"ეს მშენებლობა ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რომელთა დაცვასაც მოსახლეობას ვპირდებოდით" - კვირის პალიტრა

"ეს მშენებლობა ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რომელთა დაცვასაც მოსახლეობას ვპირდებოდით"

საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა საკუთარ პარკინგში შესვლასაც კი ვერ შეძლებს

ქაოსური მშენებლობების გამო თბილისში შექმნილი ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ მერიაში მშენებლობის ნებართვა ადვილად არ გაიცემა. "ქართული ოცნება" ხშირად იშვერს ხელს წინა ხელისუფლებისკენ, თუმცა, არაერთი მაგალითია იმისა, რომ დღევანდელი ჩინოსნებიც ძველ კვალს გაჰყვნენ... დღეს სწორედ ერთ ასეთ შემთხვევაზე ვისაუბრებთ, რომელსაც თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ მოაწერა ხელი. კარგად იცოდა მოსახლეობის განწყობა და ისიც, რომ მშენებელსა და მოსახლეობას შორის დავა სასამართლომდე იყო მისული, მაგრამ ერთხელ შეჩერებულ ნებართვას თანამდებობიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც მოაწერა ხელი ისე, რომ შედეგზე არ დაფიქრებულა.

ცინცაძის ქუჩაზე, სადაც ახლა სკვერი უნდა იყოს, დიდი თხრილია და იქ 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვაა გაცემული.

რამდენიმე წლის წინ ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) #56-სა და #58-ში მობინადრეებმა მშენებელი კომპანია "ახალი სტილისგან" აუშენებელ კორპუსებში ბინები შეიძინეს. პროექტის თანახმად, მრავალბინიან კომპლექსს 2 500 კვადრატულ მეტრზე გადაშლილი, გამწვანებული ეზო უნდა ჰქონოდა. კომპლექსი დასრულდა, თუმცა მშენებელმა პრობლემების გამო მიატოვა მშენებლობა და დაუსრულებელი დარჩა სადარბაზოები, ლიფტები და ეზო. გავიდა ხანი და მოსახლეობამ გაიგო, რომ ტერიტორია, სადაც მათ გამწვანებული ეზო უნდა ჰქონოდათ, გაიყიდა და ახალ მეპატრონეს იქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სურდა. ჯერ თბილისის მერიაში შეიტანეს საჩივარი და ნებართვის გაუქმება ითხოვეს, მაგრამ იქ რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნებართვა შეაჩერა, თუმცა ახლა მოპასუხე მხარემ იჩივლა და უკვე მეოთხე წელია, ხალხი სამართლებრივი გზით ცდილობს თავისი უფლებების დაცვას.

"იქ, სადაც სკვერი უნდა გაშენებულიყო, 25-სართულიანი ნაგებობის აშენების ნებართვა გასცეს"

უჩა ზაქაშვილი, ცინცაძის ქუჩის მცხოვრებთა ადვოკატი: - განაშენიანების გენერალური გეგმის თანახმად, რომელიც მთავარი არქიტექტურული დოკუმენტია და რომელსაც წინ უძღოდა არაერთი კვლევა, განისაზღვრა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიის განაშენიანება. გენგეგმაში აღინიშნა, რომ ეს იქნებოდა 14-სართულიანი, მრავალბლოკიანი კორპუსი, რომელსაც წინ დიდი სარეკრეაციო ზონა ექნებოდა, 2016 წელს კი სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენებულიყო, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2 500 კვმ-ზე (ეზოს ფართობი) 76 მეტრი სიმაღლის 25-სართულიანი ნაგებობის აშენების ნებართვა გასცა. ოთხი წელია, სასამართლო დავა მიდის. ე.წ. ინვესტორი "აიკონია კაპიტალი" ისე წარმოაჩენს, თითქოს დავაა სამშენებლო კომპანიასა და ერთ-ორ მოსახლეს შორის და სხვები არ დაობენ. ეს ტყუილი სასამართლოზეც გამოჩნდა, როცა მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა საქმეში მხარედ ჩართვა. სამწუხაროდ, დაინტერესებული პირები მოსამართლემ მხარედ არ ჩართო. ამან დარბაზში მყოფთა აღშფოთება გამოიწვია.

