ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა სპორტსმენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით მარნეულში 5 მარტს დააკავეს.

საქმე ეხება მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.