დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს - კვირის პალიტრა

დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, თითოეულ პირს, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება, სასამართლოში წარმოადგენდა. დარბაზში მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"