ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე, დედასთან ერთად, ავარიაში დაიღუპა - კვირის პალიტრა

ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე, დედასთან ერთად, ავარიაში დაიღუპა

28 თებერვალს, ავტოსაგზაოშემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც ირკვევა, ავარიის შედეგად გარდაცვლილები არიან ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, მათ შორის, ნაზღაიძის დეიდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

"112-ის სამსახურმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანა 2 პაციენტი. ქალბატონი დიაგნოზით პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

შუახნის მამაკაცი კი შემოყვანილია გულ-მკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ხერხემლის დახურული ტრავმით, წელის მეოთხე მალის მოტეხილობით. უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა", - აცხადებენ ჰოსპიტალში.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ ამ რამდნეიმე დღის წინ, ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, ქაშუეთთან თავს 35 წლის თენგიზ ნაზღაიძე დაესხა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაზღაიძე სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა.

შემთხვევა 2006 წელს მოხდა, რა დროსაც, ნაზღაიძემ ურთიერთშელაპარაკებისას ერთი მოქალაქე დაჭრა, მას ბრალი დაუსწრებლად, სწორედ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინეს.

ორი წლის განმავლობაში, იგი ოფიციალურად იძებნებოდა. ნაზღაიძის დაკავება სამართალდამცავებმა მხოლოდ 2008 წელს მოახერხეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა.