"დის გადასარჩენად თავს არ ვზოგავდი და თავადაც ჭაობში ჩავიძირე"
"დის გადასარჩენად თავს არ ვზოგავდი და თავადაც ჭაობში ჩავიძირე"
"თავს მოვიკლავდი, მაგრამ დედა მეცო­დება", - ეს მესიჯი სამსახურში დისგან მიიღო. მერე ერთიმეორის მიყოლებით მოსული ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა და იმ დღეს პირველად გაიგო, რომ მის უმცროს დას ათასობით დოლარი ვალი ჰქონდა... უარესი კი წინ ელოდა, ის თამაშდამოკიდებული იყო. ბევრი იბრძოლა, რომ გადაერჩინა - ფსიქოლოგთან იარეს, სახლშიც ჩაიკეტნენ, ინტერნეტიც გამორთეს და ტელეფონიც გადააგდეს. არ გაჭრა... შემდეგი ნაბიჯი არტთერაპია იყო: სცადეს ხატვა, მინანქარზე მუშაობა, დღიურების წერა, ლაშქრობებში სიარული, წავიდნენ მონასტერშიც, თუმცა ყველა
მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... ერთ დღესაც კი უფროსმა დამ თავა­დაც ითამაშა...

პირველი შოკის შემდეგ...

34 წლის რუსა იხსენებს:

- ჩემი დის მესიჯები რომ წავიკითხე, მეგონა, გავგიჟ­დებოდი. დავურეკე. არ პასუხობდა. გიჟივით ვაჭერდი ღილაკს, ალბათ, 100-ჯერ მაინც დავურეკე. მერე მივწერე, აუცილებლად მიპასუხე-მეთქი. გავიდა ერთი საათი, მაგრამ არ მიპასუხა.
შემდეგ მის დაქალებს ჩამოვურეკე. ყველა შეშფოთებული იყო, არც ჩვენ გვპასუხობსო. სანამ ტაქსით მის სახლამდე მივედი, კიდევ უამრავი მესიჯი მივწერე, გემუდარები, ოღონდ თავს არაფერი დაუშავო და ვალების გასტუმრებაში დაგეხმარები-მეთქი...

რამდენიმე წლის წინ მამამ მოიკლა თავი. მაშინ მოზარდები ვიყავით და ძალ­იან­ მძიმედ გადავიტანეთ - თითქოს მომხდა­რში თავს ვიდანაშაულებდით. მას შემდეგ წლები გავიდა...

დედა ამერიკაში ცხოვრობს­ და იქიდან გვეხმარება. ბოლო დროს თითქოს ყველაფერი დალაგდა. მე ორი შვილი მყავს, მაგრამ ქმარს გავშორდი და მეგობარ მამაკაცთან ცხოვრების აწყობაზე ვფიქრობდი, ჩემი დის მესიჯების შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დგებოდა...

ნათიამ კარი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გაგვიღო. სახლში რომ შევედი, გავოგნდი - არც მაცივარი, არც ტელევიზორი, აღარც ავეჯი... ყველაფერი გაუყიდია. ფარდებჩამოფარებულ ოთახში იატაკზე დაგებულ მატრასზე მოკუნტული იწვა. მირეკავენ, ფულს მთხოვენო, შემომტირა. შეშლილი სახე ჰქონდა. სანამ მე სამსახურსა და პირად ცხოვრებაში წარმატებით ვტკბებოდი, დას ყურადღება მოვაკელი და ამასობაში ჭაობში ძალიან ღრმად ჩაძირულა.­ არადა, შეყვარებული ჰყავდა და გათხოვებას აპირებდა.

პირველი შოკის შემდეგ ვთხოვე, დამშვიდდი და ვალები დავიანგარიშოთ-მეთქი. იქ საუბარს აზრი არ ჰქონდა და ჩემთან წამოვიყვანე.
პრობლემის მოგვარებაზე დავიწყეთ ფიქრი. არ მინდოდა მის შეყვარებულს გაეგო, რომ თამაშობდა, დაშორდებოდა და ეს კი უფრო მეტად შეტოპავდა...

თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი გვქონდა პატარა სახლით. შევპირდი, დედას არ ვეტყვი, მერე ფულს მოვაგროვებ და უკეთესს ვიყიდი-მეთქი. მეც დაგეხმარებიო, მითხრა. იმედი მომეცა, რომ გადარჩენა უნდ­ოდა...

700 კვადრატული მეტრი მიწა ჩალის ფასად გავყიდეთ და ნათიას ვალი დავფარე. პატარა ბავშვივით ვაკონტროლებდი. ჩემი შვილები ჩავაბარე, მას მიჰყავდა და მოჰყავდა. ვფიქრობდი, მათ მოვლაზე გადაერთვება-მეთქი.

