"კრიმინალს კანონებში შეუსაბამობა და ორმაგი სტანდარტი ახალისებს" - კვირის პალიტრა

"კრიმინალს კანონებში შეუსაბამობა და ორმაგი სტანდარტი ახალისებს"

"არასრულწლოვნების მიმართ კანონი რომ ლოიალურია, კარგია, მაგრამ ბოროტად იყენებენ. მათ უმრავლესობას ჯიბეში დაბადების მოწმობის ასლი უდევს და როგორც კი პოლიციელი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამ მოწმობას უჩვენებს"

"დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში გვექნება მანამ, სანამ საზოგადოება არ დაინახავს სამართლიან სასამართლოსა და პროკურატურას. კრიმინალს რაც შეეხება, ზოგჯერ მას ახალისებს ორმაგი სტანდარტი და კანონებში შეუსაბამობა",- ამბობს სისხლის სამართლის სპეციალისტი, საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე.

- კვირა არ გავა, ბანკების ფილიალები ან ინკასაციის მანქანები არ დააყაჩაღონ. 90-იან წლებში ვბრუნდებით?

- გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესებულია, რაც საზოგადოების გაჭირვებით, გაუსაძლისი სოციალური პირობებით აიხსნება. ვითარება 90-იანებს მართლაც ჰგავს. ვფიქრობ, მდგომარეობა საგანგაშოა.

- დანაშაულის ზრდაზე შეკრებითობის პრინციპის გაუქმება თუ ახდენს გავლენას? ადრე თუ პირი ყველა დანაშაულისთვის აგებდა პასუხს, ახლა მხოლოდ დანაშაულებს შორის ყველაზე მძიმე მუხლით სამართლდება.

- ადრე შეკრებითობის პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით 30-40 წელი იყო სასჯელი. ადამიანის გამოსწორება თუ გინდა, ეს 3-დან 5 წლამდეა შესაძლებელი, მაგრამ თუ არ არის გამომსწორებელი, 40 წელიც არ იქნება საკმარისი.

- სახელმწიფოს აქვს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის სტრატეგია? - სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ საზოგადოებაში ჩამოყალიბდება პრევენციული ღონისძიებების ჩატარების ინსტიტუტი. ადამიანს უნდა შეეძლოს, თავისი ოჯახი არჩინოს და დანაშაულისკენ, ქურდობისა და ყაჩაღობისკენ არაფერი უბიძგებდეს. დღეს მომგებიანი მხოლოდ საბანკო სფეროა, სხვა ყველა სფერო წამგებიანია. ხალხს ძალიან გაუჭირდა, არ არის სამუშაო ადგილები, ყოველდღიურად იზრდება ჯარიმები... არ ვიცი, მოქალაქეები სადამდე გაუძლებენ. ადამიანი ჭერის გარეშე არ უნდა დატოვო.

როდესაც საპროცესოს გაფორმებისას ადამიანი, სოციალური სტატუსის გამო თანხას ვერ იხდის და სახლ-კარს აყიდვინებ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულს კი არანაირ პირობებს არ უქმნი, რომ რესოციალიზაცია შეძლოს, ის, რასაკვირველია, ისევ ჩაიდენს დანაშაულს და ციხეში დაბრუნდება.

სახელმწიფოს პოლიტიკა სხვანაირი უნდა იყოს - თუკი შენმა მოქალაქემ სასჯელი მოიხადა, მას ხელი უნდა შეუწყო, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი აღიდგინოს.

- რა ახალისებს კრიმინალს? - კრიმინალს ზოგჯერ ახალისებს ორმაგი სტანდარტი, კანონებში შეუსაბამობები და პენიტენციარულ დაწესებულებებში გაუმჯობესებული პირობები. დამნაშავეებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისეთი პირობები ხვდებათ, სახლშიც რომ არ აქვთ - სამჯერადი კვება, სისუფთავე, უფლებების დაცვა, ციხის ადმინისტრაცია ისე აღარ ექცევა, როგორც ადრე... ბრალდებულებს გაუჩნდათ სასათბურე პირობები და ამიტომაც აღარ ეშინიათ ციხის.

არასრულწლოვნების მიმართ კანონი რომ ლოიალურია, კარგია, მაგრამ ბოროტად იყენებენ - მათ უმრავლესობას ჯიბეში დაბადების მოწმობის ასლი უდევს და როგორც კი პოლიციელი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამ მოწმობას უჩვენებს.

