ძრწოდეთ! ანუ უსამართლობის მარწუხებში გაგუდულები... - კვირის პალიტრა

ძრწოდეთ! ანუ უსამართლობის მარწუხებში გაგუდულები...

ჩვენს ქვეყანას კარგა ხანია უსამართლობის მარწუხები ახრჩობს. საზოგადოება იმდენად შეეჩვია უსამართლობას, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა პროტესტის გამოთქმის სურვილიც (გამბედაობაზე აღარაფერს ვამბობთ!) დაეკარგა და მორჩილად მიჰყვება პროკურატურის ნებას - იყოს დამნაშავე, მაგრამ "საპროცესოდ გარიგებული"! მორჩილად შეაქვს სასამართლოში გახსნილ ბანკის ფილიალებში მამასისხლად ნაყიდი თავისუფლების საფასური და არც ცდილობს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა! ვინც გაბრძოლებას გაბედავს, მთელი სიმკაცრით, "საკადრისად" სჯიან.

ამბავი პირველი

2009 წლის 13 ოქტომბერს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს: საბა მღვდელაძეს,  ნიკა ბერუაშვილს, როლანდ ნიკოლოზაშვილს, ბადრი მიქატაძეს, ზაზა შავლიაშვილსა და ვასილ გიგუაშვილს თავს დაესხა ცივი იარაღით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. თავდასხმისას ახალგაზრდები დაჭრეს. ამ დანაშაულის გამო მხოლოდ ერთი პირი - ლევან აბაშიძე დააკავეს, გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სტუდენტები ამ საქმეში დაზარალებულებად იყვნენ ცნობილი, მაგრამ შემთხვევიდან სამი თვის თავზე ისინიც დააპატიმრეს (!).

მათ ბრალად დაედოთ ჯგუფური ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით. სასამართლო პროცესზე დაკითხული 11 მოწმე ერთხმად ადასტურებდა, რომ ჩხუბი დაკავებულებს არ წამოუწყიათ და შეხლა-შემოხლა სპონტანურად, წინასწარი შეთანხმების გარეშე დაიწყო. ეს დასტურდება საქმის მასალებითაც. ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება ნიკოლოზაშვილის აღიარებითი ჩვენება იყო.

ეკა ქობესაშვილი, ადვოკატი: - როლანდ ნიკოლოზაშვილისა და ვასილ გიგუაშვილის ოჯახებმა ცოტა ხნის წინ დაიქირავეს ადვოკატი, რომელმაც პროკურატურისგან მიიღო გარანტია, თუკი ეს ორი ახალგაზრდა ბრალდებას აღიარებდა და ჩხუბის ინიციატორებად  მეგობრებს დაასახელებდნენ, პირობითი სასჯელით გაათავისუფლებდნენ. ვასილ გიგუაშვილი წინადადებას არ დათანხმდა, როლანდ ნიკოლოზაშვილმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო, დაეთანხმა საბრალდებო დასკვნას. დაჭრილი სტუდენტების ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ როლანდ ნიკოლოზაშვილის ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი ამ საქმეს პროკურატურამ მიუჩინა.

სწორედ ადვოკატმა აიძულა ნიკოლოზაშვილი, მიეცა  ცრუ ჩვენება და თავი დამნაშავედ ეცნო დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენია. ლევან აბაშიძის განაჩენში და ამ საქმეზე მომზადებულ საბრალდებო დასკვნაშიც ჩხუბის ინიციატორად ლევან აბაშიძეა ცნობილი. პროკურატურამ კი ახალი გარემოებებით ჩხუბის ინიციატორებად დაჭრილი ახალგაზრდები გამოიყვანა. რა გამოდის, პროკურატურა ფაქტებს სურვილის მიხედვით ადგენს და საქმეს ისე კერავს? შეიძლება ერთი და იმავე დანაშაულის ორი საქმე სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებას შეიცავდეს და ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს?