გზა უკან...


გავიდა რამდენიმე თვე, თითქოს გამოვძვერით. ერთ დღეს კი ჩემი უფროსი გოგონა ტირილით შემოვარდა ოთახში, ჩემი ნათლობის ოქროს ჯაჭვი და ჯვარი გაქრაო. მივვარდი კარადას, უჯრა ცარიელი იყო. ცარიელი დამხვდა ჩემი სამკაულების თაროც. მამაჩემის ნაქონი ოქროს ნივთებიც გამქრალიყო. თავზარი დამეცა. მე არ ამიღიაო, იფიცებოდა ნათია. მერე ჩემმა გოგონამ მიახალა, სანამ მე ცეკვაზე ვარ, შენ სადღაც ქრები და საათობით გელოდებიო... მეგონა, ყველაფერი გადავლახეთ, ის კი თურმე თამაშს აგრძელებდა.

საღამოს დედას დავურეკე და ყველაფ­ერი ვუთხარი. მითხრა, სულ ფულს მთხოვდა და ეჭვი მქონდა, მეგონა, შეყვარებული ჰყავდა მოთამაშეო...
თვე-ნახევარში დედა ჩამოვიდა, მაგრამ ამასობაში ნათია ხუთჯერ დაიკარგა. თვითმკვლელობით მანიპუ­ლირებდა და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. ხან ერთი კაზინოდან გამომყავდა, ხან მეორიდან. შეყვარებული დაშორდა.

დედის ჩამოსვლის შემდეგ, შვილები მთლიანად მას მივანდე და მე დის გადარჩენის უმძიმესი მისია ვიკისრე. კარგი ფსიქოლოგი შევურჩიე და სულ თან დავყვებოდი. მისი რჩევით ვცადეთ არტთერაპია, მაგრამ... მერე ვიღაც შვილიშვილებიანი კაცი იპოვა, რომელსაც ფულს სცინცლავდა და კაზინოში გარბოდა... ხან მისი ცოლი გვირეკავდა და გვლანძღავდა, ხან შვილები. ერთი სიტყვით, ძალიან მალე ის კაცი გააკოტრა.

მონასტერშიც წავედით, მთაში, იქ სულ რამდენიმე მონაზონი ცხოვრობს. მე ათი დღის მერე დავბრუნდი, ნათია კი დარჩა, აქ კარგად ვარო. თავისი მობილურიც გამომატანა, რომელიმე მონაზვნის ტელეფონით დაგიკავშირდებითო. ოდნავ დაიმედებული წამოვედი. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როგორ ნაადრევად დაბერებულა დედაჩემი, გაწამებული და შეშლილი სახე ჰქონდა... მთხოვა, მონასტრიდან ჩამოსული მამაშენის საფლავზე წაიყვანე და დააფიცე, რომ აღარასდროს ითამაშებსო. ასეც მოვიქეცი...

პირველი ნაბიჯები ჯოჯოხეთში


სიმშვიდემ მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა. ერთ დღესაც ემიგრაციაში მყოფმა ნათესავმა იტალიიდან დაგვირეკა, ნათიას ჩემი შვილისთვის სასწავლებლის ფული გამოურთმევია და ბავშვს პრობლემები შეექმნაო.

სამსახურის შემდეგ დავურეკე, არ მიჩხუბია, მითხარი, სად ხარ-მეთქი. კაზინოში იყო. არაერთხელ ვყოფილვარ კაზინოში, მაგრამ იმ დღეს უკვე იმდენად გადაღლილი ვიყავი ნერვიულობისგან, მის მეგობრებთან ერთად, რომლებიც ერთი შეხედვით ჩემს დასავით ნორმალური ადამიანები ჩანდნენ, ცოტა დავლიე. ყველანი რულეტსა და ჩემთვის გაუგებარ თემებზე ლაპარაკობდნენ, პირამიდის პრინციპით მოგება ყველაზე ნაღდიაო...
25 ლარი მქონდა და ეს ფული გინდ მქონია, გინდ არა-მეთქი და ვითამაშე... 700 ლარა­მდე მოვიგე და მივხვდი, როგორ მითრევდა აზარტი... ჯერ შავზე ვდებდი, მერე წითელზე - ასე დამარიგა ვიღაც ბიჭმა, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობდა.

