"თაღლითობაში მონაწილეთა 95% დევნილები არიან" - კვირის პალიტრა

"თაღლითობაში მონაწილეთა 95% დევნილები არიან"

"ვერ ვიპოვე სამართალი, ჯანმრთელობა რომ მიწყობდეს ხელს, ვიშიმშილებდი, მაგრამ მძიმე ავადმყოფი ვარ"

რამდენიმე წელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს ბინებს გადასცემს, თუმცა ისინი ჩივიან, რომ არის ბევრი ხარვეზი და ხშირად სუბიექტური მიდგომა, რაც მათ არცთუ უსაფუძვლო ეჭვს იწვევს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ქულათა მინიჭების სისტემით მიმდინარეობს, რომლის მინიჭება-არმინიჭებაზე, ასევე შეკრება-გამოკლების შესახებ დევნილებს არაერთი კითხვა აქვთ, რადგან, მათი ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქულა მიანიჭეს ისეთ ოჯახს, რომელსაც უკვე ჰქონდა ბინა მიღებული...

"ვიცი, რომ რამდენიმეს მისცეს ბინა, მაგრამ მეორე წელია, საცხოვრებლად არ გადასულან"

ნათია: - 13 წელია დევნილის მეუღლე ვარ და ამ ხნის განმავლობაში კომპაქტურ ჩასახლებაში, 17 კვმ ფართობში ვცხოვრობ მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, რომელთაგან ერთი შშმ პირია. სველი წერტილები არა გვაქვს და იმავე სართულზე, დერეფნის ბოლოში, დედამთილ-მამამთილის ოთახში დავდივართ. მეუღლეს ხან ჰქონდა სამსახური, ხან არა, ამიტომაც ქულებს ჯერ დაგვიმატებდნენ, მერე ჩამოგვაკლებდნენ. ბავშვს აუტიზმის სპექტრი აქვს და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ამას წინათ გავიგე, რომ ვისაც დევნილისა და შშმ პირის სტატუსი აქვს, წელიწადში ერთხელ ერთჯერად დახმარებად 150 ლარს აძლევენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ახლობელი გყავს. მეზობელმა მითხრა, შარშანაც ავიღეო, მის შვილსაც აუტიზმის სპექტრი აქვს... რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ ოროთახიანი ბინა მივიღოთ. ისიც ვიცი, რომ რამდენიმეს მისცეს "ჰუალინგში" ბინა, მაგრამ მეორე წელია, საცხოვრებლად არც გადასულან, სტუდქალაქის ბინებში ცხოვრობენ. ასეთი ფაქტების შემდეგ გაგიჩნდება კითხვები, აბა, რა იქნება?!

მე თბილისელი ვარ და დევნილზე ვარ დაქორწინებული, ვიცი, კანონით არ მეკუთვნის დახმარება და არც ვითხოვ, მაგრამ არიან დევნილები, რომლებიც თხოვდებიან არადევნილებზე და ხელს არ აწერენ, რომ სოციალური შეღავათები არ დაკარგონ. შვილები სამშობიაროდან მამობის დადგენის უფლების საფუძველზე გამოჰყავთ და ცხოვრობენ ასე. ცოლ-ქმრის ყალბი გაყრის უამრავი ცნობაა წარდგენილი და ისინიც დააკმაყოფილეს ბინით. ეს ყველაფერი ან არ კონტროლდება, ან ხელის წამკვრელი უნდა გყავდეს ვინმე და ბინასაც მიიღებ.

- ახლა რამდენი ქულა გაქვთ? - 10 ქულა მაქვს. ბინას ჯერ დეკემბერში გვპირდებოდნენ, შემდეგ თებერვალში, ახლა მაისშიო.

"სამზარეულოში იატაკზე მძინავს"

მზია სალაყაია: - მეუღლე აფხაზეთის ომში დავკარგე. წლებია, ქირით ვცხოვრობთ. როდესაც სოზარ სუბარი იყო ამ უწყების მინისტრი, შემპირდნენ, გაისად ბინა გექნებათო. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა... დევნილების აქციებს მეც შევუერთდი. სირცხვილია, მართUულებს რომ გვეძახიან. ვინ უნდა მმართოს, როცა 25 წელია ქირით ვცხოვრობ?! 7,5 ქულა მქონდა და ერთ დღესაც გავიგე, რომ 5,5 მაქვს. არადა, ისევ ქირით ვართ და იგივე შემოსავალი გვაქვს. ვიკითხე, რატომ ჩამოგვაჭერით-მეთქი, მაგრამ პასუხი არავინ გამცა... შევხვდი სამინისტროს წარმომადგენელს და მითხრა, 4 700-ზე მეტი კაცია ოროთახიანი ბინის რიგში და ამ წელს თქვენ არ გეკუთვნითო. ჯანმრთელობა რომ მიწყობდეს ხელს, ვიშიმშილებდი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც რუსეთს დავა სტრასბურგში მოუგო. 2006 წელს დამაკავეს, თვე-ნახევარი მოსკოვის ქალთა კოლონიაში, "ბუტირკაში" ვიჯექი. იუსტიციის სამინისტროში გვეუბნებიან, იმ თანხაზე, რომელიც რუსეთმა კომპენსაციად უნდა მოგცეთ, ჯერ არაფერი ისმისო.

