ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს - დაჭრილია ერთი ადამიანი - კვირის პალიტრა

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს - დაჭრილია ერთი ადამიანი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ინკასატორი ორმა პირმა მაშინ დააყაჩაღა, როდესაც ის ფილიალში შედიოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილია ინკასატორი.

"ლიბერთი ბანკის" გვერდით მდებარე "სახალხო აფთიაქში" აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

"ახალი მოსული ვიყავი, რამდენიმე გასროლის ხმა რომ გავიგე. სხვა არაფერი ვიცი. ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ორი თავდამსხმელი იყო", - განაცხადა აფთიაქის თანამშრომელმა.

დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი წვივის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"