ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს ბრალი წაუყენეს

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, ლაშა სიხარულიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა, გიორგი ანთიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიხარულიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმის მასალების მიხედვით, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, მას ედავებიან მკვლელობის მცდელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. თავს რა თქმა უნდა დამნაშავედ არ ცნობს, საქმის მასალებს გავეცნობით და ამის მიხედვით მივცემთ ჩვენებას საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს.

სიხარულიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არის სუსტი. იმ საქმის მასალებით, რაც გადმომეცა, ცალსახად არის დადასტურებული, რომ არც მისი პირადი ჩხრეკისას და არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ არის. შესაბამისად, არც დაჭრის იარაღია ამოღებული", -განაცხადა ანთიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

"ინტერპრესნიუსი"