ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი - რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი - რას ამბობენ შსს-ში?

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, რომელიც გუშინ მათთან შეიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"