პაციენტი ოდნავ უკეთესად იგრძნობს თავს, ხშირად უარს ამბობს წამლის მიღებაზე. შემდეგ კი პრობლემები თავიდან იწყება. თუ პაციენტი მედიკამენტს სისტემატურად მიიღებს, მწვავე ფსიქოზი არ განუვითარდება.

- კლინიკაში მართლაც არის ადგილების პრობლემა? - დიახ, სტაციონირების პრობლემაა და ამას გამუდმებით ვამბობ... ჩვენთან ცხვირს ვერ შეჰყოფ პალატებში, იმდენი პაციენტი გვყავს, რა ვქნათ, გარეთ გავუშვათ? ზოგი ხანჯლებითა და დანებით მოდის და პატრულის გამოძახება მჭირდება. რამდენიმე დღის წინაც შემოიყვანეს მწვავე პაციენტი და ოჯახის წევრმა მორიგე ექიმს უთხრა, ჯიბეში დანა უდევს და ყურადღებით იყავითო. ისევ დაგვჭირდა პატრულის გამოძახება დანის ჩამოსართმევად. ჩვენს ექიმებს ურთულეს პაციენტებთან უწევთ მუშაობა. ჩვენთან მომართვიანობა იმაზე მეტია, ვიდრე შეგვიძლია მივიღოთ. თელავში გრანტით შენდება ფსიქიატრიული კლინიკა და ამის მოწინააღმდეგეები არიან. არადა, ძალიან გვჭირდება ასეთი კლინიკები, ფსიქიატრიული პრობლემის მქონე მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ. ბოლო წლებში 8 მილიონით გაიზარდა ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დაფინანსება. ამავე დროს კადრების დეფიციტია, არავის უნდა ამ განხრით წასვლა.

- რამდენი პაციენტი გყავთ აღრიცხვაზე?

- აქტიური 5000-მდე, პასიური კი ბევრად მეტია, საქართველოში დაავადებულების 35% ჩვენს ცენტრშია რეგისტრირებული.

- როგორც ვიცი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფსიქიკური დაავადება მწვავდება. რას ურჩევდით მათ, ვისაც ასეთი პაციენტები ჰყავთ? - ვინც წამალს მუდმივად იღებს, მას პრობლემა არ ექმნება. საზოგადოებაში არსებობს სტიგმა, ფსიქიატრის გაგონებაც არ უნდათ, არასპეციალისტ ექიმთან მკურნალობას კი სავალალო შედეგი მოაქვს.

- მარიხუანას მოხმარება გაამწვავებდა მდგომარეობას?

- მარიხუანა ძალიან საშიშია. დღეს ძალიან ბევრი ეწევა "პლანს" და ისინი ხელიდან უნდა გამოვტაცოთ ამ უბედურებას... არ არსებობს ლამაზი და საყვარელი ნარკოტიკი, ყველა სახის ნარკოტიკი საშიში, დამანგრეველი და მომაკვდინებელია.