შესაძლებელია თუ არა სკანდალური წერილის ავტორის დადგენა - კვირის პალიტრა

შესაძლებელია თუ არა სკანდალური წერილის ავტორის დადგენა

"ამ ფურცლით იმის გაგებაც კი შეიძლება, რომელ სუნამოს ხმარობს ადამიანი, ვინც ამ ფურცელს შეეხო"

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე წლების განმავლობაში გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. მას უამრავი საქმე გამოუძიებია. იურისტს ვთხოვეთ შეეფასებინა, რამდენად სამართლიანი იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, როცა მამუკა ხაზარაძის განცხადების შესწავლაზე უარი თქვა.

"შეიძლება დადგინდეს, რომელი პრინტერიდან ამოიბეჭდა დოკუმენტი, მაგრამ მაშინ გახარიას პრინტერი უნდა ამოვიღოთ"

მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - გახარია რომ იცინის, ასე სასაცილოდ არ არის საქმე. როგორც ჩანს, ასეთი რამ მართლაც მოხდა. რაც შეეხება ხაზარაძეს, ქვეყანა შეყარო, რომ რაღაც მტკიცებულება არსებობს და ბოლოს მოიტანო ასეთი ნაგლეჯი, ძალიან არასერიოზულია. შუამავალი მაინც ხომ უნდა დაასახელოს?!

- ანუ ეს ხაზარაძემ მოიგონა? - ამ აზრისგან შორს ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ გახარია იყო არადამაჯერებელი.

- დედანი ლონდონის ექსპერტიზის ბიუროშია გაგზავნილი. რა შეიძლება დადგინდეს? - დნმ-ის კვალი რომც ამოვიდეს, საინტერესოა, რას უნდა შეადარონ? გაქვთ ილუზია, რომ გახარია ანალიზს ჩააბარებს?

- მაშ, ეს საქმე განწირულია? - მინისტრის საქციელიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ასეთი რაღაც მოხდა, მეტიც, დარწმუნებული ვარ, ვიღაცას გაატანა წერილი, მაგრამ ხაზარაძეს რომ ვუსმინე, მივხვდი, ეს სისხლის სამართლის საქმის დონეზე ვერასოდეს დადასტურდება. ხაზარაძეს გვარების დასახელებაც კი მხოლოდ საზოგადოების დასარწმუნებლად თუ გამოადგება, თორემ შედეგი არ მოჰყვება.

- ამბობენ, რომ შესაძლოა დადგინდეს, რომელ პრინტერზე დაიბეჭდა ეს წერილი... - ჩემი გამომძიებლობის დროს, 17 წლის წინ მოხდა ასეთი ამბავი: ამოვიღეთ მტკიცებულება, ხელში მეჭირა დოკუმენტი, ოპერატიულად დავადგინეთ, რომ ეს დოკუმენტი სახელმწიფო სტრუქტურაში იყო გაყალბებული; მინდოდა, იდენტიფიკაცია მომხდარიყო და დამედგინა, კონკრეტულად იმ პრინტერიდან ამოიბეჭდა თუ არა, მაგრამ ხელისუფლება ჩაერია - ზარი ზარზე იყო, ლამის შევარდნაძეც კი ჩაერთო და ის პრინტერი ვერ ამოვიღეთ. მაშინ მე იმ პრინტერის ამოსაღებად მოულოდნელად შევედი, არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც ჩაერია მთელი საქართველო და გამაჩერეს. მერე ის პრინტერი იქიდანაც გაქრა...

მაშინ ექსპერტს ვკითხე, პრინტერის ამოღების შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა კატეგორიული დასკვნის მიღება. მითხრა, რომ კატეგორიულ დასკვნას, ალბათ, ვერ დადებდა, თუმცა მისი დასკვნა შეიძლებოდა ხელჩასაჭიდი ყოფილიყო. მას მერე ტექნიკა და შესაძლებლობები განვითარდა. ახლა მეტი შანსია, დადგინდეს, რომელი პრინტერიდან ამოიბეჭდა ესა თუ ის დოკუმენტი, მაგრამ მაშინ გახარიას პრინტერი უნდა ამოვიღოთ.

"თუ როგორ აწყობს წინადადებებს, როგორ გადმოსცემს აზრს, შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა ეჭვმიტანილის დაწერილი"

მარიკა ტოკლიკიშვილი, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ალტერნატივას" დირექტორი, ექსპერტი:

- არის შანსი, რომ კომპიუტერზე დაბეჭდილი ტექსტის ექსპერტიზამ პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ არის წერილის ავტორი? - როცა ტექსტს არა აქვს ნიშანი, თუ ვისი დაწერილია, სპეციალისტები მეტყველების, სიტყვათა წყობის მიხედვით ადგენენ - ასეთ დროს ლინგვისტური ანალიზი კეთდება. შეიძლება აბსოლუტური იდენტურობა ვერ დადგინდეს, რადგან ასეთ ტექსტებს, ძირითადად, ერთნაირი წინადადებებით ადგენენ, მაგრამ მაინც შესაძლებელია დადგინდეს, ეკუთვნის თუ არა ეს წერილი კონკრეტულ ადამიანს.

მის მეტყველებას დააკვირდებიან, მის ჩანაწერს ნახავენ და იმის მიხედვით, თუ როგორ აწყობს წინადადებებს, როგორ გადმოსცემს აზრს, როგორ იყენებს სასვენ ნიშნებს, შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა ეს ეჭვმიტანილის დაწერილი.

- დედანზე, რომელიც ლონდონში გაიგზავნა, რა კვალი შეიძლება აღმოჩნდეს? - დედანზე დნმ-ის კვალი აუცილებლად იქნება.

ტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია იმის დადგენა, რომელ პრინტერზეა დაბეჭდილი, რადგან ყველა პრინტერს თავისი ნიშანი აქვს.

ადამიანი ტრანსპორტში შემთხვევითაც რომ შეგეხოთ, თქვენს ტანსაცმელზე მისი დნმ-ის კვალი იქნება, ასე რომ, დედნის კარგი გამოკვლევით ბევრი რამის დადგენა შეიძლება. ეტყობა, უნდობლობა იყო, თორემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც ისეთი კარგი აპარატურა აქვთ, დნმ-ს იოლად დაადგენდნენ. ამ ფურცლით იმის გაგებაც კი შეიძლება, რომელ სუნამოს ხმარობს ადამიანი, ვინც ამ ფურცელს შეეხო.

- თქვენ სიტყვათა წყობის მიხედვით ექსპერტიზა ახსენეთ. ეს, ალბათ, ქართველმა ექსპერტებმა უნდა გააკეთონ. ამისთვის ასლი არ გამოდგება? - ენათმეცნიერების ინსტიტუტში არიან სპეციალისტები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. ტექსტის კუთვნილების თვალსაზრისით არა აქვს მნიშვნელობა, მერამდენე ქსეროასლი იქნება, აქ შინაარსია მთავარი.

- ვთქვათ ამოვიდა დნმ. ვის ეკუთვნის, როგორ გაირკვევა? თუ გახარია ექსპერტიზაზე უარს იტყვის, ძალით შეიძლება ნიმუშის აღება? - მთავარია, დნმ ამოვიდეს. კანონმდებლობით, იძულების წესით ნიმუშის აღება არ შეიძლება მაშინ, თუ ეს ტკივილს იწვევს. დნმ-ის ანალიზი კი ტკივილს არ იწვევს.