რა გზით არის შესაძლებელი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა-გასაღება? - კვირის პალიტრა

რა გზით არის შესაძლებელი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა-გასაღება?

"40 წელია ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემებზე ვმუშაობ, ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზეც და ვიცი, რა ძნელი და დაუფასებელი საქმეა ნარკომანიასთან ბრძოლა.

ნარკოტიკი უზარმაზარ მოგებას იძლევა. ცდუნებაც უდიდესია - დღე არ გავა, ნარკოგამსაღებლები არ დააკავონ, მდგომარეობა კი მაინც უაღრესად რთულია. ცდუნება დიდი აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ამ საქმეს "ებრძვიან". სწორედ ამიტომ არის საჭირო შიდაკონტროლის მძლავრი მექანიზმი", - ამბობს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ჯემალ ჯანაშია გაზეთ "კვირის პალიტრასთან". გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რა გზით არის შესაძლებელი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა-გასაღება?

- მისასალმებელია, რომ აბრეშუმის გზა სულ უფრო იკრებს ძალას, რაზეც ტვირთბრუნვის გაზრდილი მოცულობა მიუთითებს. მაგალითად, ერთ თვეში საქართველოს საზღვარს ირანიდან დაახლოებით 1350 სატვირთო, ტრაილერის ტიპის მანქანა კვეთს, თურქეთიდან - 10 500, რუსეთიდან - 6000, აზერბაიჯანიდან - 4500, სომხეთიდან 3000-მდე. უმეტესად კომერციული და სხვა დანიშნულების ტვირთებია, მაგრამ არ არის გამორიცხული, მათ დანაშაულებრივი ტვირთებიც გადმოჰქონდეთ. ასეთი არაერთი ფაქტი ყოფილა სამართალდამცავთა პრაქტიკაში, მაგრამ მათი გაჩერება ოპერატიული ინფორმაციის გარეშე და უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ამოღება სირთულეებთან არის დაკავშირებული და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. პრობლემაა საზღვარზე ტვირთის გარეშე შემოსული სატვირთო მანქანებიც, რომლებიც საბაჟო კონტროლის ზონაში არ ექცევიან, შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი საქართველოში შემოსვლამდე მარშრუტის შესწავლა, აქ არსებულ კომპანიებთან მათი კავშირის გაანალიზება, რაც ნარკოტიკების გადამზიდი პირებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ერთ ცარიელ სატვირთო მანქანაში სპეციალურ სამალავში შესაძლებელია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების შენახვა და მისი საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვა. ასეთი ტიპის მანქანები მხოლოდ სასაზღვრო კონტროლს გადიან.

- რომელი მარშრუტებით და რა სქემებით ხელმძღვანელობს ნარკობიზნესი და რამდენად იოლია მათი გაშიფვრა?

- გაეროს კვლევებით, ავღანეთიდან ევროპისკენ ნარკოტიკის 105 მარშრუტია. აქედან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. გაეროს კვლევებით, 2000 წლიდან დღემდე ავღანეთი წელიწადში აწარმოებს 83 900 ტონა ოპიუმს, რომლის დიდი ნაწილი მომხმარებელთან ლეგალურ ტვირთებთან ერთად ხვდება. ასეთი ფაქტი არაერთი ყოფილა საქართველოში. უკანონო ნარკოტიკების გამოვლენის მსოფლიო და ევროპული პრაქტიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების 70-80% საბაჟო სამსახურებზე მოდის.

ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთი მედიკამენტებისა და ხილის ექსპორტს იწყებს, რისთვისაც გამოიყენებს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სატრანზიტო გზებს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატის სრულად