"ესპანელი მრეცხავის" ქართული ბედისწერა - კვირის პალიტრა

"ესპანელი მრეცხავის" ქართული ბედისწერა

შავი სასახლის ინტრიგები

5-7 სექტემბერს სამართალდამცავებმა ესპანეთში მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამჯერად მათი სამიზნე რუსულ-ქართული მაფიის უკანონოდ შეძენილი ქონება გახდა. სამართალდამცავებმა ქვეყნის დიდ ქალაქებში დალუქეს რამდენიმე სასტუმრო, დასასვენებელი კომპლექსი და მდიდარი ვილა, რომელთა საერთო ღირებულება 24 მლნ ევროს შეადგენდა. პოლიციას ხელში რამდენიმე კგ ნაქურდალი ოქროს ნივთებიც ჩაუვარდა.

როგორც ესპანეთის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, ჩამორთმეული ქონება 2010 წლის 15 მარტს სპეცოპერაცია "იავას" დროს დაკავებული კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის მაფიოზურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა (სინამდვილეში კი ქართული მაფიის ქონება ესპანეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორს რუსეთშიც, ზახარ (შაქრო) კალაშოვის იმპერიის ნაწილია).

სამართალდამცავები არ მალავდნენ, რომ ამის შესახებ მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ერთმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ. გავრცელებული ვერსიით, ეს თავად ზახარ კალაშოვი უნდა ყოფილიყო. ამ ეჭვის საფუძველს იძლევა  შემდეგი ფაქტი: კალაშოვზე დაკისრებული ჯარიმა - 20 მლნ ევრო თითქმის დალუქული ქონების ღირებულების ტოლია.

ქურდულ სამყაროში მოჩვენებითი სიმშვიდე 10 სექტემბერს დაირღვა, იმ საღამოს კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი, მეტსახელად "დედ ჰასანი" ქილერის მსხვერპლი გახდა (ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში  ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს). ორგანიზებული დანაშაულის ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ "დედ ჰასანზე" თავდასხმას, რომელსაც იაპონჩიკის სიკვდილის შემდეგ ქურდული სამყაროს გვირგვინოსნად მოიხსენიებდნენ, მხოლოდ მისი წონის ავტორიტეტი თუ გაბედავდა.

ასეთი კი მოსკოვის იზოლატორში გამოკეტილი ტარიელ ონიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელსაც უსოიანის კლანთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამოცხადებული. ქურდული სამყარო მოუთმენლად ელოდა "ყრილობას", რომლის დაანონსება რუსულ პრესაში წინასწარ მოხდა(?!). მოულოდნელად, "სხოდკაზე", გამოჯანმრთელებულმა "დედ ჰასანმა" თავდასხმის შემკვეთად ახალგაზრდა აზერბაიჯანელი კანონიერი ქურდი რავშან ჯანიევი-ლენკორანსკი”დაასახელა. მიზეზი - კვლავ ზახარ კალაშოვის  ქონებისთვის ბრძოლაა.

სანამ შაქრო კალაშოვი მადრიდის ციხიდან ადევნებს თვალს, თუ როგორ ჯიჯგნიან ერთმანეთს მისი იმპერიის ხელში ჩასაგდებად კრიმინალური ავტორიტეტები, ესპანეთის მთავრობამ დააკმაყოფილა ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნა, კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. საქართველოში მას 15-წლიანი ციხე ემუქრება. სავარაუდოდ, კალაშოვი ყველაფერს გააკეთებს ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად. საჩივარზე უკვე მუშაობს ცნობილ ადვოკატთა ჯგუფი ალექსანდრ გოფშტეინის ხელმძღვანელობით.

ზახარ კალაშოვის აღზევება კრიმინალურ სამყაროში 90-იანი წლებში დაიწყო - სამჯერ ნასამართლებს, უკვე  ჰქონდა "კანონიერი ქურდის" სახელი. იმხანად მოსკოვის კრიმინალური სამყაროს ელიტაში ქურთული წარმოშობის კანონიერი ქურდების პოზიციები მყარი იყო, ისინი ძველი ქურდული ტრადიციების მიმდევრებად ითვლებოდნენ.

კალაშოვი მოსკოვში სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდა. 90-იანი წლების შუა ხანებში კალაშოვი ევროპით დაინტერესდა. როდესაც ევროპის საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსული მაფია (ამ ტერმინში ქართულსაც მოიაზრებდნენ) მზად იყო, ევროპაში ტრილიონის ინვესტიცია ჩაედო, გაოგნებული დარჩა, თუმცა გვიან იყო. კალაშოვის  კრიმინალურ იმპერიას ფესვები უკვე ევროპის 30 ქვეყანაში ჰქონდა გადგმული. მაგრამ "გვირგვინოსანს" საფრთხე საქართველოდან ელოდა.

90-იანი წლების შუა ხანებში კალაშოვის ინტერესები კრიმინალური სამყაროს  ერთ-ერთ გავლენიან ავტორიტეტთან ტარიელ ონიანთან გადაიკვეთა. მიზეზი - თბილისის აეროპორტზე კონტროლი იყო. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქართული ქურდული სამყაროს ერთიანობის რღვევა ონიან-კალაშოვის კონფლიქტმა განაპირობა. კრიმინალური სამყარო კალაშოვისა და ონიანის მომხრეებად გაიყო.

შაქრო კალაშოვი გასული საუკუნის ბოლოს რამდენჯერმე გახდა ქილერის სამიზნე. ამის გამო კნიაზევიჩის გვარით ესპანეთში ემიგრირება გადაწყვიტა. საცხოვრებლად ანდალუსიის სამხრეთი კურორტი კოსტა-დელა-როსი აირჩია და ახალ ბიზნესგეგმებზე დაიწყო ფიქრი.

