"სპეციალურ სამალავში შესაძლებელია რამდენიმე ასეული კილო ნარკოტიკის შენახვა" - რა სქემებს იყენებს საერთაშორისო ნარკომაფია საქართველოში - კვირის პალიტრა

"სპეციალურ სამალავში შესაძლებელია რამდენიმე ასეული კილო ნარკოტიკის შენახვა" - რა სქემებს იყენებს საერთაშორისო ნარკომაფია საქართველოში

"კანაბისის რეგულარულ მოხმარებას დნმ-ის შეცვლა შეუძლია"(!)

"40 წელია ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემებზე ვმუშაობ, ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზეც და ვიცი, რა ძნელი და დაუფასებელი საქმეა ნარკომანიასთან ბრძოლა.

ნარკოტიკი უზარმაზარ მოგებას იძლევა. ცდუნებაც უდიდესია - დღე არ გავა, ნარკოგამსაღებლები არ დააკავონ, მდგომარეობა კი მაინც უაღრესად რთულია. ცდუნება დიდი აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ამ საქმეს "ებრძვიან". სწორედ ამიტომ არის საჭირო შიდაკონტროლის მძლავრი მექანიზმი", - ამბობს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ჯემალ ჯანაშია და იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რომლებიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანას დაემუქროს.

-  დღეს ქართული "ნარკოსცენა" ასე გამოიყურება: ინტრავენურ ნარკომანთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. გაეროს კვლევებით, ასიათას სულ მოსახლეზე ამ კატეგორიის ნარკოტიკების მომხმარებლებით დღეს მსოფლიოში მესამე სახელმწიფო ვართ რუსეთის შემდეგ. მკვეთრად გაიზარდა კანაბისის (მარიხუანა) მომხმარებელთა რიცხვიც. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელმა ევროპის სასკოლო კვლევამ (ESPAD) ცხადყო, რომ არალეგალური ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება ქართველ მოსწავლეებში უფრო მაღალია, ვიდრე ევროპულ სკოლებში. დაფიქსირდა ბიონარკოტიკისა და "ამფეტამინის" ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების არაერთი ტრაგიკული შემთხვევა. პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს 2017 წელს ჩატარებული კვლევით დადასტურდა ნარკოტიკების მომხმარებელთა გაახალგაზრდავება. გამოკითხულთა 42.6% ამბობს, რომ პირველად ნარკოტიკი 18-24 წლისამ მოიხმარა, 34,4%-მა კი მაშინ გასინჯა, როცა არასრულწლოვანი იყო. 72.3%-მა პირველ ნარკოტიკულ საშუალებად სწორედ კანაბისი (და არა მარიხუანა, რაც არასწორ ტერმინად დამკვიდრდა სამართლებრივ სივრცეში) მოიხმარა და შემდეგ გადავიდა უფრო ძლიერ ნარკოტიკზე.

-  ხელისუფლებამ ნარკოდილერებს ომი გამოუცხადა. ამის მიუხედავად, იზრდება მომხმარებელთა რიცხვი. დღეს რამდენი პრობლემური ნარკომომხმარებელია საქართველოში? საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბემონის" კვლევამ დაადასტურა, რომ სისტემატურად იზრდება ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლის რიცხვი. 2012 წელს 45 ათასი იყო, 2015 წელს 53 ათასს მიაღწია, დღეს კი 60 ათასს მიუახლოვდა. შეიძლება ითქვას, საქართველო ნარკოტიკებით დაზიანებული კლასიკური ქვეყნის ნიმუშია, რომელსაც ევროპულ ნარკოსტრატეგიაზე დაფუძნებული ეროვნული ნარკოპოლიტიკა და სამოქმედო გეგმა სჭირდება, რაც უნდა დაეფუძნოს 4 ფუნდამენტურ მიდგომას: მკურნალობას, პრევენციას, ზიანის შემცირებას, სამართალდამცავთა მოქმედებას. ამას უნდა დავამატოთ კანონშემოქმედებითი საქმიანობა - ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტური მექანიზმი, რომელიც ებრძვის ნარკოტიკებით ვაჭრობას, საერთაშორისო ტრანზიტს, ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შიდაწარმოებას.

