"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანა სცემა... ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სასამართლოში"- სამეფო დავის უცნობი დეტალები
"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანა სცემა... ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სასამართლოში"- სამეფო დავის უცნობი დეტალები
"უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით"

ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ირგვლივ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები ითხოვენ დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. საქმის განხილვა მოსამართლე მაია გიგაურის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს და საბოლოოდ სამი მოსამართლის შემადგენლობით შექმნილი კოლეგია გადაწყვეტს თუ ვის მიანიჭებს სამეფო კარისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტიტულს. როგორც შევიტყვეთ, სწორედ ტიტულისთვის ბრძოლას შეეწირა ბაგრატიონების გახმაურებული სამეფო ქორწინება.

შეგახსენებთ, ანა
ბაგრატიონ- გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ - მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შედეგადაც, პატრიარქის ინიციატივით, მოხდა ბაგრატიონების ორი შტოს გაერთიანება. სასულიერო პირები იმაზეც საუბრობდნენ, რომ ეკლესია საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღების მომხრე იყო და ამის აღდგენა მემკვიდრის დაბადებით შესაძლებელი იყო.

თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ
მოექცა სამეფო ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მალევე ალაპარაკდნენ, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა, ამბობდნენ ერთმანეთს დაშორდნენო, ეს ხმები მაშინ გარკვეულწილად მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც დაუკავშირეს, რადგან მან საჯაროდ ილაპარაკა დავითთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. საბოლოოს რამდენიმე კონფლიქტისა და შერიგების სედეგად წყვილი ერთმანეთს მაინც დაშორდა. ანა ბაგრატიონისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს და ორი წლის გაშორებული იყო მეუღლესთან, როცა სამეფო ქორწინება შედგა.

2018 წელს ჟურნალ "სითიში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ანა ბაგრატიონ - გრუზინსკისთან", რომელშიც ის ამ ქორწინებაზეც ლაპარაკობს.

ჟურნალისტის კითხვას - იყო თუ არა ეს ქორწინება შეცდომა? -  ანამ ასე უპასუხა:
"არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება. ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა - მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით".
ანა ბატონიშვილი შვილებთან ერთად, ჟურნალ "სითის" ფოტო
დღეს ნუგზარ ბაგრატიონ - გრუზინსკის ოჯახი აცხადებს, რომ სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეები არიან და ანა სწორედ ამ ხაზის გამგრძელებელია.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ის ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა და შემდეგ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ბაგრატიონთა ამ ორ შტოს შორის დავა მათ ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

დავა სამეფო ტიტულისთვის მას შემდეგ მიდიოდა, რაც ემიგრაციაში, კერძოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ესპანეთში მცხოვრებმა თავადიშვილებმა, გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელებმა ჩამოაყალიბეს სამეფო კარი და აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ სამეფო კარის მემკვიდრეები, ამ სტატუსით მოქმედებნენ და სწორედ ეს იყო დაპირისპირების მიზეზი.
ბაგრატიონ-გრუზინსკები ამ ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მუხრანელი ბაგრატიონები არასამეფო განშტოების წარმომადგენლები იყვნენ და სწორედ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია ჭეშმარიტი მემკვიდრე ამ ხაზის.

როგორც ჩანს, როცა პატრიარქთან ამ ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი, მხარეები ფიქრობდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ დავას წერტილი დაესმებოდა ამ ორი ოჯახის დაქორწინების შემდეგ აღმოიფხვრებოდა უთანხმოება.

იმასაც ამბობენ, წყვილის დაქორწინებამდე პატრიარქთან ამ საკითხზე არაერთხელ იყო მსჯელობა.
ნუგზარ ბაგრატიონ- გრუზინსკი დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ქორწილამდე წყვილს შორის საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა, სადაც მხარეთა სტატუსები იქნებოდა დაფიქსირებული და სადაო საკითხს წერტილი დაესმებოდა. მემკვიდრის დაბადების შემდეგ შვილი დედის სამეფო გვარს მიიღებდა და ის ჩაითვლებოდა სამეფო კარის მემკვიდრედ. გრუზინსკები თვლიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქორწინება არადინასტიურ ქორწინებად ჩაითვლებოდა და ბავშვი იქნებოდა თავადური შტოს და არა სამეფო შტოს გვარის გამგრძელებელი.

