რას ამბობს მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისი ჩვენების ფრაგმენტის გასაჯაროებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისი ჩვენების ფრაგმენტის გასაჯაროებაზე?

ასეთი ამოგლეჯილი პასაჟები, სამწუხაროდ პერიოდულად ვრცელდება, - ასე პასუხობს "თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ჩვენების ნაწილს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქმე მთლიანად შეისწავლონ სპეციალისტებმა, რათა ასეთი ამოგლეჯილი ინფორმაციებით საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში.

"ეს საქმე ეხება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს, ამას სჭირდება სპეციალისტების მუშაობა. ნებისმიერი ასეთი ამოგლეჯილი პასაჟები, სამწუხაროდ პერიოდულად ვრცელდება, მათ ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

"ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად"

"ინტერპრესნიუსი"