ჩვენ გარშემო (აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში) ნარკოტიკების, მათ შორის, კანაბისის შენახვა-მოხმარება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი მომხმარებელი და გამსაღებელი ჩვენკენ გამოემგზავრება და ნარკოტიკებითაც მოგვამარაგებს.

-  რა გზით არის შესაძლებელი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა-გასაღება? -  მისასალმებელია, რომ აბრეშუმის გზა სულ უფრო იკრებს ძალას, რაზეც ტვირთბრუნვის გაზრდილი მოცულობა მიუთითებს. მაგალითად, ერთ თვეში საქართველოს საზღვარს ირანიდან დაახლოებით 1350 სატვირთო, ტრაილერის ტიპის მანქანა კვეთს, თურქეთიდან - 10 500, რუსეთიდან - 6000, აზერბაიჯანიდან - 4500, სომხეთიდან 3000-მდე. უმეტესად კომერციული და სხვა დანიშნულების ტვირთებია, მაგრამ არ არის გამორიცხული, მათ დანაშაულებრივი ტვირთებიც გადმოჰქონდეთ. ასეთი არაერთი ფაქტი ყოფილა სამართალდამცავთა პრაქტიკაში, მაგრამ მათი გაჩერება ოპერატიული ინფორმაციის გარეშე და უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ამოღება სირთულეებთან არის დაკავშირებული და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. პრობლემაა საზღვარზე ტვირთის გარეშე შემოსული სატვირთო მანქანებიც, რომლებიც საბაჟო კონტროლის ზონაში არ ექცევიან, შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი საქართველოში შემოსვლამდე მარშრუტის შესწავლა, აქ არსებულ კომპანიებთან მათი კავშირის გაანალიზება, რაც ნარკოტიკების გადამზიდი პირებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ერთ ცარიელ სატვირთო მანქანაში სპეციალურ სამალავში შესაძლებელია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების შენახვა და მისი საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვა. ასეთი ტიპის მანქანები მხოლოდ სასაზღვრო კონტროლს გადიან.

-  რომელი მარშრუტებით და რა სქემებით ხელმძღვანელობს ნარკობიზნესი და რამდენად იოლია მათი გაშიფვრა?გაეროს კვლევებით, ავღანეთიდან ევროპისკენ ნარკოტიკის 105 მარშრუტია. აქედან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. გაეროს კვლევებით, 2000 წლიდან დღემდე ავღანეთი წელიწადში აწარმოებს 83 900 ტონა ოპიუმს, რომლის დიდი ნაწილი მომხმარებელთან ლეგალურ ტვირთებთან ერთად ხვდება. ასეთი ფაქტი არაერთი ყოფილა საქართველოში. უკანონო ნარკოტიკების გამოვლენის მსოფლიო და ევროპული პრაქტიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების 70-80% საბაჟო სამსახურებზე მოდის.

ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთი მედიკამენტებისა და ხილის ექსპორტს იწყებს, რისთვისაც გამოიყენებს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სატრანზიტო გზებს. ეს საყურადღებო უნდა იყოს საქართველოს შესაბამისი სამსახურებისთვის, ვინაიდან ავღანეთი ჰეროინის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. შესაბამისად, ნარკორეალიზატორებს შესაძლებლობა ექნებათ ავღანეთიდან ირანში ან სხვა სახელმწიფოში გადაზიდვის გარეშე, პირდაპირ ადგილზევე ჩატვირთონ ჰეროინი საექსპორტოდ გამზადებული მანქანების სპეცსამალავებში ან ტვირთში. იმავე გაეროს კვლევებით, საერთაშორისო ნარკობიზნესი ნარკოტიკების გადასაზიდად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, რომლებიც, ფაქტობრივად, საერთაშორისო და შიდასამართლებრივ ვაკუუმში ცხოვრობენ. ამას საერთაშორისო ნარკომაფია კარგად იყენებს. ხშირად სწორედ იქიდან გაედინება უკანონო ნარკოტიკები ევროპისკენ და მოდის საქართველოშიც.

