"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ორივე ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ორივე ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა

გლდანის N2 პოლიციის განყოფილებაში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ორივე ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა.

პოლიციის შენობა ჯერ მირანდა გერაძემ დატოვა, მოგვიანებით კი - 30 წლის ზურაბ ბერიკაშვილმაც. ორივემ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ პოლიციას და მოახდინეს თუ არა გამტაცებლების იდენტიფიცირება.

ცნობილია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ათეულობით მოწმე.

შსს-ს პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმა დღეს მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა "სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

"ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება "ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"