ასე დაიწყო... რამდე­ნჯერმე სამსახურიდანაც ონლაინ ვითამაშე. მოვიგე კიდეც. ნათია ახლა აქეთ მასწავლიდა ჭკუას, ხომ არ გაგიჟდი, მე გინდა დამემსგავსოო?.. ერთი სიტყვით, დის გადასარჩენად თავს არ ვზოგავდი და თავად გავები კაზინოს ხაფანგში.
ახლა მეც კვირაში ორჯერ მაინც აუცილებლად მივდივარ კაზინოში.

არ დაიჯ­ეროთ, რომ იქ მხოლოდ მამაკაცები დადიან, უამრავი სხვადასხვა ასაკის ქალია. ვალ­ში ჩამხრჩვალები ათასგვარ სიბინძურეზე მიდიან. მაგალითად, ერთი სოციალურ ქსელში ცდილობს ყურადღება მიიქციოს და მამაკაცების დასაინტერესებლად ათასგვარ ხრიკს მიმართავს, იწყებს ფლირტს და იჩენს ფულიან "მეგობრებს", სათადარიგო "მეგობარი-მსხვერპლებიც" ჰყავს...

ბევრია ისეთი, ვისაც თამაშის გამო ოჯახი დაენგრა, მაგრამ თამაშს მაინც აგრძელებს. კონტინგენტი იცვლება, მაგრამ არ მცირდება, პირიქით, მრავალფეროვნდება.

ერთი 70 წლამდე ქალია, რესტორნის მეპატრონე. თავდაჯერებულია და ეს თამაშის მანერაზეც ეტყობა. აქ ხომ ნერვები წყვეტს ბევრ რამეს... ხშირად აგებს, მაგრამ მაინც ღირსეულად იქცევა. შვილი ჰყავს გამოუსწორებელი ნარკომანი, მეორე შვილი კი გარდაცვლილი. პირად ცხოვრებაზე არასდროს ლაპარაკობს, მაგრამ მაინც ყველამ ყველაფერი იცის.

აქ ყველა ჩემსავით ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება­ თამაშდამოკიდებული. ყველას ჰგონია, რომ იღბლიანია და აუცილებლად გაუმართლებს, მოიგებს, ვალს გაისტუმრებს და მოგების მოლოდინში კვლავ ბრუნდება იმ ჯოჯოხეთში.

უამრავ მათგანს ფსიქიკური პრობლემებიც აქვს - სჯერათ ნიშნების, იღბლიანი ტანსაცმლის, სამკაულის, ამა თუ იმ ნივთისა და შემთხვევის... ამ ყველაფერს ვუსმენ, ვუყურებ და ვხვდები, რომ აცდენილი ვართ რეალობას, სადღაც სხვაგან ვართ, ღრმა ჭაობში, მაგრამ მაინც მივდივარ იქ.

თავიდან ვითომ ვამბობდი, ჩემი იქ ყოფნით დას ვიცავ, რომ ზღვარს არ გადავიდეს-მეთქი, მაგრამ თავს ვიტყუებდი. ერთი ეგ არის, ჯერ ვალი არ ამიღია სათამაშოდ. ჯერჯერობით ვაცნობიერებ, რომ შვილები მყავს­ და დედასაც პატრონობა სჭირდება. ნათიაც მეხვეწება, მე უკვე აღარაფერი მეშველება და შენ მაინც შეეშვიო. მოთამაშეები ჩვენზე ხუმრობენ და "აზარტსისტერს" გვეძახიან. ხანდახან ძალიან მრცხვენია, მაგრამ მაინც, სახლში, მას შემდეგ, რაც ბავშვები დაიძინებენ, ონლაინკაზინოში­ ვთამაშობ.

ამ ზაფხულს სამი თვით წავედით თურქეთში, ვიმუშავეთ და დავისვენეთ კიდეც... ნათიამ ინგლისური კარგად იცის და ამბობს, რომ ერაყში იწვევენ მასწავლებლად. იქ გაცნობილმა კაცმა შესთავაზა, კერძო სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად იმუშავეო. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა მგონია და ვურჩიე, წავიდეს.

ციყვი
27 ნოემბერი 2019 10:58
"უბრალოდ ყველა მოთამაშემ იცოდეთ მილიონი რომ მოიგოთ ცხოვრებაში მაინც წაგებული იქნებით."
ფრაზა არასწორია: მილიონი რომ მოიგო ჯერ ორი მილიონი უნდა წააგო და მილიონის მოგების მერე თამაშს თუ გააგრძელებ მაგ მილიონსაც დაკარგავ.
26 ნოემბერი 2019 13:12
ვისაც თამაში გიყვართ ქეგეისვათ უნდა ჯიბეზე ხელი
თინა
26 ნოემბერი 2019 01:49
აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს, სრული სიმკაცრით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?