"იაგო ნებიერიძეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობა სურდა, თუმცა..." - რას ამბობს 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"იაგო ნებიერიძეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობა სურდა, თუმცა..." - რას ამბობს 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

იაგო ნებიერიძეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობა სურდა, თუმცა, ამის უფლება მოუსპეს. ვნახოთ, შეიძლება გარისკოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს, ბრალდების მხარე საქმის მასალებს ასაჯაროებს, რითიც ის დაცვის მხარეს არათანაბარ პირობებში ამყოფებს. საუბარია, იმ ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროებაზე, რომლის მიხედვითაც, მავთულზე, რითიც ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა.

"მას მოუსპეს უფლება, ისარგებლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი, რადგან მთელმა საქართველომ, სადაც საინფორმაციო წყაროების დაფარვის ზონაა, მისი ფოტოები ნახა. ქვეყანაში არ, ან ვერ მოიპოვება ადამიანი, რომელიც შეიძლება ნაფიც მსაჯულად შეარჩიონ. შესაბამისად, მას დასაწყისშივე მოესპო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.

დაცვის მხარეს გაუთქმელობაზე მოგვაწერინეს ხელი, თუმცა, მეორე მხარემ ლამის გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნა და განაჩენიც გამოიტანა. მისი ფოტოები ყველა პროფილში ატრიალეს. ეს ფოტოები მას ოჯახში არ ჰქონია, ალბათ, პოლიციაში გადაუღეს. ძალიან ცუდად მოექცნენ, როცა ასე გაავრცელეს ინფორმაცია, მისი ფოტოები. შესაბამისად, არათანაბარ პირობებში ვართ დაცვისა და ბრალდების მხარე. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ, არავინ იცის ეს ადამიანი დამნაშავეა, თუ უდანაშაულო. ფაქტობრივად, განაჩენი გამოტანილი აქვთ, ასე გამოდის", - აცხადებს პაპოშვილი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს, ის გაჩუმებას არ აპირებს. ადვოკატის თქმითვე, ამ ყველაფრის ფონზე, ნებიერიძისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობა წამგებიანი იქნება.

"ვფიქრობ, მისთვის წამგებიანი იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინაიდან მომხდარი ფაქტით საზოგადოების გულისწყრომაა გამოწვეული. თუმცა, არავინ იცის ვინაა დამნაშავე. ნაფიც მსაჯულთა არჩევის გადაწყვეტილება გაგვიჭირდება, თუმცა, შეიძლება გარისკოს, არ ვიცი. ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებით სარგებლობს, მაგრამ გაჩუმებას არ აპირებს.

რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგებს, ის სანამ გამოკვლეული არ იქნება, ექსპერტები არ დაიკითხებიან, არ დავაზუსტებთ ზოგიერთ საკითხს, როგორ შეიძლება ასე გაჟღერება და საქვეყნოდ გაცხადება? ეს აბსოლუტურად მიუღებელია! ძალიან ცუდად მოიქცა ბრალდების მხარე, როცა დაზარალებულ მხარეს გააცნო, თუ გადასცა ექსპერტიზის დასკვნა და მის გარშემო სხვადასხვა მოსაზრებები გაავრცელეს. ეს სწორი არ არის", - აცხადებს პაპოშვილი.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 თებერვალსაა ჩანიშნული. პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იხილეთ ასევე: მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა

"ინტერპრესნიუსი"