თამაზ მღვდელაძე, საბა მღვდელაძის მამა: -  გამოძიება დამოუკიდებლად ვაწარმოე და სრული სურათიც მივიღე: ოთხი ახალგაზრდა კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბილიარდო "ვილა ძარაში" იყო, როცა მათ ჩხუბი მოუვიდათ ახალგაზრდების მეორე ჯგუფთან. მეორე ჯგუფმა პირველი დაჩაგრა, რის გამოც ამ ოთხმა ახალგაზრდამ თავის სამ მეგობარს დაურეკა და სთხოვა, მისულიყვნენ საბილიარდოში დასახმარებლად. სანამ დამატებითი ძალა მოვიდოდა, საქმეში საბილიარდოს დაცვა ჩაერია და ოთხივე ახალგაზრდა საბილიარდოდან  მიაბრძანა. ამ დროს საბილიარდოსთან ახლომდებარე რესტორან "მაჭახელადან" გამოსული სტუდენტები თანაკურსელ გოგონებთან ერთად იდგნენ ავტობუსის გაჩერებაზე.

როცა საბილიარდოდან 4 ახალგაზრდა ჩხუბითა და გინებით გამოვიდა, საბა და მისი მეგობრები საუბრობდნენ. მოულოდნელად საბილიარდოდან გამოსულები საბას მისცვივდნენ ყვირილით, რა თქვი ჩვენზეო. ასე დაიწყო ჩხუბი, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა. ახალგაზრდები მალე გააშველეს. სწორედ ამ დროს მოვიდა დანებით შეიარაღებული სამი ახალგაზრდა, რომლებსაც საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის გამო დაურეკეს მეგობრებმა.

ახალმოსულები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ. ეგონათ, საბილიარდოში მათ მეგობრებს სწორედ გაჩერებაზე მდგომ ახალგაზრდებთან მოუვიდათ ჩხუბი. ისინიც პირდაპირ ჩაერთვნენ შეხლა-შემოხლაში და ექვსივე ახალგაზრდა დანებით დაჭრეს. ეს ყველაფერი თვითმხილველებმა, "ვილა ძარას" ყოფილმა თანამშრომლებმა მიამბეს, მაგრამ ოფიციალურად ჩვენების მიცემა შეეშინდათ, დაცვის გარანტია არ გვაქვსო!

განსასჯელი ბადრი მიქატაძე ამჟამად იმალება. მას იცავს იურისტი მამა, რომელიც აცხადებს, ისე მძიმედ იყო დაჭრილი, არ შეეძლო პოლიციაში გამოცხადება და ჩაჯდომა ციხეში, სადაც მკურნალობის პირობები არ არისო. მართლაც, სხვა განსასჯელების მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ზაზა შავლიაშვილმა, რომელიც ინციდენტის დროს ღვიძლში დაჭრეს, პატიმრობისას ჩ ჰეპატიტი შეიძინა. საბა მღვდელაძეს კი მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო ნაწლავების ტუბერკულოზი განუვითარდა.

28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ახალგაზრდები დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა  და 3.000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო განსასჯელს, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურატურის შუამდგომლობით პირობითი მსჯავრი და 2.000-ლარიანი ჯარიმა აკმარეს.

ეს სამწუხარო ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმ უსამართლობისა, რაც ქვეყანაში სუფევს. რატომღაც სახელმწიფო მოქალაქეებს დამცველად და პატრონად კი არა, მტრად მოევლინა. ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენიათ. 11 მოწმის ჩვენება კი მხოლოდ ერთმა ცრუ აღიარებამ გადაწონა.

საინტერესოა ისიც, რომ ბრალდება (ხულიგნობა, ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებული ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს), რომელიც 6 სტუდენტს წაუყენეს, ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 5 წლამდე.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ხულიგნობა არ არის მძიმე დანაშაული, ბიჭები დაჭრილი არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში  გაუარესდა, ხასიათდებიან დადებითად, არა აქვთ კრიმინალური წარსული... მაგრამ ამას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია(!).

