გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ შვილს თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა - რას ამბობენ პროკურატურაში? - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ შვილს თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა - რას ამბობენ პროკურატურაში?

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ, ლელა ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, - ამის შესახებ პროკურატურაში აცხადებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიყენებულმა დაზიანებებმა მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 მარტს არის ჩანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"