როგორც გვეუბნებიან, მაშინ წყვილის დაქორწინების დროს საქორწინო ხელშეკრულება ვერ შედგა, რადგან მოულოდნელად პატრიარქს სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა მოუხდა და ჩანიშნულ ქორწილს ვერ გადადებდნენ, სტუმრები უკვე მოწვეული ჰყავდათ. ქორწილში თურმე ნუგზარ ბაგრატიონმა განაცხადა, რომ დავითს, როგორც სამეფო ოჯახის სიძეს, თანამოსაყდრის "მეუღლე კონსორტის" სტატუსი ექნებოდა. როგორც ჩანს, ეს სიტყვები გახდა წყვილის პირველი დაპირისპირების მიზეზი, რადგან დავითი ამას არ ეთანხმება და ის კვლავაც სამეფო კარის მემკვიდრედ თვლის თავს.

მალევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ სამეფო ოჯახში უთანხმოება იყო, იმასაც ამბობდნენ, პატრიარქი ცდილობდა ამ ოჯახის შენარჩუნებას და ანას ქმართან შეგირებას სთხოვდაო. ფაქტია, წყვილი გარკვეული პერიოდი ესპანეთში წავიდა საცხოვრებლად და ერთად თანაცხოვრებას აგრძელებდნენ. 2011 წლის 27 სექტემბერს კი პატარა გიორგი ბაგრატიონ- ბაგრატიონი მადრიდში დაიბადა. 2 წლის ასაკში უფლისწული, 2013 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა და ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ოჯახი ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მათ რომ უთანხმოება ჰქონდათ, ამაზე დღეს ღიად საუბრობს ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელაშვილი. ორივე მხარე ადასტურებს, რომ წყვილი 2016 წლიდან ოფიციალურად განქორწინებულია, თუმცა კარგა ხნით ადრე შეწყდა რეალურად მათი ქორწინება. ორივე მხარე ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი სწორედ სამეფო ტიტულის გამო ატეხილი უთანხმოება იყო, თუმცა ორივე მხარეს ამ დავაზე თავისი ვერსია აქვს.

ანას ადვოკატი უფრო მეტს გვიმხელს და იმასაც ამბობს, რომ ამ სტატუსის გამო ანას ქმარი ფიზიკურადაც გაუსწორდა.

"დავით ბაგრატიონ- მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებასთან საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც სამეფო სახლის მეთაური, რისი უფლებაც მას არ აქვს, რადგან ის სამეფო სახლის ოჯახის წევრიც კი არ არის. ვითხოვთ სასამართლომ აუკრძალოს დავითს ამ სახელის გამოყენების უფლება. ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის ერეკლე მეორეს პირდაპირი ხაზის შთამომავალი. რეალურად ამ სტატუსს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი იყენებს, რაც არასწორია. 2017 წლის მარტში დავით მუხრანელი ბრიტანეთში იმყოფებოდა სამეფო კარზე. საქართველოს სამეფო სახლის სახელით დედოფალ ელიზაბეტ მეორესთვის ორდენი გადასცა, შემდგომ ამ ფაქტს ბრიტანულ მედიაში სკანდალი მოყვა. "დეილი მეილის" ჟურნალისტი დაუკავშირდა დავით ბაგრატიონ- მუხრანელს, თავი გააცნო ბიზნესმენად. უთხრა, დედოფალს რომ გადასცა იმის მსგავსი ორდენი მასაც სურდა შეეძინა, რაც დავითმა 3000 ფუნტი სტერლინგი დაუფასა და ამას მოყვა დიდი სკანდალი. დაიწერა, საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენებს ყიდიანო და პრესაში დავითს "კლოუნი პრინცი" უწოდეს. მოთხოვნაა, რომ აეკრძალოს დავითს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება და ორდენების გაცემა. რეალურად ცდილობს მიითვისოს ის ისტორია, რომლითაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია ცნობილი", - ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი და ირწმუნება, რომ ანაზე დავითმა ფიზიკურად იძალადა.

"მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო ის, რომ დავითი ბაგრატიონ მუხრანელი გამუდმებით ითხოვდა ანასგან მის ოჯახს წერილობითი ფორმით ეღიარებინა დავით მუხრანელის სამეფო ღირსება. რასაც, ბუნებრივია, ანა არ თანხმდებოდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანა სცემა, 3 დღის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა და სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სასამართლოში. ამის შემდეგ საბოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. 2014 წლიდან ისინი ერთად არ ცხოვრობენ".

