"სად გაგონილა, ვინმეს ემუქრებოდე და თან სთხოვდე შეწყალებაზე შუამდგომლობას" - კვირის პალიტრა

"სად გაგონილა, ვინმეს ემუქრებოდე და თან სთხოვდე შეწყალებაზე შუამდგომლობას"

"თუ საპატრიარქო დააყენებს შეწყალების შუამდგომლობას ამ ვითარებაში, ვითომ რაღაცის არგასაჯაროების ფასად, დაიწყება მომდევნო დისკრედიტაციული კამპანია, თითქოს საპატრიარქო ფარულ გარიგებაშია მდუმარების საფასურად"

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება-არშეწყალების გამო განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

- მეუფე ანტონის განცხადებით, საპატრიარქო მზად არის გადადგას ნაბიჯები დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის. იქნებ დავაზუსტოთ, რა იგულისხმება ნაბიჯებში?

- საპატრიარქო თავიდანვე არ იქნებოდა ამის წინააღმდეგი, რომ არა გიორგი მამალაძის ქომაგთა დესტრუქციული პოზიცია, რომელთაც ვიღაცამ ურჩია საპატრიარქო ამ საქმეში მხარედ წარმოეჩინათ და მასთან შანტაჟისა და მუქარის კილოთი ესაუბრათ. ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას აინტერესებს, ეს საქმე ამოუხსნელ ამოცანად დარჩეს რაც შეიძლება დიდხანს. სხვანაირად გაუგებარია, სად გაგონილა, ვინმეს ემუქრებოდე, აშანტაჟებდე და თან სთხოვდე შეწყალებაზე შუამდგომლობას.

- რა იქნება მთავარი მოტივი, თუ საპატრიარქო გამოვიდა შეწყალების ინიციატივით? - თუ საპატრიარქო დააყენებს შეწყალების შუამდგომლობას ამ ვითარებაში, ვითომ რაღაცის არგასაჯაროების ფასად, დაიწყება მომდევნო დისკრედიტაციული კამპანია, თითქოს საპატრიარქო ფარულ გარიგებაშია მდუმარების საფასურად.

თავის განცხადებაში საპატრიარქომ თქვა, რომ ნათელი უნდა მოეფინოს ყველა საკითხს, მოსახლეობას აღარ უნდა დარჩეს კითხვები, გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტი, მათ შორის გამოძიების მასალებიც, და როდესაც მასთან მუქარის კილოთი ლაპარაკი შეწყდება, ამის მერე იქნება შესაძლებელი საუბარი შეწყალების შუამდგომლობაზე.

- აისახება თუ არა საპატრიარქოს პოზიციაზე ის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავს კვლავ უდანაშაულოდ ცნობს? - საპატრიარქო ბრალეულობის სამართლებრივ შეფასებას არ დაიწყებს და არც მოსთხოვს დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამის აღიარებას. მით უმეტეს, ვერ იმსჯელებს იმაზე, რომ გამოძიების მასალები მას არ გადასცეს.

განცხადებაში ნახსენები "დანაშაულის თავისი წილი", რომლის აღიარებასაც ელის საპატრიარქო, გულისხმობს იმ დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური კამპანიის წამოწყებას, რის გამოც საპატრიარქოსა და ადამიანების რეპუტაციას დაუმსახურებლად და დაუსაბუთებლად მიადგა ჩრდილი. ამის გამო მას ნამდვილად მართებს სინანული და აღიარება თავისი სულიერი დანაშაულისა.

- როგორ შეაფასებთ საპატრიარქოს წინ მიმდინარე აქციას? - გარკვეულწილად, ეს ოჯახი გარემოებების მძევლად იქცა. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე ასეთი აქციის მომხრე არ არის და იოლი წარმოსადგენია, რომ მის გარშემო წარმართული პროცესები მასთან ყოველთვის არც არის შეთანხმებული. ასეთი ფორმით ზიარების მოთხოვნა სრულიად უცხოა ეკლესიისთვის. კარავზე ზიარების მოთხოვნა დღესაც აწერია, თუმცა ორ კვირაზე მეტია გასული, რაც დეკანოზი აზიარეს და ერთ თვეზე მეტია, რაც საპატრიარქომ განაცხადა, რომ ზიარებაზე შეზღუდვა მოხსნილია. კარვის დადგმა ცუდმა მრჩევლებმა ურჩიეს და დღესაც რჩება იმის გამოხატულებად, თუ რაოდენ დიდია სპეკულაციები ამ საკითხზე.

- სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ ამ აქციის უკან გარკვეული ძალები დგანან. ვის გულისხმობენ? - საპატრიარქოს წინ გამართულ აქციაზე ვიხილეთ ეს ძალები, თუმცა, რა თქმა უნდა, არასრულად. მათი ნაწილი ეკლესიის სადისკრედიტაციო ნებისმიერ კამპანიაში მოტივაციის გარეშე ადრეც მონაწილეობდა.

- მედია ხშირად წერს იმ წერილზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა და მას სკანდალურს უწოდებენ. თქვენთვის თუ არის ცნობილი ამ წერილის შინაარსი? - წერილი არ წამიკითხავს, თუმცა ვიცი შინაარსი. მასში სასკანდალო არაფერი წერია. რადგანაც ასეთი სახე შესძინეს ამ წერილს, აჯობებს თავად ავტორმა გაასაჯაროოს. მე რამდენადაც წარმომიდგენია, უნებართვოდ პრივატულად მიწერილი წერილის გასაჯაროება არავის შეშვენის. იქ არის პატიმარი ადამიანის მუქარანარევი ტონი. როგორც ტელევიზიითაც გახმაურდა, არანაირი საგულისხმო მინიშნება იქ არ არის. მას აბსურდულიც უწოდეს და მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის გამო დაწერილიც. ერთი სიტყვით, ვისაც ეკუთვნის გასაჯაროება, ვგონებ, არ აპირებს.