ზაზა სარალიძე: "სუბელიანმა საზოგადოებას თავი შეაცოდა..." - კვირის პალიტრა

ზაზა სარალიძე: "სუბელიანმა საზოგადოებას თავი შეაცოდა..."

"როდესაც ახალ მთავარ პროკურორს შევხვდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ კაცმა ხორავას საქმეზე არაფერი იცის"

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მოსწავლეების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა. მირზა სუბელიანს 1 წლით და 1 თვით პატიმრობა შეუფარდეს. "სუბელიანი რამდენიმე თვეში გამოვა ციხიდან და ნახავს შვილებს. მე რამდენ წელში ვნახავ მისი შვილისა და მისი ნათესავებისგან მოკლულ შვილს?", - ამბობს ზაზა სარალიძე:

- პროკურატურა ცდილობს მიხეილ კალანდია სანდო მოწმედ გამოიყვანოს. სააპელაციო სასამართლოს დასრულებას ველოდები. იმ ბავშვებს რამდენ წელს მიუსჯიან, ეს დიდად არ მადარდებს, ჩემი მიზანია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს. კალანდია მკვლელობის თანამონაწილეობისთვის მაინც უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე. მას მკვლელობას, სავარაუდოდ, ვეღარ დაუმტკიცებენ, რადგან გააქრეს მოწმეებიც და მტკიცებულებებიც. ვითხოვ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, იქ კარგად არის აღწერილი თანამონაწილეობის საკითხი. ყველა მტკიცებულება ადასტურებს კალანდიას დანაშაულს, მინიმუმ, თანამონაწილეობას. თუ სააპელაციოს კოლეგიაც ისევე მიუდგება საქმეს, როგორც ქალბატონი ეკა არეშიძე, ივაჟკაცა და სისტემას დაუპირისპირდა, სწორი განაჩენი გამოიტანა, ხომ კარგი, თუ არადა, ჩავთვლი, რომ მოსამართლეები პროკურატურისა და მთავრობის ჭკუაზე დადიან.

- დღემდე ფიქრობთ, რომ სუბელიანსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და მისი სასჯელიც სიმბოლურია?

- ჩემს ფეისბუკკედელზე პოსტი დავდე, მისი საუბრიდან სპეციალურად ამოვჭერი მონაკვეთი. სუბელიანი ამბობს, ერთი წელი ჩავჯდები და ამით მორჩება ყველაფერიო. ეს იყო სწორედ გარიგება, რათა საზოგადოებაში მუხტი გამქრალიყო, ახლა კი ცდილობენ, სუბელიანი მამააბრამის ბატკნად გამოიყვანონ. გასაგებია, შეუტყობინებლობისთვის 1 წელი და 1 თვე რომ მიუსაჯეს, მაგრამ ბევრი საქმეა მის წინააღმდეგ, რაზეც, სხვათა შორის, იმ ჩანაწერებში თვითონვე ლაპარაკობს. ამ დანაშაულებზე საჩივრები და განაცხადები გვაქვს შეტანილი.

- რა დანაშაულებს გულისხმობთ? - თუნდაც მოწმეების მოსყიდვას. სუბელიანი აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ საეკლესიო ყუთში მამა შიო მენაბდეს (ერთ-ერთი მოწმის მამა) 10 ათასი დოლარი ჩაუგდეს, რათა მის შვილის ჩვენება შეეცვალა. ეს ფაქტი სასულიერო პირმაც დაადასტურა, მაგრამ თქვა, ფული უკან დავაბრუნეო...

- პროცესზე მირზა სუბელიანს უთქვამს, რომ შემძლებოდა, ამ ბავშვებისთვის ჩემს სიცოცხლესაც დავთმობდიო. - ამით საზოგადოებას თავი შეაცოდა. თუ კაცობა აქვს, აღიაროს, რაც დააშავა. მან და მისმა ოჯახმა წამართვა შვილი. მისი შვილები ჰაერს სუნთქავენ, ჩემი კი მიწაში ლპება. სანამ ცოცხალი ვარ, არც მას და არც მის მონაგარს არ მოვასვენებ.

პროკურორები მიხეილ კალანდიას სააპელაციოში ადვოკატებად დაუდგნენ... პროკურატურამ ერთ-ერთ არასრულწლოვან მოწმეს კალანდიაზე ჩვენება შეაცვლევინა. წინა გამოძიებაში ეს ბავშვი ამბობდა, კალანდიას ხელში დავინახე ორი ნივთი - დანა და ტარის მსგავსიო. პროკურატურამ დააზუსტებინა, ნამდვილად დაინახე ეს ნივთები მის ხელშიო? მოზარდს ჩვენება შეაცვლევინეს და ათქმევინეს, კი არ დავინახე, ეს ჩემი ვარაუდი იყოო, რითაც გააბათილეს თავდაპირველი ჩვენებები. პროკურატურა ცდილობს, კალანდია გამოიყვანოს სანდო მოწმედ, მაგრამ ამას ვერ ეღირსება! ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა ანაცვალა სუბელიანს, შაყულაშვილს, ფხაკაძეს, შოთაძეს, გუგუშვილსა და მათ, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ან ვაიძულებ, გახსნან საქმე, ან ამ საქმეს გადაჰყვებიან.

- თუ ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, რა ფორმით გააგრძელებთ ბრძოლას? - ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ ეს მეათეხარისხოვანია. ჩემი მოკლული შვილი მაძლევს იმის ძალას, რომ მისი სულისა და სახელისთვის არ დავნებდე. ყველა მემალება, იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. ის მოზარდებიც თავდახრილები მხვდებიან. როდესაც ახალ მთავარ პროკურორს შევხვდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ კაცმა ხორავას საქმეზე არაფერი იცის. პირდაპირ ვუთხარი, თქვენამდე სიმართლე არ მოდის-მეთქი. პასუხი ვერ გამცა. მხოლოდ ის მითხრა, მტკიცებულებების გარეშე ვერავის მივცემთ პასუხისგებაშიო. ის ხალხი რატომ არ გყავთ მიცემული პასუხისგებაში, ვისზეც გაქვთ მტკიცებულებები-მეთქი? და თადუმაძის პასუხი იყო, მოკვლევა დაწყებულიაო. ერთი წელი გავიდა და რით ვერ მოიკვლიეს?

ნანა ფიცხელაური