8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

28 წლის მამაკაცის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის შემდეგ როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ დედისა და 8 წლის გოგონას ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს ერთი მოწმე, ხოლო დაცვის მხარეს ხუთი მოწმე ჰყავს და მიიჩნევენ, რომ შეძლებენ ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმე ეხება 8 წლის გოგონას დედის განცხადებს, რომლის თანახმადაც, მისი შვილის მიმართ აჭარაში, ერთ-ერთ სასტუმროში, 28 წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობდა, რომელიც ამავე სასტუმროს მეპატრონეა. 8 წლის გოგონას საქმეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სოციალური სააგენტო და ფსიქოლოგები არიან ჩართული. ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ სამუშაოდ ჩავიდა.

"ინტერპრესნიუსი"