ჩვენი კანონები, ზოგი აშშ-დან, ზოგი საფრანგეთიდან და გერმანიიდან გვაქვს გადმოტანილი, მაგრამ ისინი ჩვენს სახელმწიფოს მორგებული არ არის - თარგმანში არის დიდი ცდომილებები, არ არის გადაწყვეტილებების განმარტებები...

- კანონის შიში რომ გამქრალია, ეს ლიბერალური სს კოდექსის ბრალია? - არა, ეს უფრო ორმაგი სტანდარტის ბრალი მგონია. როდესაც მხარე ხედავს, რომ ვიღაცის მიმართ სახელმწიფო ლოიალურია, ჰგონია, მასთანაც ასე იქნება, სჩადის დანაშაულს და მიდის ციხეში. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი გამოდის. ერთ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი კარგია, მეორე შემთხვევაში - ცუდი. კარგია იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ ცუდია, რადგან გამოდის, რომ შსს და პროკურატურა ცუდად მუშაობენ და ისინი სასამართლოში არასრულყოფილ საქმეებს უშვებენ. აქ დღის წესრიგში ინსტიტუციური საკითხები დგება. მაგალითად, დღესდღეობით უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია - არის ერთი პალატა, დარჩენილია ერთადერთი მოსამართლე და ყველა საქმე მას ეწერება. ეს განაპირობებს იმას, რომ გამოდის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განაჩენები. მათ არ ჰყოფნით ხალხი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.

- თუ არსებობს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი და რა განაპირობებს ამას? - დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში გვექნება მანამ, სანამ საზოგადოება არ დაინახავს სამართლიან სასამართლოსა და სამართლიან პროკურატურას.

დღეს შსს-ში გამომძიებლად მუშაობის უფლება აქვს არაიურისტ პირსაც და როდესაც გამოძიებას აწარმოებს პირი, რომელიც ვერ ერკვევა სამართალში, როგორ უნდა მოჰკითხო მას ნორმალური გამოძიება?

- გვაქვს უამრავი გაუხსნელი საქმეც... - გეთანხმებით, თუმცა გაუხსნელი უკეთესია, ვიდრე არასწორად გახსნილი, ვინაიდან გამოდის გამამართლებელი განაჩენი და მისი გადახედვის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. გაუხსნელ საქმეებს კიდევ ეშველება - მოვა სხვა ხელისუფლება, რომელიც კომპეტენტურად მიუდგება საკითხს და გამოიტანს გადაწყვეტილებას.

მე უფრო ის მაინტერესებს, რატომ გახდა საჭირო ხანდაზმულობის ვადის ხუთი წლით გახანგრძლივება პირველი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით? რატომ არ დადგა იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვადა გადააცდინეს და რატომ გახდა საჭირო, პარლამენტს სასწრაფოდ მიეღო ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება?

ხომ უნდა აგოს ვიღაცამ პასუხი იმ ქმედებაზე, რომლითაც დაზარალდა ესა თუ ის ინსტიტუციური წყობა? რატომ უნდა იფიქროს ვინმემ ხელისუფლებაზე, შსს-ზე ან პროკურატურაზე, რომ ის უდიერად ეპყრობა მოქალაქის ინტერესების დაცვას? მაინცდამაინც სტრასბურგმა და ჰააგამ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება? მაშინ ჩვენ რაღად გვინდა ხელისუფლება ან სასამართლო, თუ ვიღაცის რეკომენდაციებსა თუ გადაწყვეტილებებს ველოდებით?

- გამოსავალი რა არის? - სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ასეთი: პური მეპურემ უნდა გამოაცხოს! დღეს გამომძიებლად მუშაობენ ისეთი პირები, რომელთაც, იურისტობას ვინ ჩივის, უმაღლესი განათლებაც არა აქვთ.

სასამართლო პროცესებზე სს საქმეებზე გამოდიან ახალდანიშნული სტაჟიორი პროკურორები, უნივერსიტეტის მერხიდან წამომდგარი ბავშვები, რომლებიც გამოცდილ ადვოკატებს ეპაექრებიან, უცნაურ კითხვებს სვამენ, იბნევიან და მერე მოსამართლეს უწევს გამოსწორება...