"როცა მოსამართლე ამბობს, მე ვარ ავტორიტეტი სასამართლოშიო, ადასტურებს, რომ კლანის მეთაურია"
"როცა მოსამართლე ამბობს, მე ვარ ავტორიტეტი სასამართლოშიო, ადასტურებს, რომ კლანის მეთაურია"
ფოტო:გიგი სისვაძე
გიგი სისვაძე იყო პირველი ადვოკატი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ლევან მურუსიძეს უნდობლობა გამოუცხადა, სწორედ 31-ე მუხლი მოიშველია და მას საქმეზე თვითაცილება მოსთხოვა.

რამდენიმე დღეა ადვოკატმა გიგი სისვაძემ და მისმა თანამოაზრე კოლეგებმა აქტიური კამპანია დაიწყეს სასამართლო ხელისუფლების იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთა უვადოდ დანიშვნას საზოგადოება აპროტესტებს. კამპანია სახელწოდებით "აიცილე მურუსიძე" დაიწყო! როგორც განმარტავენ, მურუსიძე პირობითი­ სახელია და ლაპარაკია ოდიოზურ მოსამა­რთლეებზე, რომლებსაც საზოგადოება არ ენდობა და კლანის წევრებად მოიაზრებენ. ადვოკატები ხელმძღვანელობენ სამოქალაქო­ საპროცესო კოდექსის
31-ე მუხლით, რომელშიც განმარტებულია, რა შემთხვევაში­ არ შეიძლება მოსამართლემ განიხილოს საქმე. კერძოდ, ლაპარაკია ერთ-ერთ პუნქტზე,­ რომელშიც ვკითხულობთ: "მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილ­ეობა მიიღოს განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს­ მის
მიუკერძოებლობაში". ამ განმარტების ბოლო ნაწილს ეყრდნობა ადვოკატი გიგი სისვაძე, როცა მოსამართლის აცილების სამართლებრივ საფუძველზე მსჯელობს. გიგი სისვაძე იყო პირველი ადვოკატი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ლევან მურუსიძეს უნდობლობა გამოუცხადა, სწორედ 31-ე მუხლი მოიშველია და მას საქმეზე თვითაცილება მოსთხოვა.

"ეს კლანი არ უნდა დაინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულების ბედი უკუნ სიბნელეში ჩაიძირება"


- ლევან მურუსიძე ჩემთვის ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის სახეა, რომელიც აბრკოლებს დემოკრატიული მართლმსაჯულების განვითარებას. მე მის პროფესი­ონალიზმზე დისკუსიას არ დავიწყებ, მისი სამოსამართლეო ღირსება მეეჭვება.­ როცა სხდომაზე შევდივარ, არ უნდა ვეჭვობდე,­ რომ ვიღაც ავტორიტეტთან ან მის დაქვ­ემდ­ებარებულთან ვარ პროცესზე. ჩემი მიზანია ფეხი შევდგა ისეთ სასამართლო სხდ­ო­მის დარბაზში, სადაც მისხალი ეჭვი არ მექნება მოსამართლის მიუკერძოებლობაზე,­ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. ეს აქცია ადვოკატებმა იმიტომ დავიწყეთ, რომ მოვიდა დრო, ქვეყანა სამართლებრივად განვითარდეს და სასამართლო ერთ­ხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან. იურისტებს გვაქვს ის ინსტრუმენტი, რომლითაც შეგვიძ­ლია დავუპირისპირდეთ იმ მოსამართლე­ებს, რომლებსაც არ ვენდობით. არსებობს­ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ამ მოსამართლეებმა არასწორი განაჩენები გამოიტანეს. არ შეიძლება ამ ხალხს­ ვანდოთ სასამართლო ხელისუფლება.

პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლების შტო და უმაღლ­ესი თანამდებობის პირები­ საჯაროდ აცხადებენ, მართალია, ეს მოსამართლეები წინა ხელისუფლების დროს არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაგრამ ახლა გამო­სწორდნენო. შეიძლება ლევან მურუსიძემ ისეთი რამ უთხრა ირაკლი კობახიძეს, რომ მას ეჭვები გაუქარწყლა, მაგრამ საზოგადოებას ხომ არ გაჰქარწყლებია? როცა მოსამართლე ამბობს, მე ვარ ავტორიტეტი სასამართლოშიო, ამით ადასტურებს, რომ კლანის მეთაურია. ესე იგი, სასამართლოში არის ავტორიტარიზმი და ლევან მურუსიძე კლანის სათავეშია. ამას ის არც მალავს. მარტო ლევან მურუსიძეზე არ არის ლაპარაკი, სხვა მოსამართლეებსაც ვგულისხმობ: გვრიტიშვილს, ჩინჩალაძეს, მეთოფიშვილსა და სხვებს, რომლებიც საჯაროდ ამხილეს კლანურ მმართველობაში. დღეს ამ კლანის საცეცები სისტემაში მძლავრად არის გადგმული.

ჩვენ შევძლებთ, ხვალინდელი მართლმსაჯულება საქართველოში სწორი მიმართუ­ლებით წავიდეს და ფეხზე დავდგეთ. პროცესი დაწყებულია და ის შეუქცევადია. ამ ბრძოლაში ადვოკატებმაც უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა.

- თქვენ დააყენეთ სასამართლოზე მოსამართლე ლევან მურუსიძის აცილების საკითხი. მან დაგიკმაყოფილათ შუამდგომლობა?
- პროცესი, რომელშიც ვმონაწილეობ როგორც ადვოკატი, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ლევან მურუსიძემ ორი წლის განმავლობაში ვერ გამონახა დრო იმისთვის, რომ განეხილა ეს საქმე და რამდენიმეჯერ გადადო პროცესი. ამიტომ მინდოდა პირადად მისთვის მომეხსენებინა ჩემი აზრი და დამეყენებინა მისი აცილების საკითხი. შანსი ხელიდან არ გავუშვი და სასამართლო პროცესზე ვუთხარი, რომ მის სამოსამართლეო ღირსებაში ეჭვი მეპარება. გარდა ამისა, უნდობლობას აღძრავს მისი ნათქვამიც, მე ვარ სასამართლო სისტემაში ავტორიტეტიო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე არა გვაქვს თავისუფალ და სამართლიან სასამართლოსთან. ამ და სხვა ფაქტორების გამო 31-ე მუხლის მოშველიებით მოვითხოვე საქმისგან მისი აცილება. ამაზე მისი პასუხი ასეთი იყო: ჩემ შესახებ წარმოდგენა საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით შეგექმნათ. ჩემთან პირადად ურთიერთობა და საქმე რომ გქონოდათ, ეს წარმოდგენა არ შეგექმნებოდათ, ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ თვითაცილებასო და უარი თქვა ჩემი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. არადა, სამოსამართლეო ქცევის წესები ერთმნიშვნელოვნად ამბობს, თუ მხარეს ეჭვი ეპარება მოსამართლის მიუკერძოებლობაში, აუცილებელია მისი საქმისგან აცილება. ლევან მურუსიძემ ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ეჭვი უფრო გააღრმავა და დაადასტურა კიდეც. ფაქტობრივად, მისი მოქმედება საერთაშორისო კანონმდებლობას გასცდა. აშკარაა, ეს კლანი, ვგულისხმობ იმ ათ მოსამართლეს, რომლებიც გამალებით ცდილობენ უმაღლეს საბჭოში შეღწევას და უვადო მოსამართლის მანდატის მიღებას, არ უნდა დაინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულების ბედი უკუნ სიბნელეში ჩაიძირება.

- ადვოკატების პროტესტი უკვე შეაფასეს­ ამ მოსამართლეებმა. ამბობენ, რომ ადვოკატებს დაგაჯარიმებენ ასეთი შუამდგომლობების გამო.
- მე საზღვრები არ გადამილახავს, პირიქით, სასამართლო სი­ს­ტემის კლანურმა მმართველობამ გადალახა. მერწმუნეთ, მათ თავიანთი განმარტებები ძალიან ძვირად დაუჯდებათ. მეთოფ­იშვილსა და გვრიტიშვილს ჰგონიათ, ამით ადვოკატებს შეგვაშინებენ. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. რატომ უნდა დაგვაჯარიმოს, იმიტომ,­ რომ ჩვენი აზრი გამოვხატეთ? ჩვენმა კამპანიამ მათი ლუსტრაცია მოახდინა. თუ უმწიკვლო ხარ, რატომ ხედავ საფრთხეს ამაში?

