"ბოლოს საღამოს ვნახე, შემდეგ..." - რას ამბობს "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა? - კვირის პალიტრა

"ბოლოს საღამოს ვნახე, შემდეგ..." - რას ამბობს "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა?

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქის, 30 წლის მამაკაცის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, მისი ვაჟი წუხელ შინ არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, შვილი ბოლოს საღამოს ნახა, შემდეგ ის დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

როგორც გატაცებულის დედა აცხადებს, დღეს, 10:50 საათზე, სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სხვა დამატებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. ისინი დაკითხვის დასრულებას გლდანში მდებარე პოლიციის შენობასთან ელოდებიან.

რაც შეეხება მეორე გატაცებულს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალიც დაიკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებმა "სუბარუს" მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

"ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ", - უყვება "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა "ინტერპრესნიუსის" მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"