- უარის მოტივად რა დაასახელა? - სასამართლოს არ გადმოუცია დასაბუთებული განჩინება, თუ რატომ თქვა უარი დაზარალებული მოსახლეობის საქმეში ჩართვაზე. მოსამართლემ მოისმინა ჩვენი შუამდგომლობა, მაგრამ არ დააკმაყოფილა. მოტივად მოიშველია, არ მაქვს შესაძლებლობა, დავადგინო, ეს ადამიანები მართლა ცხოვრობენ თუ არა იმ მისამართზეო...

2016 წლის გაზაფხულიდან ვდაობთ. უამრავი დარღვევაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მშენებლობის გადაწყვეტილება, რომელიც 2011 წელს გაიცა და ხუთწლიანი ვადა ჰქონდა, 2016 წელს უკვე ვადაგასულად ითვლებოდა, არქიტექტურის სამსახურმა კი 11 თვის ვადაგასული დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა. ეს არის თვალსაჩინო დარღვევა და მიუთითებს იმდროინდელი მერიის განწყობაზე - ვადაგასული დოკუმენტების საფუძველზეც კი ცდილობდნენ უკანონო ნებართვების გაცემას. 2016 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც სასამართლოში ვიჩივლეთ, ეს ნებართვა ნარმანიამ გააუქმა იმ მოტივით, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე თვეში, ახალი ნებართვა ისევ ნარმანიამ გასცა. მაშინდელ მერსა და "აიკონია კაპიტალის" ხელმძღვანელს შორის რომ გარიგება შედგა, ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებაში დაბეჭდილი კომპანიის ხელმძღვანელის ინტერვიუც ადასტურებს. "აიკონია კაპიტალის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მივიდა ნარმანიასთან და უთხრა, დათანხმებოდნენ ამ ნებართვის გაუქმებას, შემდეგ შესწორებულ ვარიანტს შეიტანდნენ და ახალ ნებართვას მიიღებდნენ. ასეც მოხდა. იცოდნენ, წააგებდნენ პროცესს, ამიტომ ახალ ნებართვაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები გაითვალისწინეს. მერმა გააუქმა ძველი ნებართვა და ერთ თვეში ახალი გასცა. ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჩვენ დღეს ამ ნებართვის გაუქმებას ვითხოვთ.

დღეს ყველაზე ცინიკურია თბილისის მერიის პოზიცია - რა ზიანი გადგებათ, ვერ ასაბუთებთო, არადა, საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა საკუთარ პარკინგში შესვლას ვერ შეძლებს.

25-სართულიანი კორპუსი რომ აშენდება, წარმოიდგინეთ, როგორ გადაიტვირთება იქაურობა. ჩვენი ქონებით ვერ ვისარგებლებთ, მერია კი ამბობს, რომ ეს არგუმენტი არ არის. იმ კორპუსებთან "სასწრაფო" და სახანძრო მანქანებიც ვერ მივა და ეს, თურმე, ნორმალურია. ამას ემატება ზარალი, რომელიც მობინადრეებმა მიიღეს. ეზოს არარსებობის გამო მათი უძრავი ქონების ღირებულება, აუდიტორული დასკვნებით, 20%-ით უფასურდება. არის სხვა საშიშროებაც - 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობა ბინებში ბზარებს გაზრდის.

იმ კორპუსებში, რომლების მოსახლეობის უფლებებსაც მე ვიცავ, დაახლოებით 900 კაცი ცხოვრობს. ჩვენ სასამართლოში მივიტანეთ კვლევის შედეგები, რომელიც დაგეგმარების დროს, 2003 წელს არის გაცემული. იმ კვლევით ნათქვამია, რა მოხდება, თუ იქ მაღალსართულიანი კორპუსები აშენდება, მაგრამ არც ეს აინტერესებს არავის.

ცნობილია ამ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლის, ამერიკელი ინვესტორის პოზიცია - თუ ის საქართველოში შედეგს ვერ მიაღწევს, იჩივლებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში და დარწმუნებულია, რომ დავას მოიგებს.

"სამშენებლო ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მივიღეთ. ჩვენი საქმიანობა ლეგალური და გამჭვირვალეა. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში გვაქვს. პირთა მცირე ჯგუფი გვიპირისპირდება და სურთ, შეაფერხონ ჩვენი საქმიანობა. ამით ჩვენ მილიონობით ამერიკული დოლარის ინვესტიცია უკვე დავკარგეთ. კომპანია ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა," - ამბობენ კომპანიაში.