- თქვენს აქციას ბევრი ადვოკატი შეუერთდება?
- ჯერ არ შემხვედრია ადვოკატი, რომელმაც მხარი არ დაგვიჭირა. თუ შევძელით და გავერთიანდით ადვოკატთა კორპუსი, ასევე მეცნიერები, იურისტები და მათ შორის სტუდენტებიც, მომავალი იურისტებიც, მიზანს მივაღწევთ.
"როგორც ჩანს, ჰგონიათ, ამით დისკომფორტს შეუქმნიან ლევანს. ეს ხომ მიამიტობაა?!"

ადვოკატების პროტესტს გამოეხმა­ურნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

"ეს იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილია, რომელიც წარმოებს ლევან მურუსიძის­ მიმართ. ადვოკატები განაგრძობენ თავდასხმას სასამართლო ხელისუფლებაზე. როგორც ჩანს, ანა დოლიძესა და მავანთ ჰგონიათ, ამით დისკომფორტს შეუქმნიან ლევანს. ეს ხომ მიამიტობაა?! ჩვენ უკვე იმდენნაირ ზეწოლას გავუძელით პოლიტიკოსებისგან, არას­ამთავრობოებისა და ადვოკატებისგანაც, ამასაც ღირსეულად გავუ­მკლავდებით ისე, რომ ადვოკატების პროვოკაციის გამო ერთი მისხალით არ დაზარალდება მხარეთა უფლებები! მგონია,­ რომ სახეზეა აცილების პროცესუალური ინსტიტუტის ბოროტად, გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბა­მისად გამოყენება..."­ - ასე გამოეხმაურა ადვოკატების აქციას დიმიტრი გვრიტიშვილი.

გვრიტიშვილმა "ინტერპრესნი­უსთან" საუბარში აღნიშნა: "არ გამოვრიცხავ, რომ მივმართოთ ადვოკატთა ასოცია­ციის ეთიკის კომისიას, რომ იმსჯელოს, ხომ არ არღვევენ­ ისინი პროფესიული ეთიკის ნორმებს, რადგან კოდექსში უწერიათ, რომ უნდა დაიცვან კოლეგიალობა... არ გამოვრიცხავ, რომ ეთიკის კომისიამ მართლაც დაადგინოს ეთიკური გადაცდომის ნიშნები და ამ ადვოკატებმა­ პასუხი აგონ...

ეს არის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების უპატივცემულობა და პროვოკაცია. რატომ ვამბობ, რომ ეს პროვოკაციაა?! აცილების ინსტიტუტი საპროცესო სამართალში უკავშირდება კონკრეტულ საქმეს - ანუ როდესაც კონკრეტულ საქმეზე მოსამართლე გამოამჟღავნებს მიკერძოებას, ან თუ მას რომელიმე მხარესთან აქვს ნათესაური, მეგობრული ურთიერთობა, მაშინ აშკარაა კონფლიქტი. ამ შემთხვევაში კი სავსებით ნათელია, რომ ინტერესთა­ კონფლიქტი არ არსებობს".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამარ­თლე სერგო მეთოფიშვილის აზრითაც ადვოკატთა ქმედებას სასამართლომ უნდა უპასუხოს შესაბამისი ღონისძიებები­თ, მათ შორის დაჯარიმებითაც.

P.S. ადვოკატი გიგი სისვაძე მზად არის არგუმენტებით წარდგეს კომისიის წინაშე და დაასაბუთოს თავისი შუამდგომლობა. ადვოკატი სალომე აბესლამიძეც გამოეხმაურა გვრიტიშვილის განცხადებას. "თურმე ჩვენს საკითხს ეთიკის კომისიას გადასცემენ­ განხილვისთვის, ხოლო მეთოფიშვილმა ბრძანა, რომ 500 ლარით უნდა დავჯარიმდეთ. ჩვენ არ გვეშინია, ზღვარი გადალახულია, ჩვენი მოძრაობა დაწყებულია. მზად ვართ დაჯარიმებისთვის, 500 ლარის გადახდისთვისაც", - განაცხადა სალომე აბესლამიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები