"მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში" - რას ჰყვება სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ჩვენების ვიდეოკადრებში - კვირის პალიტრა

"მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში" - რას ჰყვება სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ჩვენების ვიდეოკადრებში

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან მაიკლ და ლორა ჯოი სმიტები 4 წლის ვაჟთან, ქეილებთან ერთად დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და იმავე დღეს სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები, ალავერდის ჩანჩქერში კი ლორა სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს. რაიანის გვამს მაშველებმა 7 ივლისს მდინარეში, ჩანჩქერიდან 800 მეტრის დაშორებით მიაკვლიეს. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ.

8 ივლისს "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზე მიუთითა. გამოძიება მკვლელობის ვერსიად სექსუალურ ძალადობას განიხილავდა...

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის,

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თორმეტი ნაფიცი მსაჯული, რომელმაც ვერდიქტი უნდა გამოიტანოს, უკვე შეკრებილია, სასამართლო სხდომები გორის რაიონულ სასამართლოში მარტის პირველი კვირიდან დაიწყება.

"კვირის პალიტრამ" ჯერ კიდევ 2018 წლის 16 ივლისს გამოაქვეყნა კობაურის ჩვენების ფრაგმენტი, სადაც ის აღიარებდა რაიან და ქეილებ სმიტების მკვლელობას. გთავაზობთ ფრაგმენტს მალხაზ კობაურის ჩვენებიდან , რომელიც იმჟამად გამოქვეყნდა გამოცემაში:

"ბავშვის მამამ მითხრა, რომ თოფი ცუდად მქონდა მიშვერილი და უმჯობესი იყო, მოშორებით გადამედო. ამ შენიშვნაზე ძალიან გავღიზიანდი და ხმამაღლა მივმართე, რომ ის ვერ მასწავლიდა თოფის მხარზე გადაკიდებას და მოხმარებას. ამაზე ტანსრული მამაკაცი წამოდგა თავად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ამის დანახვაზე მეც ავდექი და ავიღე თოფი. მან მარჯვენა მკლავში მომკიდა ხელი, მე მყისიერად გავუსხლტი ხელიდან და გავედი რამდენიმე მეტრით უკან, მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი, სადაც მედო ორი ცალი ტყვია, დავმუხტე სასროლად, სასხლეტს გამოვკარი ხელი და ვესროლე მამაკაცს, რომელიც უკვე გარბოდა. გასროლის შედეგად, როგორც მახსოვს, ტყვია გავარტყი ზურგის არეში და მან ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მის ყვირილზე ძალიან შემეშინდა და რამდენიმე წამში ისევ ვესროლე. როგორც მახსოვს, მოხვდა თავის არეში. ის მყისიერად დაეცა სახით მიწაზე და უკვე აღარ ამოუღია ხმა. ამის შემდეგ, ჯიბიდან ამოვიღე კიდევ ერთი ტყვია და ჩავდე თოფში. ქალმა ამის დანახვაზე ჩანჩქერისკენ ჩაირბინა. ასევე, დავინახე იქვე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იდგა და ტიროდა... მე მას მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით და ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მოხვდა თავის არეში და დავარდა უგონოდ".

ჩვენებაში კობაური ჰყვებოდა იმასაც, რომ ქეილებ სმიტის მკვლელობის შემდეგ, მან ლორა სმიტი ჩანჩქერის ძირში გადავარდნილი იპოვა. ამის შემდეგ ბავშვის გვამი გადამალა, მწყემსების საცხოვრებელში დაბრუნდა, იარაღი მილიონას მთაზე დამალა, სხვა მწყემსებთან ერთად ივახშმა და დაიძინა.

ამჯერად კი გავრცელდა კობაურის ჩვენების ვიდეოვერსია.

ვიდეოკადრების მიხედვით, მწყემსი სამართალდამცველებთან დაკითხვისას აღიარებს, როგორ მოკლა რაიან სმიტი და ატირებული ბავშვი.

"მერე რომ დაღამდა, მელანდებოდა ბავშვის წივილიც, დედის წივილიც, კაცისაცა და უნდა მეთქვა რა, და ვერა ვბედავდი. მახრჩობდა უკვე რა, ვეღარ ვიკავებდი", - ამბობს გამომძიებელთან მალხაზ კობაური.

ის გამომძიებელს უყვება, რომ ხადას ხეობაში დაკარგული ცხვრის მოსაძებნად იყო ჩასული, თოფი კი ნადირისგან თავის დასაცავად ჰქონდა წაღებული. დაკარგული ცხვრის საძებრად წასული მწყემსი, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახს, დაახლოებით, 11:00-12:00 საათზე შეხვდა. კობაურის მონათხრობის მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ რაიან სმიტმა მწყემსზე გაიწია.

"გავექეცი რა, დამიჭირა კია, აესე მკლავზე, მაგრამ გავექეცი და რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში... მერე რომ ჩაიჩოქა, რომ ყვირილი დაიწყო, შემეშინდა, მეთქი დამიჭერენ და საქმე გამისკდება მეთქი და თავში ვესროლე", - ამბობს დაკითხვისას კობაური.

გამომძიებელი მწყემსს ლორა სმიტის მკვლელობის დეტალებს ეკითხება. კობაური ამბობს, რომ ატირებულ ბავშვს ესროლა. ქალზე კი ამბობს, რომ მასზე არ უძალადია, ის გაქცევის დროს გადავარდა ხევში და მან ის ჩანჩქერის ძირას იპოვა...

ექსპერტიზამ მწყემსის მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულიც გამოავლინა, რომელზეც კობაური ჩვენებაში ღიად არაფერს ამბობს. ლორა სმიტის სხეულიდან ამოღებულია მალხაზ კობაურის გენეტიკური მასალა, რაც გამოძიებისთვის მწყემსის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა დაცვის მხარე ექსპერტიზის ამ დასკვნას ეჭვის თვალით უყურებს.

იხილეთ ვიდეო