პროკურატურის მოთხოვნილ 4 წელს  სასამართლომ მხოლოდ 6 თვე ჩამოაკლო და ეს მაშინ, როცა 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო პოლიციელს 4-წლიანი სასჯელი აკმარეს. გაუგებარია, რა საჭიროა ამ ახალგაზრდების ციხეში გამომწყვდევა მაშინ, როცა ამ დანაშაულისთვის კანონი გაცილებით მსუბუქ სანქციებსაც ითვალისწინებს?

ამბავი მეორე

საბრალდებო დასკვნიდან: 2010 წლის 7 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრები ალექსანდრე ჩიტაშვილი თავისი ცხენით და ლევან თავშავაძე, მეგობრის, იოსებ შუკაკიძის ცხენით, სოფელ სამთავისში წავიდნენ. დაახლოებით 15 საათზე მათ ამავე სოფელში მცხოვრები შმაგი უზნაძე და ალექსანდრე ბოლოთაშვილი შეხვდნენ. რომლებმაც ცხენების ხელში ჩაგდება განიზრახეს და ალექსანდრე ჩიტიშვილსა და ლევან თავშავაძეს სთხოვეს, ცხენები გვათხოვეთ, ცოტას გავისეირნებთ და მალე დავბრუნდებითო.

ასე მოსტაცეს ალექსანდრე ჩიტაშვილისა და იოსებ შუკაკიძეს 2.000 ლარად ღირებული ცხენები. დაზარალებულებმა მიმართეს შსს-ს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების მუშაკებს, რომლებმაც ცხენებითურთ იმავე დღეს იპოვეს "გამტაცებლები" სოფელ ბოჟამში.

სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში (?!). შმაგი უზნაძეს - 9, ხოლო ალექსანდრე ბოლოთაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლალი აფციაური, შმაგი უზნაძის ადვოკატი: - აბსურდის მეტი რა გამიგია, მაგრამ ამისთანა არაფერი მსმენია. თაღლითობას, მით უმეტეს - ჯგუფურს, ადგილი არ ჰქონია.

ბიჭებმა ცხენები ითხოვეს გასასეირნებლად. ცხენები უუნაგირო იყო და ერთ-ერთი ცხენმა გადმოაგდო. ვიდრე ცხენს სდიეს და დაიჭირეს, ერთი საათი გავიდა, უკან მობრუნებულები კი პოლიციამ დააკავა. წაიყვანეს განყოფილებაში, ახსნა-განმარტება დააწერინეს და გამოუშვეს, რამდენიმე თვეში კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ორივე თაღლითობის მუხლით მისცეს პასუხისგებაში.

- პოლიციამ რა მოტივით დააკავა ბიჭები?

- ოდნავ რომ დააგვიანდათ, ერთ-ერთ ცხენის მფლობელს, ჩიტაშვილს შეეშინდა და მათ მოსაძებნად გადაწყვიტა წასვლა. ეს კასპის რაიონში ხდებოდა, იქ სამაჩაბლოში გადასასვლელებია და პოლიციის პოსტები დგას. ჩიტაშვილმა პოლიციელებს ჰკითხა, ცხენოსნები ხომ არ დაგინახავთო და ამას მოჰყვა პოლიციის წინადადება, თუU გინდათ, ცხენების მოძებნაში დაგეხმაროთ, განცხადება დაწერეთო. ჩიტაშვილმაც დაწერა, მაგრამ ამასობაში ცხენებიანად გამოჩნდნენ უზნაძე და ბოლოთაშვილი, მაგრამ საქმეში ეს აღარ წერია. საქმეში მითითებულია, თითქოს ისინი პოლიციამ სოფელ ბოჟმის მინდვრებში დააკავა.

