"მურუსიძე-ჩინძალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში" - კვირის პალიტრა

"მურუსიძე-ჩინძალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში"

მურუსიძე-ჩინძალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამეტში განუცხადა, სადაც ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმებია.

ანა დოლიძის თქმით, სასამართლოების შესახებ არსებული კანონპროექტი სასამართლო სიტემაში არსებულ "კლანზეა" მორგებული. "ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა "კლანს". კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპრექტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებზე ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში თუ არ იქნება მათი ხელდასმა და დალოცვა. ამ შემთხვევაში შეხვედრაზე მოსვლის ჩემი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მთავარ დონორებს, სახელმწიფოებს, როლებმაც მურუსიძე-ჩინალაძის სასამართლოში ჩადეს მილიონობით დოლარი და ევრო, დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დრამატულ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ისტორიის განვითარებისა. ეს არ არის რამე მუხლისა და პუნქტის ამბავი. აქ ან შედგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ან საბოლოო ჯამში, ეს ინსტიტუტი მთლიანად ჩაბარდება ამ დაჯგუფებას. შესაბამისად, არ მგონია ამერიკას, ევროკავშირს და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს ძალიან აინტერესებდეთ ამ დაჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერება.

საქართველოს პარლამენტში, დაახლოებით ერთი თვის წინ, მე და ნაზი ჯანეზაშვილმა წარვადგინეთ ხუთპრინციპიანი საკანონმდებლო წინადადება. მთავარი მოთხოვნა აქ არის ის, რომ მოსამართლეების დანიშვნას არ წყვეტდეს უმრავლესობა, რომელიც უკვე არსებობს იუსტიციის საბჭოში. ანუ უმცირესობასაც მიეცეს რამე ძალაუფლება. დღეს ეს ძალაუფლება არ გვაქვს და მურუსიძე-ჩინძალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელი რომ იყოს, იმასაც დანიშნავენ. ამ პროცესში მეორე პრინციპი არის ის, რომ პროცესი იყოს ღია და "კლანისგან" დამოუკიდებელ ადამიანებს მიეცეთ საშუალება იქ შესვლის. კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით ეს სისტემა ჩაკეტილია", - განაცხადა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"