ლევან მურუსიძე:"ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან" - კვირის პალიტრა

ლევან მურუსიძე:"ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან"

"ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან,“ - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მურუსიძე მიიჩნევს, რომ ეს მონაპოვარი უნდა შენარჩუნდეს.

"რეალურად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ყველა თანამედროვე ქვეყანაში არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გარანტია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან და მე ვფიქრობ, რომ ეს მონაპოვარი უნდა შენარჩუნდეს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. კანონპროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. მას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

9 დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადადებას მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ 15-მა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძაობის“ 5 წევრმა, "პატრიოტთა ალიანის" 6 დეპუტატმა, "ქართული ოცნების" 17-მა დეპუტატმა და ფრაქციის გარეშე დარჩენილმა ორმა დეპუტატმა.

"ინტერპრესნიუსი"