არადა, სულ სხვა ჩვენება მისცეს დაზარალებულებმა სასამართლოს. მაგალითად, ლევან თავშავაძის თქმით, 2010 წლის 7 იანვარს სოფელ სამთავისში შმაგი უზნაძესა და ალექსანდრე ბოლოთაშვილს "ბირჟაზე" შეხვდა. საუბრის დროს გაირკვა, რომ  ალექსანდრე  ბოლოთაშვილი მისი ახლობლის ძმაკაცი ყოფილა. ბიჭებმა ცხენები სთხოვეს გასასეირნებლად. მანაც ათხოვა და განსასჯელებთან პრეტენზია არ გააჩნია. როგორც ლევან თავშავაძემ თქვა, არ იცის, სად დააკავეს განსასჯელები და არც პოლიციისთვის მიუმართავს. უზნაძე და ბოლოთაშვილი მისი ახლობლები არიან და ცხენების გატაცებაზე ერთი წუთითაც არ უფიქრია.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნეს ცხენის პატრონი იოსებ შუკაკიძე, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ ეს ამბავი პოლიციისგან მესამე დღეს შეიტყო და სხვა გარემოებებზე არაფერი იცის, არც ბრალდებულებთან აქვს პრეტენზია.

- თუ არც ერთ დაზარალებულს პრეტენზია არა აქვს, რა მტკიცებულებებით მისცეს პასუხისგებაში ორი ახალგაზრდა?

- საქმის შედეგებით დაინტერესებულმა და მოწმედ დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა: მიხეილ თინიკაშვილმა, ბესიკ გოლოშვილმა და ვლადიმერ ზაალიშვილმა განაცხადეს - როცა ჩიტაშვილმა ცხენების დაკარგვის ამბავი შეგვატყობინა, ჩავისვით მანქანაში და ცხენების მოსაძებნად წავედითო. ჩიტაშვილმა სოფელ ბოჟმის მინდვრებში შორიდან დაინახა ბოროტმოქმედები და ჩვენ დავაკავეთო.

სამივე მათგანმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა განსასჯელთა დაკავების შესახებ სასამართლოს. ერთმა თქვა, განსასჯელები ცხენებზე ისხდნენ და გარბოდნენო, მეორემ, ცხენებზე ისხდნენ და ნელა მიდიოდნენო. ამ საქმეში მთავარი ის არის, რომ სასამართლოში იძულებით მიიყვანეს "დაზარალებული" ალექსანდრე ჩიტაშვილი. მან უარყო პოლიციელების ჩვენების ის ნაწილი, სადაც აცხადებენ, რომ მათ დაზარალებული მანქანაში ჩაისვეს და ერთად გაემართნენ ცხენების მოსაძებნად.

ჩიტაშვილმა კატეგორიულად უარყო განსასჯელების დაკავებისას ბოჟმის მინდვრებში პოლიციის მუშაკებთან ყოფნა. მისი თქმით, ყველანი პოსტზე იმყოფებოდნენ, სადაც მალე გამოჩნდნენ ბიჭები ცხენებითურთ. ამ ჩვენების მიცემის შემდეგ რამდენიმე ხანში სასამართლოში იძულებით მიყვანილმა ჩიტაშვილმა მოულოდნელად  განცხადებით მიმართა სასამართლოს და ჩვენების დაზუსტება და დამატებითი დაკითხვა "მოითხოვა" (პარადოქსია, მაგრამ ფაქტი:

"დაზარალებული", რომელიც იძულებით მიიყვანეს სასამართლოში, განმეორებით დაკითხვას ითხოვს) და უარყო განსასჯელების სამთავისის პოსტზე დაკავება (საინტერესოა, რა მოხდებოდა, ჩიტაშვილს რომ პროკურატურის საზიანოდ შეეცვალა ჩვენება? მას ხომ ჩვენების შეცვლისთვის აუცილებლად უკრავდნენ თავს ვირის აბანოში - ავტ.). ალბათ, დიდი ფიქრი არ არის საჭირო იმისთვის, რატომ შეცვალა პირველი ჩვენება ჩიტაშვილმა.

საინტერესოა, სად იკვეთება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თანაც ჯგუფური? სისხლის სამართლის პროცესი ზიანის სამ სახეს: ფიზიკურ, მორალურ და ქონებრივს ადგენს. ისმის კითხვა: რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, როცა ორ ახალგაზრდას ჯგუფური თაღლითობის მუხლით ხუთწლიან პატიმრობას უსჯიდა?

