გიორგი ქადაგიძე დაკითხვიდან გამოვიდა - რა განაცხადა ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტმა გამოკითხვის შემდეგ? - კვირის პალიტრა

გიორგი ქადაგიძე დაკითხვიდან გამოვიდა - რა განაცხადა ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტმა გამოკითხვის შემდეგ?

ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ის მზად არის ნებისმიერ კითხვას, ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს.

"ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში“, - აღნიშნა ქადაგიძემ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ფაქტი რა ხანდაზმულობის და ვადისაა, სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული მისი მმართველობის პერიოდში.

მისივე განცხადებით, არც ერთი კითხვა არ იყო დასმული უშუალოდ იმ ტრანზაქციაზე, რასაც პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს ედავება.

ქადაგიძის თქმით, ყველაზე უფრო ადრეული პერიოდი კითხვების შინაარსიდან გამომდინარე იყო 2008 წლის 2 სექტემბერი. მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო წესით მზად არის ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის "თიბისი ბანკის" საქმეზე.

ამის შესახებ ქადაგიძემ საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რა ტრანზაქციაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ.

ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. სასამართლო წესით მე ცხადია მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის. ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

"2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებსა და 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს.

"კითხვები ეხებოდა 2 საკითხს. პირველი - ეს იყო რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს მე თუ არა, ეს აქტი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი სხვა საუბარი ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, გასაგები მიზეზების გამო.

2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ პერიოდში ძალიან მაღალი პროფესიული გუნდის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელმაც ფინანსური კრიზისის, ომის და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოს მიუხედავად, შეძლო შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა იმდაგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ დაკარგულა მეანაბრეეების თანხიდან, ეს არის საზედამხედველო სამსახურის მთავარი ამოცანა. მადლობა მინდა ვუთხრა ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის თითოეულ თანამშრომელს, ვისი ძალიან დიდი შრომის შედეგად მოხერხდა ის, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა გადაურჩა ყველანაირ პრობლემას,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისი თქმით, 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი ამ ტრანზაქციასთან უშუალო კავშირში არ არის. მისი თქმით, დღევანდელი ჩვენების პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს.

"ძირითადი კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ძირითად ფუნქციებს და კონკრეტული შემოწმების აქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან რთულ პერიოდს ემთხვევა. 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი ამ ტრანზაქციასთან უშუალო კავშირში არ არის. ეს არის აქტივების ხარისხის შეფასება და ვერანაირ პირდაპირ კავშირში ამ ტრანზაქციასთან ვერ იქნებოდა,"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"