ირინა ონაშვილის გაქურდვის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ირინა ონაშვილის გაქურდვის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირინა ონაშვილის სახლიდან სამკაულების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო", – აცხადებენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად ირინა ონაშვილმა განუცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"