უზნაძის ოჯახის წევრების აზრით, ეს უკავშირდება რამდენიმე ხნის წინ კასპის პოლიციის უფროსსა და შმაგი უზნაძეს შორის მომხდარ ინციდენტს. უზნაძეს შეხლა-შემოხლა მოუხდა პოლიციის უფროსთან. ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით პასუხისგებაში მისცეს და 4 წლით პირობითი მსჯავრიც დასდეს. ბოლოთაშვილი კი ამ ისტორიაში მსხვერპლია, რომელიც უზნაძისა და კასპის პოლიციის უფროსის დაპირისპირებას შეეწირა.

ნინო გვენეტაძე, პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე: - მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დგას, უნდობლობაა, რომელიც ტოტალურმა უსამართლობამ წარმოშვა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მოსახლეობის უკანონობისაგან დაცვა, მაგრამ ამისათვის დაავალდებულა საზოგადოება, სახელმწიფოსთან ეთანამშრომლა. სამწუხაროდ, ისევ სახელმწიფოს ქმედებებიდან გამომდინარე, ვერ ირწმუნა მოსახლეობამ ამ პოლიტიკის გულწრფელობა.

არ სჯერათ, რომ  სახელმწიფო სამართლიანი იქნება. სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი. ცივილიზებულ ქვეყნებში ამას ადამიანები სიხარულით აკეთებენ, რადგან აქვთ გარანტია, რომ სახელმწიფო სამართლიანი იქნება. თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კანონები გადმოგაქვს, შენ კი სხვა პრინციპებით ცხოვრობ და მუშაობ, ბუნებრივია, საზოგადოება არ გენდობა.

ამერიკული მოდელიც არასწორად გადმოაქვთ. თუნდაც საპროცესო შეთანხმება. ამ მოდელმა საქართველოში საოცარი ცვლილება განიცადა. საპროცესო გარიგება ტვირთად ექცათ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომაც დაკარგა საზოგადოებამ სამართლიანობის განცდა. ახლა ამის აღდგენას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებით ცდილობენ, ამერიკაში ასეაო.

ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სასამართლო ხელისუფლებისადმი ტოტალური უნდობლობის დასამარცხებლად დააფუძნეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს ძვირად ღირებული და არც ისე სამართლიანი იყო, ამიტომ საქმეების 85-90%-ში  შეიტანეს საპროცესო გარიგება, რომელიც სწრაფი და ეკონომიური მართლმსაჯულების იდეას ქადაგებს, მაგრამ ეს არ მომხდარა სამართლიანობის ხარჯზე.

ჩვენი სახელმწიფო უამრავ კანონს იღებს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპების დაცვას, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებში.

სახელმწიფოს ქმედებების შეზღუდვის ერთადერთი მექანიზმი საზოგადოებაა მისივე ინსტიტუტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, შეკრებებით, მასობრივი გამოსვლებით, კანონპროექტების საჯაროდ განხილვით. იქ, სადაც რეპრესიული პოლიტიკაა სისხლის სამართლის მთავარი პრინციპი და მას სახელმწიფო პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს, ბუნებრივია, მოქალაქეთა უფლებები დაირღვევა. ამიტომაც, საზოგადოებრივი კონსოლიდაციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს.

P.S. საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას ვერ მალავენ ქვეყანაში გამეფებული შერჩევითი სამართლისა და ნულოვანი ტოლერანტობის გამო. საინტერესოა, რატომ უნდა ესროლო ჭიანჭველას ზარბაზანი მაშინ, როცა მის გასანეიტრალებლად წკიპურტიც საკმარისია (ჭიანჭველაა, გაცოფებული მგელი ხომ არაა)?! ალბათ იმიტომ, რომ სხვა ჭიანჭველებს შიშის ზარი დასცე.

მოსამართლე მოლაპარაკე კანონია, კანონი კი მუნჯი მოსამართლე

ციცერონი