"გოგონა მანქანით იყო, როცა თავდამსხმელებმა მანქანიანად გაიტაცეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების საქმეზე? - კვირის პალიტრა

"გოგონა მანქანით იყო, როცა თავდამსხმელებმა მანქანიანად გაიტაცეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების საქმეზე?

არსებული ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელები ტერიტორიიდან გატაცებული ავტომობილით მიიმალნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, თავდამსხმელებმა "სუბარუ" მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთა ერთად, ბანკზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს.

"ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ", - უყვება "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა "ინტერპრესნიუსის" მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც საკუთარ მანქანიანად გაიტაცეს, მოგვიანებით კი, ბანკის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ადგილზე ჩამოაგდეს, ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო