"ლევან დადუნაშვილის მკვლელი იმაზე დაბალია, ვიდრე დადუნაშვილი იყო და ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია" - კვირის პალიტრა

"ლევან დადუნაშვილის მკვლელი იმაზე დაბალია, ვიდრე დადუნაშვილი იყო და ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია"

ლევან დადუნაშვილის მკვლელი იმაზე დაბალია, ვიდრე დადუნაშვილი იყო და ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ბ.-ს ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა.

მას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს.

"დადუნაშვილის ეპიზოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგენას ველოდები. არ დაგიმალავათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მან დანა გამოიყენა. მან ამავდროულად თქვა, რომ დანის პირზე ხელი მოკიდა, რათა დანა სხეულში ღრმად არ შესულიყო. გარდაცვლილ დადუნაშვილს წელის არეში აქვს კიდეც ჭრილობა მიყენებული. გ.ბ.-ს ჩვენება რომ რეალურია, მტკიცებულებით დასტურდება. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, გ.ბ,-ს ნამდვილად აქვს მარჯვენა ხელის მტევანზე ჭრილობა, რაც ნიშნავს, რომ მას მართლაც დანის პირზე ხელი ჰქონდა მოკიდებული, რათა ჭრილობა ღრმად არ შესრულიყო. წელის არეში მიყენებული ჭრილობა სიღრმით 4 სმ-ია.

დადუნაშვილის მკვლელი იმაზე დაბალია, ვიდრე დადუნაშვილი იყო და ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია. ნივთმტკიცებად შავი დანა არის ამოღებული, მოწმე კი ამბობს, რომ დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით დაინახა, რომ დანის პირი ვერცხლისფერი იყო და ვერცხლისფრად პრიალებდა“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ადვოკატის თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ, ლუკა კალანდიამ მის ძმაზე ჩვენების შეცვლის მიზნით მერაბ მორჩაძის მხრიდან ზემოქმედება ვერ დაადასტურა. ადვოკატი მიანიშნებს, რომ კალანდიას რეალურად ჩვენება არა მორჩაძემ, არამედ მირზა სუბელიანმა შეაცვლევინა.

"ლუკა კალანდიას დაკითხვით, ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ მის ძმაზე, მიხეილ კალანდიაზე მერაბ მორჩაძემ ჩვენების შეცვლის მიზნით, რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინა. მას შემდეგ, რაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოში თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ხელში დანა არ დაუნახავს, ის მირზა სუბელიანთან სახლში ერთ დღით წაიყვანეს. ვინ მოახდინა მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედება, მერაბ მორჩაძემ თუ მირზა სუბელიანმა?კალანდიები ყოველ ჯერზე, ეს იქნება სამართალდამცავი ორგანო, თუ სასამართლო, რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს აწვდიან“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"