-  ნარკობიზნესის განვითარება ლობირების გარეშე, ალბათ, შეუძლებელია. ვინ შეიძლება "კრიშავდეს" მას? -  ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. როგორც მოგახსენეთ, ნარკოტიკი უდიდეს მოგებას იძლევა. მაგალითად, 1 გრამი მაღალი კონცენტრაციის კანაბისის ფასი მწარმოებლიდან მომხმარებლამდე 50-100-ჯერ იზრდება. რაც შეეხება "კრიშას", თუ კონტროლის მექანიზმი მუშაობს, უკანონო კავშირები გამოჩნდება. არა მგონია, შეუძლებელი იყოს მაღალ ეშელონებში "კრიშის" გამოაშკარავება, რადგან საკმარისია, ჩვენი ქვეყნის მეშვეობით ნარკოტიკის დიდი პარტია გავიდეს, მას სხვა ქვეყნის საზღვრებთან დააკავებენ და სქემაც გაიშიფრება. თუმცა საერთაშორისო ნარკობიზნესს კავკასია ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ვექტორად მიაჩნია ტექნიკური აღჭურვილობით, საკადრო პოლიტიკით, საკანონმდებლო სისტემებით და ამიტომ ისინი არც ეძებენ "კრიშებს", ისე ატარებენ უკანონო ტვირთს.

-  კანაბისისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არადა, ცნობილია, რომ გამოიყვანეს კანაბისის ახალი ჯიშები, რომლებიც სიძლიერით თითქმის არ ჩამოუვარდებიან ძლიერ ნარკოტიკს. კანაბისი, ე.წ. მარიხუანა, უფრო და უფრო საშიში ნარკოტიკი ხდება. საერთაშორისო ნარკობიზნესმა შეისწავლა ევროპის კონტინენტზე კანაბისთან დაკავშირებული ლიბერალური ნარკოკანონმდებლობა და დაიწყო უკანონო, წელიწადში 300-მილიარდიანი მოგების კიდევ უფრო გაფართოებაზე ფიქრი. ამის მაგალითია ავღანეთში ოპიუმთან ერთად კანაბისის წარმოების გაფართოება. მათ ხანგრძლივი სელექციის შედეგად გამოიყვანეს ახალი ჯიშები, რომლებშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია მუდმივად იზრდება: 1975 წელს ის შეადგენდა 1,5%-ს, 2000 წელს - 7,6%-ს, 2018 წელს კი 30-35%-ს მიაღწია. ის სიძლიერით არ ჩამოუვარდება ოპიუმს და მისი მოხმარება გამოუცდელი ნარკომომხმარებლისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშოა: კანაბისის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია ადამიანის გენეტიკური კოდის, დნმ-ის შეცვლა.

-  ეს მეცნიერულად დადასტურებულია, თუ მხოლოდ ჰიპოთეზაა? -  ეს საკითხები საფუძვლიანად შეისწავლა ცნობილმა მეცნიერმა, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე პაპიტაშვილმა. მან გენეტიკურ ეფექტებთან დაკავშირებული ანალიზი ჩაატარა, ასევე შეისწავლა კანაბისის მოხმარების გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ჰორმონებზე და მოჰყავს ავსტრალიის უნივერსიტეტის დოქტორ სტიუარტ რისის დასკვნა, რომ კანაბისის მოხმარება უკანასკნელ წლებში გლობალურად იზრდება, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობაზე. მაშინაც კი, თუ დედას არც ერთხელ არ მოუხმარებია კანაბისი, მამის სპერმით მიღებულმა მუტაციებმა ბავშვებში შეიძლება სერიოზული და ფატალური დაავადებები გამოიწვიოს. მიმოხილვაში მოცემულია კანაბისის მოხმარების გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ჰორმონებსა და სპერმის ხარისხზე.

კანაბისის მომხმარებელი 1215 ახალგაზრდა მამაკაცის კვლევით დადასტურდა მისი გენეტიკური ეფექტი, ანუ კანაბისის მოხმარება აზიანებს და ცვლის დნმ-ს, იძლევა პათოლოგიურ შედეგებს შთამომავლობაში. მეცნიერები მას უკავშირებენ უჯრედში მიმდინარე ისეთი პროცესების განვითარებას, რომელსაც შეუძლია ზოგიერთი სახის კიბოს, ნაყოფის დეფექტისა და სხვა სერიოზული დაავადებების გამოწვევა.

ნანა ფიცხელაური