"უცნობმა მომწერა, - გაგა დაიღუპაო, არ დავუჯერე... ვერ მოვისვენე და მის ძმასთან დავრეკე. მან მითხრა, ეს საშინელება" - კვირის პალიტრა

"უცნობმა მომწერა, - გაგა დაიღუპაო, არ დავუჯერე... ვერ მოვისვენე და მის ძმასთან დავრეკე. მან მითხრა, ეს საშინელება"

"არ ვიცი, როგორ და რატომ მოხდა, რომ საჭესთან ერთ-ერთი ნასვამი ბიჭი დაჯდა"

3 მარტს, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისი-წავკისის გზაზე, სადაც ავტოკატასტროფას 18 წლის გიორგი თათარაშვილი, 20 წლის გაგა ლაშქარაშვილი და 23 წლის გიორგი იაშაღაშვილი ემსხვერპლნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტოტრანსპორტის ექსპლოატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპულთაგან გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი მუსიკალურ ჯგუფ "ლაზათის" წევრები იყვნენ. ანსამბლი დროდადრო ქუჩაშიც უკრავდა, პოპულარობას კი ბოლო ხანს ჩაწერილი სიმღერებით მიაღწიეს. გარდაცვლილების მეგობარი, 22 წლის ლადო გურგენიძე მომხდარ ტრაგედიაზე გვესაუბრება:

- მე გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი მუსიკამ დაგვაახლოვა. ბიჭები დასარტყმელ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და თან პროფესიონალურად, ქუჩაშიც ხშირად ვუკრავდით. ერთმანეთი 8 წლის წინ გავიცანით და მას შემდეგ ერთად ვართ. გიორგი და გაგა ტაბახმელაში ცხოვრობდნენ, მაგრამ თბილისში მაშინვე ჩამოდიოდნენ, როგორც კი რაიმეს დავგეგმავდით. ბოლოს ყველამ მუშაობა დავიწყეთ, ზოგი სად ვმუშაობდით, ზოგი - სად, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით.

კონცერტები დარბაზებშიც გვქონდა, მაგრამ ქუჩაშიც ხშირად ვუკრავდით. ქუჩაში იმიტომ ვუკრავდით რომ, გვინდოდა, ფული შეგვეგროვებინა და ანსამბლისთვის ინსტრუმენტები გვეყიდა. ერთ დღეს მეტრო მარჯანიშვილთან ვუკრავდით, როცა "ემიგრანტების იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე მოვიდა. რომ ნახა როგორ ვმღეროდით, გვითხრა, - ბიჭებო, უნდა დაგეხმაროთ და მუსიკა ჩაგაწერინოთო. წაგვიყვანა სტუდიაში და ჩაგვაწერინა "გემი გაცურდა თეთრი აფრებით".

სიმღერამ პოპულარობა მოგვიტანა. პირადადაც ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა. იმ დღესაც ვიღაც უცნობმა მომწერა, - გაგა დაიღუპაო, არ დავუჯერე, ზოგჯერ უცნაურ რაღაცებსაც გვწერენ-ხოლმე. თუმცა, მაინც ვერ მოვისვენე და გაგასთან დავრეკე. არ პასუხობდა, მერე მის ძმასთან დავრეკე. მან მითხრა, ეს საშინელება.

წინა დღეს გიორგი იაშაღაშვილმა ჩამიარა სამსახურთან მანქანით, ფანჯრიდან შემთხვევით დავინახე და დავურეკე, - შემოდი, უნდა გნახაო-მეთქი, ალბათ გულმა მიგრძნო, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. მითხრა, მოგვიანებით გნახავო...

გიორგის მანქანით რომ ყოფილიყვნენ, ის რომ მჯდარიყო საჭესთან, ეს უბედურება არ მოხდებოდა, დანარჩენებიც დღეს ცოცხლები იქნებოდნენ. გიორგი საერთოდ სხვანაირი ბიჭი იყო, - ძალიან სერიოზული და ფიქრიანი. სამაგიეროდ, გაგა ხუმრობდა სულ. ის მოწყენილს არაფრით დაგტოვებდა, იმდენს გააკეთებდა, მაინც გაგამხიარულებდა. ბიჭები ტაბახმელაში ყველას უყვარდა, - როგორ შეიძლება ასეთი კარგები არ ჰყვარებოდათ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ...

- სამივენი ერთ სოფელში, ტაბახმელაში იზრდებოდნენ, გიორგი თათარაშვილი მათზე უმცროსი იყო, მაგრამ მაინც სულ ერთად იყვნენ. იმ დღეს სოფელში ახლობლის დაბადების დღეზეც ერთად ყოფილან და იქედან შინ ბრუნდებოდნენ. არ ვიცი, როგორ და რატომ მოხდა, რომ საჭესთან ერთ-ერთი ნასვამი ბიჭი დაჯდა. ნეტავი გიორგი იაშაღაშვილი მჯდარიყო საჭესთან, მაშინ ეს უბედურებაც არ მოხდებოდა...

- როგორც ვიცი, დაოჯახებული არც ერთი არ ყოფილა.

- არა, არ ყოფილან... ბიჭებს უამრავი გეგმა ჰქონდათ, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე ცუდად დასრულდა... არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ საზარელ ამბავს, რომ ჩემი მეგობრები ამ ქვეყნად აღარ არიან.