"იმედი მაქვს თბილისის მერიის, რომ აქ მშენებლობას არ დაუშვებს"

საბურთალოს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვატო შაქარაშვილს არ დაუმალავს, რომ დარღვევები აშკარაა და ის მოსახლეობის მხარეს დგას.

- დეპუტატად ჩემი არჩევიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ეს პროცესი. მას შემდეგ ვცდილობ, დავიცვა მოსახლეობის ინტერესები. ერთი, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა და მეორე - იქ ამ მასშტაბის მშენებლობა ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რომელთა დაცვასაც მოსახლეობას ვპირდებოდით. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიწის მფლობელებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, მუნიციპალიტეტი და საკუთარი ქვეყანა, ამოფარებული არიან ვითომდა ამერიკელ ინვესტორს, რომელთანაც ფიქციური კონტრაქტი აქვთ და მას საკუთარი მიზნისთვის იყენებენ... წამოიწყეს ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ, იქ მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ და საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟშიც უჩივლეს. მიუხედავად შეურაცხყოფისა და მუქარისა, მე მოსახლეობასთან ვდგავარ და მხოლოდ კანონიერი და ცივილიზებული გზით ვმოქმედებ. სასამართლო პროცესსაც დავესწარი, მოსახლეობის ინტერესების დამცველის განმარტებებსაც მოვუსმინე და დავრწმუნდი - არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ნებართვა დარღვევებით არის გაცემული. როგორიც უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს თბილისის მერიის, რომ აქ მშენებლობას არ დაუშვებს. ეს საკითხი კანონიერი გზით ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ არ დავაზარალოთ და უპირატესობა მივანიჭოთ მოსახლეობას, რომლის პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანია!

"ყველაფერი წესრიგში იყო და გაიცა ახალი ნებართვა"

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, მშენებლობის ნებართვა 2016 წელს გაიცა.

"მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ეს ბრძანება მერთან გაასაჩივრა, დაიწყო დოკუმენტების ხელახლა შესწავლა და მიიჩნიეს, რომ პროექტი არ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს. სწორედ ამ მოტივით მაშინდელი მერის ბრძანებით გაუქმდა მშენებლობის დადგენილება და არქიტექტურის სამსახურს დაევალა ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. კომპანიამ წარმოადგინა კორექტირებული ვარიანტი, სადაც გათვალისწინებული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. რადგან ყველაფერი წესრიგში იყო, \გაიცა ახალი ნებართვა. ჩვენ ვითხოვთ, ძალაში დარჩეს ჩვენი გამოცემული აქტი, მოსარჩელე კი ითხოვს გაუქმებას. რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს სასამართლო, იმას აღვასრულებთ".

"ახლა ფანჯრებთან 25-სართულიანი მონსტრი უნდა მოგვიდგან"

ნინო კალანდაძე: - ჯერ კორპუსის დამთავრებას არ დაადგა საშველი, მერე გამუდმებით ვაწყდებოდით პრობლემებს - ლიფტი, წყალი, გაზი ჩვენი სახსრებით შევიყვანეთ, ახლა კი ფანჯრებთან 25-სართულიანი მონსტრი უნდა მოგვიდგან. სახლს ემატება და ემატება ბზარები. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ამ მშენებლობით უფრო არ დაიბზარება? ამის შესახებ ექსპერტიზის ბიურის დასკვნაც იყო...

მერაბ კახიანი: - გვეკეტება ავტოფარეხებში ჩასასვლელი ერთადერთი გზა. გვაქვს შესაბამისი დასკვნაც, მაგრამ ვინმეს აინტერესებს?..

ნიკა ჩომახიძე: - ჩვენს სახლს მთლიანად დაფარავს ახალი კორპუსი და მზის სხივსა და სინათლეს ვეღარ დავინახავთ.

ირაკლი ქვაჭრელიშვილი: - ეს მიწა თაღლითური გზით მიითვისეს. სწორედ ამ ტერიტორიის გასხვისების გამოა, რომ ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი შეიძლება მერიამ ექსპლუატაციაში არ მიიღოს და სამუდამოდ მშენებარეს სტატუსი დაგვრჩეს.