მირზა სუბელიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

მირზა სუბელიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.

აღსანიშნავია, რომ, სუბელიანი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივლისს დატოვებს, რადგან მას 9 თვე უკვე მოხდილი აქვს.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა. ადვოკატებმა ასევე მათ დასკვნით სიტყვაში ისაუბრეს იმაზეც, რომ სუბელიანი 9 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა და რომ მას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"