მეზობლებს შორის კონფლიქტი, რომელიც განგსტერული გარჩევით გაგრძელდა და სისხლისღვრით დამთავრდა
მეზობლებს შორის კონფლიქტი, რომელიც განგსტერული გარჩევით გაგრძელდა და სისხლისღვრით დამთავრდა
ფოტო:გარდაცვლილი ზვიად ჯაფარიძე
23 თებერვალს, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პროკურორ გია შაიშმელაშვილის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მხილებულ ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დარბაზი სავსე იყო ბრალდებულთა გულშემატკივრებით. ბევრმა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო ადგილების სიმცირის გამო და გარედან ადევნებდა თვალს პროცესის მსვლელობას

საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი გარჩევა ვერცხლის ქუჩაზე 19 თებერვალს, საღამოს 5 საათზე მოხდა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი. თბილისში, ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე ზაზა სიხარულიძე და ძმები
- ალექსანდრე და ბესო ბიძინაშვილები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ზაზა სახლში რემონტს აკეთებდა. მის მუშასთან თურმე ბესო ბიძინაშვილს მოუხდა კონფლიქტი. ამის გამო მეზობლებს ურთიერთობა ისე დაეძაბათ, რომ საქმე საქმის გარჩევამდე მივიდა. მეზობლური დავის მოგვარებაში ზაზას მეგობარი, ზვიად ჯაფარიძე ჩაერთო. სწორედ ამიტომ მივიდა ის უბანში.

გამოძიების მტკიცებით,
ზაზა სიხარულიძე თავისი მერსედერსის მარკის ავტომანქანით იდგა ვერცხლის ქუჩაზე, მას თან ახლდა ზვიად ჯაფარიძე, რომელიც მანქანის წინა სავარძელში, მძღოლის გვერდზე იჯდა. ისინი ბესიკ ბიძინაშვილს შეხვდნენ, შეხვედრაზე ბესო ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად მივიდა. პროკურატურა აცხადებს, რომ იქვე ახლოს იმყოფებოდნენ ზაზას ძმისშვილი ლაშა სიხარულიძე და ლაშას მეგობრები: გიორგი დიდებულიძე, ლევან პეტრიაშვილი, მიხეილ ხაჩიძე და გამოძიებისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი კიდევ რამდენიმე პირი. მანქანის უკანა სალონში ჩაჯდა მათთან სასაუბროდ ბესო ბიძინაშვილი.

გამოძიება ირწმუნება, რომ ამ დროს მანქანასთან მივიდა ლაშა სიხარულიძე, გამოაღო მანქანის უკანა მარცხენა კარი და მანქანაში მყოფ ბესიკ ბიძინაშვილს განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

ეს დაინახა იქვე მყოფმა ბესოს ძმამ, ალექსანდრე ბიძინაშვილმა, ისიც შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული იყო, მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით, ზაზა სიხარულიძის მანქანაში მყოფი ადამიანების მისამართით სროლა ატეხა. სროლის ხმაზე შეშინებული ზაზა სიხარულიძე და ზვიად ჯაფარიძე მანქანიდან ჩავიდნენ და შეეცადნენ უკანა მხრიდან ამოფარებოდნენ ავტომანქანას. ამ დროს ალექსანდრე ბიძინაშვილმა გააგრძელა სროლა და 50 წლის ზვიად ჯაფარიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ზვიადი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო დაჭრილი ბესიკი ბიძინაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჯერჯერობით დაზარალებული ბიძინაშვილი ძალოვნებს არ დაუკითხავთ.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ყველა თვითმხილველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დრომდე ძალოვნები ეძებენ დაჭრილის ძმას, ალექსანდრე ბიძინაშვილს. 33 წლის ლაშა სიხარულიძეს ბესო ბიძინაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება შენახვაში ედება ბრალი. ლაშას ბიძა, ზაზა სიხარულიძე, 36 წლის მიხეილ ხაჩიძე, 27 წლის ლევან პეტრიაშვილი და 31 წლის გიორგი დიდებულიძე, ოთხივე, დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვაშია ბრალდებული და აღნიშნული მუხლი 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლევან პეტრიაშვილის გარდა, ყველა ბრალდებული ადრე ნასამართლევია სხვადასხვა დანაშაულებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულის გახსნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ხუთივე ერთად დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან მის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, სადისტურად არის მოკლული ზვიად ჯაფარიძე. მას 7 ტყვია დაახალეს, მათ შორის ერთი სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს. ჯაფარიძე წარსულში არაერთხელ ნასამართლევია. ნასამართლევია ზაზა სიხარულიძეც, ის 2005 წელს გაასამართლეს და 10 წელი ჰქონდა მისჯილი.

სასამართლო პროცესზე არც ერთ ბრალდებულს არ უსაუბრია მომხდარის ირგვლივ. მათ ჯერ ჩვენება არ მიუციათ. პროკურორი გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ დაკავებული არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. თუმცა ამას არ დაეთანხმა ლაშა სიხარულიძის ადვოკატი. მისი თქმით, მართალია ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს ლაშა სიხარულიძე, თუმცა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზად არის დეტალური ჩვენება მისცეს. ადვოკატი გიორგი ანთაძე ლაშა სიხარულიძეს და მიხეილ ხაჩიძეს იცავს. იგი არ დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას მათთვის პატიმრობის შეფარდებაზე, ორივე ბრალდებულის გირაოთი განთავისუფლება ითხოვა_ ლაშა სიხარულის 10000 ლარიანი, ხოლო მიხეილ ხაჩიძის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება. ადვოკატი ამბობს, რომ არსებითი განხილვის დროს ბრალდებული დეტალურ ჩვენებას მისცემს, იმასაც ადასტურებს, რომ ლაშა სიხარულიძე იცნობდა როგორც მოკლულ ჯაფარიძეს, ასევე ბიძინაშვილს, რომლის მკვლელობის მცდელობაში მას ადანაშაულებენ, ისიც ადრე ნასამართლევია. ასევე ნასამართლევია ბიძინაშვილიც.


kaxa
25 თებერვალი 2019 10:40
ტყუილი კი არ უთქვამს ბრძენს, კუზიანს სამარე გაასწორებსო

რუბრიკის სხვა სიახლეები
20-01-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
20-01-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?