"სასიკვდილოდ დაჭრილი მამა შვილმა იპოვა" - კვირის პალიტრა

"სასიკვდილოდ დაჭრილი მამა შვილმა იპოვა"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სისხლიანი გარჩევის შედეგად 1972 წელს დაბადებული აკაკი მოქია გარდაიცვალა, 1966 წელს დაბადებული გია ტუღუში კი მძიმედ არის დაჭრილი. დანაშაულიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული მ.ს., რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულმა მკვლელობა ღამით, სანადირო თოფით ჩაიდინა.

მომხდარის შესახებ ამავე სოფლის მცხოვრები გვესაუბრება: - საშინელება მოხდა თანასოფლელმა მეზობლები მოსაკლავად გაიმეტა. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო დროს ოჯახით სოფლიდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა უმეტესწილად მაინც სოფელში იყო. ტრაგდეიის წინა დღეს გია ტუღუშის, რომელიც მძიმედ არის დაჭრილი, მამის ორმოცი იყო, სადაც მკვლელობაში ბრალდებული დაპატიჟეს. იქ ისე დათვრა, რომ მიცვალებულის პატივისცემაც დაივიწყა და ცოცხლისაც. უშვერად ილანძღებოდა. რომ აღარ გაჩერდა, ცხადია, უხეშად დაელაპარაკნენ და ამით დამთავრდა ყველაფერი; როგოც ამბობენ, მიუხედავად კონფლიქტისა, ის სუფრაზე ბოლომდე იყო. მაგრამ როგორც ჩანს, მომხდარი გულში ჩარჩა და მეორე დღისთვის უკვე მკვლელობისთვის მზადება დაუწყო.

როგორც ჩანს, დაღამებას დაელოდა, რომ არავის დაენახა. როცა უკვე დაბნელდა, ჯერ გია ტუღუშთან მივიდა და დაიძახა. გია, მარტო იყო სახლში, ღამე რას დაინახავდა, თოფით რომ მიადგნენ მოსაკლავად, ამიტომ გამოვიდა, სტუმარი სახლში შეიპატიჟა და წინ წაუძღვა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს ზურგიდან  ესროლა. გიას კისერი და მხრები აქვს საფანტით დაცხრილული და მხოლოდ ამიტომ გადარჩა ცოცხალი, რომ სროლა ზურგიდან იყო. ეგონა ალბათ მოვკალიო, დაჭრილი მიატოვა და უკვე აკაკის მოსაკლავად წავიდა.

კიდევ კარგი, გია ბედმა არ გაწირა, მეზობელმა გაიგონა სროლის ხმა, გამოვარდა და სასწრაფო გამოიძახა, ამან შეანარჩუნებინა სიცოცხლე. საწყალ აკაკისთან კი ოჯახში შინ იყო ყველა, მაგრამ თოფის ხმა არავის გაუგია. აკაკის დიდი ეზო აქვს, ძახილის გაგონებისას საკმაოდ დიდ მანძილზე გამოვიდა სტუმრის შესაგებებლად. ამიტომ ოჯახმა თოფის ხმა ვერ გაიგონა, შვილმა მხოლოდ მოგვიანებით იპოვა სასიკვდილოდ დაჭრილი მამა ეზოში. საუბედუროდ, უკვე იმდენი სისხლი ჰქონდა დაკარგული, სასწრაფოს ბრიგადამ კი გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახში საშინელება ტრიალებს, აკაკის ტყუპისცალი ძმა ჰყავს, რომელიც იმდენად განიცდის ძმის გარდაცვალებას, განახევრდა ადამიანი... ამ ბოროტების ჩამდენი კი მიიმალა, მაგრამ როდემდე დაიმალებოდა… დააკავეს, თუმცა მისი ჩადენილი ბოროტების გამოსწორება უკვე შეუძლებელია.

(სპეციალურად საიტისთვის)