ოჯახში სამნი ვართ, ძალიან პატარა ბინა გვაქვს, სამზარეულოში იატაკზე მძინავს, მაინცდამაინც უნდა მოვკვდე?!

"დაკავებულია თაღლითების 12 ჯგუფი"

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია:

- ამ ეტაპზე 382 ბინაა მზად. ზოგი "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსშია, ზოგი დიდ დიღომში, ნაწილი გლდანსა და ვაზისუბანშია.

- დევნილთა სამინისტრო კერძო კომპანიებისგან შეღავათიან პირობებში ყიდულობს ბინებს. "დირსის" შესახებ, ალბათ, გსმენიათ, რომ ბიზნესპროექტი ჩაუვარდა, რადგან უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. - ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, სადაც წერია, რომ ეს არის მაღალი სტანდარტით აშენებული კომპლექსი. ამ ეტაპზე იქ 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი, 1000-ზე მეტი ოჯახი, არადევნილია.

- როგორ ხდება ქულების მინიჭება? - 2013 წლამდე არ არსებობდა რეგულაცია, რა კრიტერიუმებით უნდა მიეცათ ბინები დევნილებისთვის, შემდეეგ შევიმუშავეთ ორ ბლოკად დაყოფილი შეფასების კრიტერიუმი: საცხოვრებელი და სოციალური პირობების მიხედვით. ქულების დაჯამების შემდეგ მაღალქულიანები რიგითობის მიხედვით იღებენ ბინას: ის ოჯახები, რომლებიც ნათესავთან ან ქირით, ასევე კომპაქტური განსახლების ობიექტებში, ან ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ან კიდევ იმ შენობებში, რომლებიც სახელმწიფო ან თვითმმართველობის მნიშვნელობისაა, ან კერძო პირი ითხოვს მათ გამოსახლებას. თუ შენობა ავარიულია ან საცხოვრებელი პირობები მძიმეა - სარდაფში, ფიცრულში ან ავტოფარეხში ცხოვრობენ, დამატებითი ქულები ენიჭებათ. 1,5 ქულა ემატება ოჯახს, რომელმაც კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრი დაკარგა.

ბინის მიღებამდე ტარდება მონიტორინგი და მოვიპოვებთ ფოტომასალას რეალური საცხოვრებელი პირობების შესახებ, რადგან რაღაცები იცვლება: ზოგს შეიძლება სოფელში ჰქონდეს სახლი ან მიწის ნაკვეთი და ა.შ. ამ მასალების საფუძველზე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

- კომისიაში ვინ შედის? - არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ვეტერანთა დეპარტამენტის, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები - სულ 21 კაცი.

- თუ გსმენიათ ფაქტებზე, როდესაც ერთი და იგივე ოჯახი იღებს ბინას? - დიახ, თაღლითებზე მსმენია და 12 ჯგუფია დაკავებული, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ამაში გარეული ყოფილიყვნენ ის პირები, რომელთაც ეს საქმე ევალებათ, მათ შორის, ჩვენი სამინისტროდან. თაღლითობაში მონაწილეთა 95% დევნილები არიან და ავრცელებენ ხმას, რომ სამინისტროს ამა თუ იმ მაღალჩინოსანს განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ შეუძლია მათი დახმარება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ოჯახიდან რამდენიმე წევრი იღებს ბინას, 2013 წელს დევნილების ხელახალი აღწერა ჩატარდა და მონაცემები ონლაინბაზაში შევიყვანეთ. დევნილების თანხმობის გარეშე რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია. ბაზა იუსტიციის სამინისტროს გადავეცით და მისი დაარქივება-გადამოწმება ყოველთვიურად ხდება. გამორიცხულია, ერთხელ ბინამიღებულმა ოჯახმა ხელმეორედ მიიღოს. ხშირად დევნილებს ავიწყდებათ, რომ აფხაზეთიდან წამოსული ოჯახი გამრავლდა და მათ სრულწლოვანი შვილები ჰყავთ თავიანთი ოჯახებით.

- რა სისტემით აკლდებათ ქულები?

- ქულები აკლდებათ იმ დევნილებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი იყვნენ, შშმ პირები ჰყავდათ ან მძიმე საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ და შემდეგ რაღაცები შეიცვალა. ორი წლის წინ დევნილთა მოთხოვნით კრიტერიუმები შევცვალეთ, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცას 500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, ვიღაცას კი ბევრად მეტი, მაგრამ ბარათზე არ ერიცხებოდა. ამასთან, ადრე შშმ პირის სტატუსს ფორმა 100-ის საფუძველზე ანიჭებდნენ, მაგრამ შემდეგ ფორმა 100 ძალიან მომრავლდა, ექიმებს ურიგდებოდნენ და აწერინებდნენ. ახლა მხოლოდ იმ ოჯახს ენიჭება ქულა, სადაც შშმ პირი ცხოვრობს და დროდადრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ, შესაბამისად, მას სპეციალური ბარათი ეძლევა. ასე რომ, ხარვეზები პრაქტიკულად აღმოფხვრილია.