ონიანის მომხრეები კი დროს უქმად არ კარგავდნენ. ფიქრობდნენ, თუ კალაშოვის ბანაკში მყოფი ქართველი "ახალგაზრდა ქურდების" დისკრედიტაციას მოახდენდნენ, ეს კალაშოვის პოზიცებს შეასუსტებდა. ამ მიზნით 2002 წლის 25 იანვარს თბილისში, ორთაჭალის მეხუთე იზოლატორში ციხის ბუნტის ინსცენირება მოაწყვეს. საგულისხმოა, რომ მანამდე იზოლატორის #49 (ქურდების) საკნის ბინადარნი ადმინისტრაციის ბრძანებით სხვადასხვა კოლონიაში გადაიყვანეს(!).

იზოლატორში შესულ სპეცდანიშნულების რაზმს იქ მხოლოდ დათო ქურასბედიანი, იგივე "წრიპა" დახვდა - სპეცრაზმელებმა "ქურდული საერთოს" ("ობშჩიაკი") ამოღება მოახერხეს. კანონიერი ქურდისგან სიას ითხოვდნენ, ქურდული კოდექსით კი, სიის გაცემა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც არ უნდა მოხდეს. "წრიპა"  ისე სცემეს, რომ დაინვალიდდა. მოგვიანებით, ონიანის მომხრეებმა მისთვის პრეტენზიების წაყენება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამან სასჯელაღსრულების ადგილებში კალაშოვის პოზიცია უფრო გააძლიერა.

2002 წლის მარტში მოსკოვში სათამაშო ბიზნესის გრანდიოზული კომპლექსის აშენება გადაწყდა. პროექტი კრიმინალური სამყაროსა და ცნობილ რუს ბიზნესმენებს ერთობლივად უნდა განეხორციელებინათ. შავი სამყაროს მხრიდან პროექტის კურატორად შაქრო კალაშოვი დაინიშნა. პროექტი არ განხორციელდა, თუმცა აშენდა რამდენიმე კაზინო, რომლებსაც ორივე მხარისთვის ასტრონომიული მოგება მოჰქონდა. ფულის დიდი ნაწილი ესპანეთში, კალაშოვის ხაზინაში მიედინებოდა.

2003 წელს ესპანეთში ქართველი ქურდების თავყრილობა შედგა.  შეხვედრას ასლან უსოიანი და ჯემალ ხაჩიძეც (სოლნცევოს ლიდერი) ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შავი სამყაროს ფულის გასათეთრებლად ესპანეთში "ფინანსური”სამრეცხაოები" შეიქმნებოდა,  რომლითაც ესპანეთში უძრავ ქონებას შეიძენდნენ, ამ საქმის მაკონტროლებლად თავად იდეის ავტორი შაქრო კალაშოვი აირჩიეს...

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ კანონიერ ქურდებს ბრძოლა გამოუცხადა. დასაწყისში, ქურდულმა სამყარომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი ხანმოკლე პიარაქციად ჩათვალა, თუმცა როცა მიხვდა, ხელისუფლება არ ხუმრობდა, გვიანი იყო. ქართველი კანონიერი ქურდების დიდი ნაწილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. შაქრო კალაშოვს იმედი "ახალგაზრდებმაც" გაუცრუეს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ციხიდან ყოველდღე აბანოში მოსიარულე "წრიპა". ქურდული კოდექსით - ციხიდან გასული ავტორიტეტის ციხეში მობრუნება დაუშვებელია, შესაბამისად, ქურასბედიანს გოგირდის აბანოში სიარული "სახელის" ჩამორთმევად დაუჯდა. იგივე ბედი ეწია ზვიად პაპიაშვილს,  ქსნის კოლონიაში პირადი კომფორტი, კვადროციკლი, ჯაკუზი და სხვ., პრეტენზიების საბაბი გახდა. ონიანის მომხრეებმა მისი ტიტულის გარეშე დატოვება მოახერხეს, რამაც ტარიელ ონიანის პოზიცია უფრო მოამძლავრა.

2005 წლის 18 ივნისს ესპანეთში სამართალდამცავებმა რუსული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია "კრაზანა" ჩაატარეს, დააკავეს ათეულობით ადამიანი, თუმცა ტარიელ ონიანი ხელიდან დაუსხლტათ. თავს კალაშოვმაც უშველა, თუმცა 2006 წლის 7 მაისს დუბაიში, ქურდული თავყრილობის შემდეგ დააკავეს და ესპანეთში ჩაიყვანეს.

ასლან უსოიანის მხარდაჭერით, კალაშოვის ქონების კონტროლი მანამდე ჩრდილში მდგომმა რუსთაველმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა ჩაიბარა, რამაც ონიანი გააღიზიანა და  კალაშოვის მილიარდებისთვის ბრძოლა დაიწყო. თავად  შაქრო ყველამ დაივიწყა, მალე ონიანი ადამიანის გატაცების ბრალდებით "ბუტირკაში" გამოკეტეს, კალაშოვმა, ალექსანდრ გოფშტეინის წყალობით,  სულ რაღაც 300.000 ევროს საფასურად, შეძლო დროებით ციხიდან თავის დაღწევა.

თუმცა 2010 წლის 1-ელ ივნისს ესპანეთის სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 20 მლნ ევროს გადახდა მიუსაჯა, საქართველოში ექსტრადიციის მომლოდინე შაქრომ უკვე იცის, რომ მისი ქონებისთვის ბრძოლა შავი სასახლის კორიდორებში არ შენელდება.