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი უარყოფს, რომ მისმა დასაცავმა ანა სცემა, თუმცა ადასტურებს, რომ საქმეში სამხარაულის სამედიცინო დასკვნა არსებობას.

"რომ სცემა, ეს არის ტყუილი, დავითს მეუღლე არასოდეს უცემია. ისინი 2012 წლიდან ერთად აღარ არიან. ჯერ კიდევ ესპანეთში დაშორდნენ ერთმანეთს, როგორც ვიცი, ცემის ფაქტი 2014 წელს მოხდა, ეს ის პერიოდია, როცა მხარეები ერთად არ ცხოვრობდნენ, მათი ურთიერთობა დანგრეული იყო, აქედან გამომდინარე ცემის თემაც სიცრუეა", - ამბობს ადვოკატი ლევან ჩხეიძე და ამ სასამართლო დავას აბსურდულს უწოდებს.

ოჯახის დანგრევის მიზეზად ისიც ასახელებს ტიტულის გამო დავას, თუმცა პირიქით ამბობს, "დავით ბაგრატიონს მოსთხოვეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც ის უარს იტყოდა ყველა ტიტულზე და შესაბამისად, აღიარებდა მისი მეუღლის მხარის უპირატესობას. დავითმა უარი განაცხადა ამ ულტიმატუმის შესრულებაზე, სწორედ ამ დავას შეეწირა მათი ოჯახი. მათი მოთხოვნები აბსოლუტურად გაუგებარია. ვთვლი, რომ ამაზე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო სასამართლო დავა და წარმოებაშიც კი არ უნდა მიეღო სასამართლოს. დავით ბაგრატიონს გენეალოგიური დამადასტურებელი ყველა საბუთი სახეზე აქვს, მისი ნათესაური კავშირი არ არის სადავო, ჩვენი მარწმუნებელია მემკვიდრე ამ ხაზის, ყველანაირი დოკუმენტაცია მყარად გვაქვს. დავითისთვის არ იყო ცნობილი თავიდან რომ ანას მხარეს გენეალოგიური პრობლემები ჰქონდა. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, როცა ისტორიკოსმა მანანა ხომერიკმა გამოიკვლია ანა ბაგრატიონის გენეალოგია და დაასკვნა, რომ პეტრე გრუზინსკი, ნუგზარის მამა, არ იყო მეფეების შთამომავალი. ჩემი მხარისთვის რომ ყოფილიყო ეს ადრე ცნობილი, ეს ქორწინება საერთოდ არ შედგებოდა", - ამბობს ადვოკატი.

ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ამ ორ დაპირისპირებულ შტოს შორის არსებული კონფლიქტი. ვნახოთ, რას გადაწყვეტს კოლეგია.


რუსუდანი
28 მარტი 2019 14:20
ვინც ცოტა მაინც ჩახედულია საქართველოს იტორიაში, იცის, რომ მუხრანელი ბაგრატიონები არ ეკუთვნოდნენ სამეფო შტოს.
ნინა
15 მარტი 2019 05:46
დიდგვაროვნება და ცისფერი სისხლი ცოტა სასაცილოა, მაგრამ ასეთ არასასიამოვნო სკანდალებში არც პირველია და არც ბოლო. უფრო სკანდალური იყო პრინცესა მარგარიტას განქორწინება, ბატონო ნუგზარ რას ერჩოდით ამ ღმერთივით გოგოს??? ჰოლანდიის მეფეს ულამაზესი არგენტინელი მეუღლე ყავს და მან არავის მისცა უფლება მის პირად ცხოვრებაში ჩარევის. ევროპა მიხვდა რომ ერთმანეთში არ უნდა ეძებონ სიძეები და რძლები. წარმატებები ამ მართლა ულამაზეს გოგოს.
ნინო-ს!
15 მარტი 2019 01:34
ჯერ პატივი ვსცეთ გვარს. არ არის ლამაზი ამ ფაქტის გაპიარება, თუ ვინ ვის სცემა. ეს გამპიარებლის დეგრადაციაზე მეტყველებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
დღის კითხვადი სტატიები